ბლიც ინტერვიუ თეა პერტაიასთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯადოსნურ სფეროსთან ბუნებრივად მივედი - მიმიზიდა. :) ეს გააზრებული არჩევანი იყო, როცა წარსულს 2 სხვა პროფესია დავუტოვე, თუმცა არსებითად, ისინიც PR-თან შევაჯერე.
ის მოიცავს ყველაფერს, რაც მიყვარს და მაინტერესებს: თავისუფალ აზრს, ადამიანებს და მათ ხედვებს, შემოქმედებითობას, სიტყვასთან, წერასთან მეგობრობისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, მრავალფეროვან ურთიერთობებს, სამყაროს...
გავხდი სოციალურ მეცნირებათა დოქტორი მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით და წლებია, საჯარო სტრუქტურებში სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით ვმუშაობ.
- თქვენი PR სლოგანი….
ჩემი მოგონილი არაა, მაგრამ, როგორც საჯარო მოხელე, ყოველთვის ვიაზრებ და ვიზიარებ - ვიყო ხალხის ადვოკატი ხელისუფლებასთან და ხელისუფლების წარმომადგენელი საზოგადოებასთან.
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ესაა იდეებით ფრთაშესხმული კომუნიკაციის ხელოვნება და ინდუსტრია. ჩვენ ვქმნით გზავნილებსა და ამბებს, რომლებიც ბრენდის ღირებულებებს სამიზნე აუდიტორიის შეხედულებებთან, მოთხოვნებთან და მოლოდინებთან აკავშირებენ. ამ ფონზე ყალიბდება ჰარმონიული გარემო იმისთვის, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ...
ჩვენი მიზანია 21-ე საუკუნის ინფორმაციულ ქაოსში ყურადღების მიპყრობა და დადებითი რაკურსით პოზიციონირება. ამაში ხალასი აზრების გენერირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, მივაგნოთ ე.წ. დიდ იდეას და ჩვენი საკომუნიკაციო პროგრამა სწორედ მას დავუქვემდებაროთ.
ბუნებრივია, ამ სფეროშიც არის კონკრეტული წესები და სქემები, თუმცა მთავარი ბირთვი მაინც ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნებაა - მოცემულობის ზუსტი ანალიზი და „ვარსკვლავებივით მოციმციმე“ იდეები. როცა უკვე გვაქვს კვლევისა და ანალიზის შედეგები, იწყება ყველაზე საინტერესო - სტრატეგიული გეგმარება და შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც ვუდგებით ენთუზიაზმითა და შთაგონებით.
ეს იმას ნიშნავს, რომ შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების შეჯერებით იქმნება გასაღები, რომელიც წარმატებული კომუნიკაციის კარს აღებს.
- პიარი გრძნობს...
ბანალურად ჟღერს, მაგრამ PR გრძნობს სამიზნე აუდიტორიის მაჯისცემას. ესა არაა ზუსტი მეცნიერება, ესაა ხელოვნება, რომელსაც სჭირდება მაღალი მგრძნობელობა, ემპათია, კომუნიკაციის ნიჭი, აზროვნება ჩარჩოებს მიღმა და „კოსმოსური ინტუიცია“... :)
- პიარმა იცის...
სამიზნე აუდიტორიის საკომუნიკაციო ენა, გზის დასაწყიშივე მკაფიოდ ხედავს სასურველ ფინალს და, რა თქმა უნდა, იცის, რა ბილიკებით უნდა მივიდეს მოცემულ შედეგამდე.
- პიარმა არ იცის...
როგორ შეუნარჩუნოს გოგრას ეტლის სტატუსი, ღამის 12 საათის შემდეგ. PR-მა, შესაძლოა, მართლაც შემოსოს კონკია ზღაპრული კაბით, მაგრამ თუ ამ უკანასკნელმა არ იმუშავა იმაზე, რომ მიუახლოვდეს პრინცესას სტანდარტებს, საბოლოოდ მისი ეტლი, მაინც გოგრად გადაიქცევა და კაბა-ძონძებად... ანუ, თუ ორგანიზაციამ არ გასწია შესაბამისი შრომა და არ დაიმსახურა ეს „სამოსი“, „ჯადოქრობა“ ქარწყლდება და თან, ამ საუკუნეში, ეს პროცესი ელვის სისწრაფით ვითარდება.
