საზაფხულო საკითხავი PR სპეციალისტებისთვის - ელდარ პირმისაშვილის ბლოგი
ზაფხული კარგი პერიოდია დაფიქრების, სიტუაციის გაანალიზების, დაგეგმვისა და ახალი შესაძლებლობების დანახვისთვის.
წელიწადის სხვა დროებთან შედარებით, მიუხედავად სიცხისა და დასვენების პერიოდისა, ჩემი პროდუქტიულობა ზაფხულში იზრდება. ვაანალიზებ განვლილ ცხოვრებას და პროექტებს. ვფიქრობ, რაზე ვიმუშავე, რა შედეგი მომცა, რა ახალი შესაძლებლობები არსებობს რა ახალი ტენდენციებია სტრატეგიული კომუნიკაციის დარგში საზღვარგარეთ და საქართველოში.
წიგნების კითხვა მეხმარება ახალი იდეების გენერირებაში, ვკითხულობ და ვიგებ ახალ იდეოლოგიებს, პროექტებს, ადამიანების ხასიათს, შესრულებულ სამუშაოებს, მოტივაციას, როგორ აღწევენ წარმატებას, რა მუშაობს და რა არა. კითხვის პროცესს თან ახლავს იდუმალი და ინტრაპერსონალური ამბები, თითქოს ჩემს თავს ველაპარაკები, ვმსჯელობ, ვკამათობ და ჩემს თავში იხარშება რაღაც ახალი.
მე მაინც მჯერა, რომ პროგრესის, პიროვნული განვითარებისთვის ვართ შექმნილი და სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას. სწრაფად მოძრავ მსოფლიოში ყველაფერი იცვლება, კომუნიკაციის სფეროც ყველაზე კარგი მაგალითია, ძველი ცოდნით ახალ ტექნოლოგიებს ვერ გაუგებ, სწორედ ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ და გაეცნოთ თანამედროვე წიგნებს. „საზაფხულო საკითხავი PR სპეციალისტებისთვის“- ასე დავარქვი ჩემ ხუთ წიგნს, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
პირველი რეკომენდებული წიგნი პროფესიული საკითხავია – Gini Dietrich, Spin Sucks - Communication & Reputation Managment. წიგნი ძირითადად, კომუნიკაციის ტრანსფორმაციაზეა, როგორ შეიცვალა მედია და საზოგადოება, როგორ მუშაობენ PR სპეციალისტები, როგორ ხდება კამპანიების დაგეგმვა, სოციალური მედიის მართვა, ისტორიების და საზოგადოების ჩართულობის გამოწვევა და ეს ყველაფერი როგორ უკავშირდება კომპანიის რეპუტაციას.
მეორე წიგნი მოტივაციის და წარმატების ფსიქოლოგიაზეა – Megan Kaye, The Psychology of Achievement. წიგნი ძალიან თანამედროვედ არის დაწერილი, ცოტა ტექსტია და ბევრი ვიზუალი, ძალიან საინტერესო კვლევებია, თუ როგორ აღწევენ ადამიანები წარმატებას და რა ფაქტორებზეა ის დამოკიდებული. წიგნის კითხვის დროს ბევრს ვფიქრობდი და ყველა შემდეგი თავი უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა. წარმატება, მოტივაცია, ლიდერობა, მიზნები და ემოციური ინტელექტი – ეს ის საკითხებია, რაც დაგეხმარებათ კომუნიკაციის ახალი და თანამედროვე სამყაროს გაგებაში და საკუთარი თავის უკეთ მართვაში.
ჩემი მესამე ფავორიტია საიმონ სინეკის წიგნი – "პირველად იყო რატომ" – როგორ შთაგვაგონებენ წარმატებული ლიდერები მოქმედებისკენ. წიგნის მთავარი კონცეფცია გულისხმობს ჩვენი საქმიანობის ანალიზს, რას ვაკეთებთ და რატომ. წიგნი თავიდან ცოტა მოსაწყენი ჩანდა, მაგრამ მალევე მოიტანა "დრაივი". ავტორი ძალიან საინტერესო სტრუქტურას და შეხედულებებს გვთავაზობს. წიგნის მთავარი კითხვაა, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. „ენერგია იძლევა მოტივაციას, ხოლო ქარიზმა შთაგონებას“ - ეს ფრაზა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ძალიან კარგი მაგალითებია, საიდანაც შეიძლება სხვის შეცდომებზეც და წარმატებაზეც სწავლა!
შემდეგი რეკომენდებული წიგნი გავლენებზე და გავლენიანებზეა. Influencer - Building Your Personal Brand In The Age Of Social media, Brittany Hennessy – ამ წიგნის დახასიათება ორი სიტყვით შეიძლება – მარტივი და აქტუალური. წიგნში აღწერილია ავტორის გამოცდილება და ინფლუენსერ მარკეტინგის დღევანდელი ძირითადი ტენდენციები: როგორ ხდება აუდიტორიის განსაზღვრა, პერსონალური ბრენდინგის დაგეგმვა და რაც მთავრია, გავლენით და სოციალური ქსელების გამოყენებით სოლიდური თანხის გამომუშავება.
აგვისტოში რა შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი?! ყოველ აგვისტოს თავს გვახსენებს აგვისტოს ომი და ყოველდღე რუსეთის ოკუპაცია. David J. Kramer - Back to Containment: Dealing With Putins's Regime. წიგნში დევიდ კრამერი აშშ – ს, რუსეთის და ცივილიზებული სამყაროს ურთიერთობებს იკვლევს და ამბობს, რომ პუტინის კრემლში ყოფნის პირობებში, ეს ურთიერთობები ვერ გაუმჯობესდება. კრამერი თანმიმდევრულად აყალიბებს და მოგვითხრობს რუსეთისა და პუტინის ფენომენზე, მის სტრატეგიებზე და გამოწვევებზე, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაზე და ამ ვითარებაში ამერიკის როლზე, გადატვირთვის პოლიტიკაზე და ა.შ. ვფიქრობ, კარგად უნდა ვიცნობდეთ პუტინს, მის ხედვას და პოლიტიკას. დღევანდელი ოკუპაციის პირობებში ეს ჩემთვის ყველაზე აქტუალური და საინტერესო წიგნია.
ზაფხულში წაკითხული წიგნები განტვირთვის, ახალი ინფორმაციის, ფიქრის და ანალიზის შესაძლებლობას მაძლევს. იმედი მაქვს, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ჩემს მიერ რეკომენდებული წიგნების წაკითხვა.