რა ქნას პიარმა?! - ელდარ პირმისაშვილის ბლოგი
ბოლო დროს ხშირად გაიგებთ ფრაზებს: „პიარი არ გვივარგა“, „კარგი პიარ რომ გვქონდეს“..., „პიარი არ მაჩენს“, „პიარი მბლოკავს“ და ა.შ. რატომღაც ადამიანებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, მინისტრებსა და პარლამენტარებს ჰგონიათ, რომ პიარი არაფრისგან კეთდება. ანუ შენ შეიძლება თქვა: „რად გვინდა სტრატეგია?!“, „რუსთავი 2 არ მინდა“, „ინტერვიუს არ მივცემ“ და ა.შ არაფერს ვამბობ წამოცდენილ სიტყვებზე, მედიასთან დამალვაზე, გაქცევაზე და ა.შ
რა არის ამ ყველაფრის მიზეზი და რა ჰგონიათ მათ პიარი ?
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას ის, რომ მეტ-ნაკლებად, პიარის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება გაზრდილია, თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ზუსტი როლი და მნიშვნელობა. პიარი არ არის ინფორმაციის დამალვის, „გაპრავების“, „ჭორებისა“ და არც „შელამაზების“ პროფესია, პიარი თავისი კომუნიკაციური ფუნქციის წყალობით კონსტრუირებას უკეთებს ორგანიზაციის ან პიროვნების რეპუტაციას, რაც ინფორმირებულობით, ცნობადობითა და ნდობით არის გამოწვეული. დაგეგმილი ძალისხმევა, რომელსაც მივყავართ კონკრეტული მიზნების შესრულებამდე, ორმხრივ და ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციამდე.
ხო და სანამ იტყვით, რომ „პიარი არ მუშაობს“, მანამდე დაფიქრდით, რას აკეთებთ ღირებულს, რატომ არის თქვენი პროდუქტი ან მომსახურება, პროექტი ან იდეა მნიშვნელოვანი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, რატომ უნდა იცოდნენ მათ თქვენ შესახებ და საერთოდ - რატომ უნდა გენდონ და შეგიყვარონ ?!
პიარის უნიკალური, მრჩევლის ფუნქცია საკმაოდ ძვირად ფასობს, ხო და უფასო რჩევა ჩემგან: ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ პიარი და მუდმივად გახსოვდეთ - „მითხარი ვინ არის შენი პიარი და გეტყვი ვინ ხარ შენ !".