-პიარს შეუძლია...
იყოს ყველგან და შეიმეცნოს ყველაფერი. ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველი ახალი საქმე ნიშნავს, გაითავისოს და სიღრმისეულად შეისწავლოს შესაბამისი სფერო, პროფესია... სხვაგვარად იმ ორგანიზაციის სათქმელს აუდიტორიასთან ჯეროვნად ვერ მიიტან. მაგალითად, მოცემულ ეტაპზე მე, როგორც PR სპეციალისტი, უკვე მეექვსე სფეროს შევეჭიდე :)
-პიარს არ შეუძლია...
იყოს გამართული, თუ მას ზურგს არ უმაგრებს სიმართლე.
-self PR-ის საჭიროება...
ბუნებრივი და ადამიანურია. ეს, ფაქტობრივად, თვითდამკვიდრების თანმდევი პროცესია, თითოეული პიროვნება ერთგვარი ბრენდია, თავისი მახასიათებლებითა და მიზნებით, უბრალოდ, პრ-ის საჭიროების ხარისხია ინდივიდუალური.
მარტივი მაგალითი: საქართველოში ყველაზე პოპულარული საკომუნიკაციო ციფრული პლატფორმა „ფეისბუქის“ წარმატების საწინდარი სწორედ ადამიანის თვითპრეზენტაციის მოთხოვნილება იყო და არის. თუ ახლა სოციალურ ქსელში ხართ და, უფრო მეტიც, ამას კითხულობთ, ცხადია, რომ „თვითპიარი“ თქვენთვის უცხო არაა... სოციალური ქსელების ფილოსოფია სწორედ მსგავს ცნობიერ თუ გაუცნობიერებელ სურვილებზეა აწყობილი.
- უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი...
უკმაყოფილო მომხმარებელი - ესაა პრ-ის სარკე, რომლშიც უნდა ჩავიხედოთ და კარგად შევისწავლოთ. სამიზნე აუდიტორიის „კარდიოგრამის“ ანალიზი უნდა იყოს ყოველი დღის მთავარი აქცენტი.
ჯანსაღი ურთიერთობის პირობებში, უარყოფითი შეფასება უნდა განვიხილოთ არა ანტაგონისტურ განწყობად, არამედ პოზიციად, რომელიც დაგვეხმარება ვიმუშაოთ უფრო მეტი, გამოვასწოროთ ხარვეზები, თუ ასეთი ვლინდება და გავხდეთ უკეთესები. ამაზე ყოველთვის ილია მახსენდება: „ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს-რამოდენადაც შეძლება აქვს-შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია?" ამასთან, დღეს, ციფრულ სივრცეში, როცა თითოეული ადამიანი პოტენციური მედიაა, ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილმა კომენტარმა შეიძლება წლობით და ზოგჯერ, საუკუნეების მანძილზე ნალოლიავები და რუდუნებით აგებული იმიჯი დაანგრიოს, სოფელ ლეწურწუმეში აკრეფილმა პოსტმა, შესაძლოა, ხვალ სახელმწიფო ხელისუფლება შეარყიოს, ამიტომ ყველაზე გულდასმით სწორედ ამ „უკმაყოფილოს“ უნდა მოვუსმინოთ, მასთან ვაწარმოოთ სწორი კომუნიკაცია და ვეცადოთ მისი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვებას.
- თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
ადამიანების სიყვარულს + 3 „შ“-ს ეფექტი - შრომისუნარიანი, შემოქმედებითი, შემეცნებითი.
- როგორია „მომავლის პიარი“?
მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა, „პიარში“ მომავალშიც მთავარი იქნება ადამიანი და მისი უნიკალური უნარები.
