ბლიც ინტერვიუ გვანცა ზაქარეიშვილთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
სანამ ამ სფეროს შევუერთდებოდი, მანამდე მომღერალი და ტელეჟურნალისტი ვიყავი. ერთხელ ერთ-ერთი ფესტივალის პიარ მენეჯერობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. მაშინ მეგონა, რომ ჩემი ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებით არც თუ ისე რთული გამოწვევა იქნებოდა. პროექტზე მუშაობისას მივხვდი, რომ ეს პროფესია საფუძვლიანად უნდა შემესწავლა, ჩავაბარე „ჯიპა“-ში და მივიღე საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. დღეს ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ და უკვე სამი პროფესია მაქვს.
- თქვენი PR სლოგანი….
თუ ყველა ცოცხალია, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ეს არ არის მარტივი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულ დროს იწყება და მთავრდება. მუდმივად ფიქრობ კიდევ რა სარგებელი შეგიძლია მოუტანო შენს ორგანიზაციას და სულ ყურადღებით ხარ რამე ისეთი არ გამოგერჩეს, რამაც შესაძლოა კომპანიაან მომხმარებელი დააზარალოს.
-კომუნიკაცია არის...
ორმხრივი პროცესი, როდესაც უსმენ და გისმენენ.
-პიარი გრძნობს...
რა სურთ დაინტერესებულ მხარეებს - სამიზნე აუდიტორიას, დამსაქმებელს და პარტნიორებს.
-პიარმა იცის...
როგორ აქციოს ნაკლი უპირატესობად.
-პიარმა არ იცის...
“მოდი ამას ხვალისთვის გადავდებ“ - რადგან ის, რასაც დღეს ეფექტის მოხდენა შეუძლია, ხვალ შეიძლება სრულიად გამოუსადეგარი იყოს.
-პიარს შეუძლია ...
მესიჯი ისე მიაწოდოს აუდიტორიას, რომ იგი გასაგები და მისაღები იყოს.
-პიარს არ შეუძლია...
ტელეფონის გამორთვა. :)
-პიარს უკვირს...
როდესაც კარგად ვერ ერკვევიან მის მოვალეობებში და ეს პროფესია მხოლოდ წითელი ხალიჩა, კამერების წინ პოზირება და ხმაურიანი ღონისძებების მოწყობა ჰგონიათ.
-self PR-ის საჭიროება...
თუკი საკუთარი თავის ჩვენება არ შეგიძლია, ყველა პროფესიაში წაგებული დარჩები.
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
ჩვეულებრივ, ვინც უნდა გააფუჭოს საქმე, საბოლოოდ ყველაფერი მაინც პიარის მოსაგვარებელია. ასე რომ, პიარ სპეციალისტებს კრიზისის მართვაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვთ. რასაკვირველია, წინასწარ ყველა რისკის დაზღვევა შეუძლებელია, ჯადოქრები არ ვართ, თუმცა პატარა სასწაულების მოხდენას მაინც ვახერხებთ. :)
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
სისხარტე, კომუნიკაბელურობა, კარგი ინტუიცია და შემოქმედებითი აზროვნება. ასევე, გამართულად წერისა და მეტყველების უნარი.
-როგორია „მომავლის პიარი“?
ტექნოლოგიურ სიახლეებთან მჭირდოდ გადაჯაჭვული.
-რჩევა მომავალ კოლეგებს.
არ შეგეშინდეთ კითხვების დასმა, შეცდომების დაშვება, არასდროს შეწყვიტოთ სწავლა და განვითარება.
-წარმატების ფორმულა არის...
ბევრო შრომა, კარგი კონტაქტები და ცოტაც გამართლება.