ანონიმური ბლოგი
რა ვიპოვე, რა დავკარგე?
მოდი, დავიწყოთ ექსპერიმენტით. ვნახოთ, ეყოლება თუ არა მკითხველი იმას, ვისი არც სახელი, არც გვარი, არც მყვირალა პოზიცია და გამოცდილება იცით. არც ისიცით, სად ცხოვრობს, ვის „კლასტერშია“,ღელავს თუ არა „ინსტაგრამზე“ დადებული ფოტოს მოწონებათა რაოდენობაზე, ან ფეისბუქ პოსტის მიმდევრების დადებით კომენტარებზე.
დამიჯერებთ? წამომყვებით?
ზოგჯერ გეწყინებათ, ზოგჯერ გულში გაგკრავთ, ან გულს მოგფხანთ. ზოგჯერ იტყვით: „აბა გამოვიდეს და პირისპირ დაგველაპარაკოსო“, ზოგჯერ მგლისკენ იქნებით და ზოგჯერ - თხისკენ.
რა მინდა, რით გაგახაროთ?
მსურს, ვისაუბროთ, ვიკამათოთ, ერთმანეთს აზრი გავუზიაროთსაზოგადოებასთან ურთიერთობისა და, ზოგადად, კომუნიკაციის ჭირსა თუ ლხინზე, ავსა თუ კარგზე - რა თქმა უნდა, პირბადით და ანტისეპტიკური ხსნარით აღჭურვილებმა და სოციალური დისტანციის დაცვით.ვისაუბროთ მკაცრად, ყველანაირი „როგორ ხარ საყვარელოოს?“ გარეშე. როცა თანამოსაუბრეს არც სახელი გვახსოვს, მაგრამ უბრალოდ ვიცით, რომ სადღაც „ბობოლა“ ორგანიზაციაშია, ან „ამას საერთოდ არ ვიცნობ, რა გაუკეთებიას?“ პოზიციის დაჭერით. ხოლო „რა გაუკეთებიას“ შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ჟურნალისტებთანმეგობრული ურთიერთობებია. მოდი, ერთად გამოვეხმაუროთ მოვლენებს სფეროში, ვიყოთ მკაცრნი, თვითკრიტიკულნი და ობიექტურნი. მე პირველი ხმა ვიქნები, მეორე და მესამე - თქვენ იყავით და სოფელიც აშენდება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ახლა არასახუმარო თემაზე ვისაუბროთ...
კორონა ვირუსმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტების- როგორც ყველას - დღის წესრიგი საგრძნობლად შეცვალა. ბევრი დაგვაკარგინა და ბევრიც გვაპოვნინა. ყურადღება გავამახვილოთ სუფთად კომუნიკაციის სფეროზე და არა ფინანსურ კრიზისზე, სამუშაოების დაკარგვასა და სხვა მოვლენებზე.
ალბათ, თქვენც დადექით ფაქტის წინაშე: სამოქმედო გეგმა თავდაყირა დადგა, ღონისძიებები ჩაიშალა, პირდაპირი კომუნიკაცია აიკრძალა და დისტანციურ მუშაობაზე გადახვედით.
ვის აქვს თავი ქუდში დღეს?
მათ, ვინც შეძლო და გადაეწყო, ან ისედაც ციფრულ სფეროში იყო ჩართული.
ვინ გადარჩება?
ვინც ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა, მოერგო დღის წესრიგს, უპასუხა გამოწვევებს და საზოგადოების მოთხოვნებს.
ვინ ვერ გადარჩება?
ვინც სახლში ზის და ელის მზის გამონათებას, იხსენებს ბანტიან - ბანერიან, გაპრანჭულ, ფოტოგრაფებითა და ჟურნალისტებით სავსე ღონისძიებებს, კორპორატიულ საღამოებს, თან ოხრავს: „ეჰ, რა კარგი დრო იყოო“.
მაგრამ!
ციფრულ პლატფორმებზე აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ ისტერიკულად ვატაროთ ვებინარები, პირდაპირი ეთერები და ონლაინ შეხვედრები ფართო საზოგადოებისთვის და დავკარგოთ ჩვენი ფოკუსი.აღნიშნული ქცევა იმ იგავ-არაკს ჰგავს, როდესაც მეფე თავის სახელმწიფოში ხალხს დაავალებს, რომ ორმო რძით შეავსონ და მეორე დღეს მხოლოდ წყალი დახვდება. ეს დაემართა სრულიად სამყაროს, რის შედეგადაც „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერმაც კი „გაჭედა“ მცირე დროით. ამასთან, ხალხი გარკვეულწილად დაიღალა ამდენი ინფორმაციით და გასართობად სხვა პლატფორმებზე გადაინაცვლა.
ბევრმა აღმოაჩინა ახალი ონლაინ სივრცეები, რომლებიც ღონისძიებების ჩატარებაში, კონკრეტული სამიზნე ჯგუფების ინფორმირებასა და საკუთარი საქმიანობის გაგრძელებაში დაგვეხმარება.
ყველა საერთაშორისო სფეროს ექსპერტი ხაზგასმით საუბრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო.
მეორე მაგრამ!
მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, კომუნიკაციის სპეციალისტები დღევანდელ დღეს უფრო საჭირონი გახდნენ. ალბათ, ისეთ თანამშრომლებსაც გაიცნობდით, რომლებთანაც კომუნიკაცია აქამდე საერთოდ არ გქონიათ.
ამიტომ არ მოდუნდეთ, რადგან თქვენ მთავარი დამაკავშირებელი წერტილი ხართ ორგანიზაციასა და ახალ რეალობას შორის.