კაცობრიობის მომავალი ადამიანის ტვინის უსასრულო შესაძლებლობებით ინსპირირებულ საინფორმაციო რევოლუციებს, მიგნებებსა და იდეებს ეკუთვნის, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებს ორგანულად მოირგებენ და დასახული მიზნების სასარგებლოდ მართავენ.
დღეს ციფრული კომუნიკაცია ჩვენი „მარჯვენა ხელია“, თუმცა ადამიანის შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები შეუცვლელი ფასეულობაა, რომელიც მომავალში ამავე სტატუსსა და მნიშვნელობას შეინარჩუნებს.
დიახ, მოქმედების არეალი გაიზრდება, გავყიდით ფეშენებელურ სახლებს მარსზე J, მაგრამ ადამიანის, როგორც იდეების გენერატორის, მისი უნიკალური ნიჭისა და რესურსის გარეშე, კომუნიკაციის წარმართვა წარმოუდგენელია.
-რჩევა მომავალ კოლეგებს.
მოდით, ამას რჩევას არ დავარქმევ, ეს უფრო გამოცდილების გაზიარებაა.
- არასდროს დაკარგოთ შემოქმედებითი თავისუფლება. არ შეგეშინდეთ, იყოთ განსხვავებული. არ შეგეშინდეთ, დააფიქსიროთ თქვენი პრინციპული პოზიცია, არ შეგეშინდეთ თამამი იდეების წარმოთქმისა და რეალიზების, არ დაექვემდებაროთ სტერეოტიპებს, რადგან ამ უკანასკნელს, როცა გსურთ, თავად ქმნით. თუმცა დაინახეთ და ჯეროვნად შეაფასეთ მოსალოდნელი რისკებიც. კარგმა იდეამ შესაძლოა, სრულიად სხვა გეზი მისცეს და აღქმა შესძინოს თქვენს სამუშაო ობიექტს - ერთი შეხედვით, უცნაური იდეები ქმნიან ბრენდებს და უნიკალურ მიდგომებს, რომელიც ამახსოვრდებათ და განიხილავენ. მოკლედ, არ შეგეშინდეთ, განახორციელოთ ის, რისიც გჯერათ;
- იყავით პროაქტიული და ოპერატიული;
- დაიწყეთ კვლევით, ჩართეთ ანალიტიკა, დაძაბეთ წარმოსახვა და დაგეგმეთ;
- ყველაფერი უნდა დაგეგმოთ სამიზნე აუდიტორიის სიღრმისეული შესწავლის საფუძველზე, სტრატეგიული კომუნიკაცია ხომ ადამიანთა აღქმის მართვაა;
ჩვენი გზავნილები კონკრეტულ თემაზე საზოგადოების ფიქრებს უნდა აგრძელებდნენ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შიდა აუდიტორიას - ეს დიდი ძალაა;
- იწამეთ სიტყვას ძალა - მას შეუძლია ერთი და იგივე რამ სრულიად სხვადასხვაგვარად წარმოაჩინოს;
- რაც მთავარია, გიყვარდეთ საქმე და ადამიანები, მათივე სისუსტეებით, რადგან ისინი, რეალურად, ჩვენ დიდ სამსახურს გვიწევენ. J
- წარმატების ფორმულა არის...
- დილით რომ იღვიძებ და შენი საქმის გაკეთება გიხარია - ეს წარმატების ნახევარია. დანარჩენი - აზრის კვლევა, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების წახალისება, შემეცნება, შრომა და ოცნებაც :)
- ჩვენ გარშემო ვიშენებთ კომუნიკაციის სახლს, სადაც ბევრი კეთილგანწყობილი მეზობელი უნდა მოვიზიდოთ. ესაა კარგი ასპარეზი წარმატებული შემოქმედებისთვის.
რომ შევაჯამოთ, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ფიქრი, მეტი პროაქტიული მოქმედება, მეტი შემოქმედებითობა, მეტი ენთუზიაზმი, მეტი ვიზუალური ეფექტი, მეტი გავლენა, მეტი ორიენტირება შედეგზე და მეტი ღიმილი, რადგან დადებითი PR-ი ჩვენგან იწყება. :)
რესპოდენტი: თეა პერტაია (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი)