ბლიც ინტერვიუ ლელი ბიბილაშვილთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი, ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, IPRA - საერთაშორისო PR ასოციაციის სრული წევრი, პრაქტიკული საქმიანობის პროცესში კი განსაკუთრებით გამოვარჩევდი ისეთ საინტერესო პროექტების გუნდის ნაწილად ყოფნას, როგორიცაა „სნო“, „08“, BTA ბანკის რებრენდინგი, ელიტ ელექტრონიქსი და სხვა. ასევე, ჩართული ვარ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით პროექტში კომუნიკაციების მიმართულებით.
- თქვენი PR სლოგანი….
იმოქმედე ისე, რომ შეცვალო სხვების ცხოვრება
იმოქმედე ისე, რომ სხვებმა აღიარონ და ილაპარაკონ.
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
PRოფესია ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს გულწრფელობას, როდესაც შენ შეგიძლია გულწრფელი კმაყოფილება, გულწრფელი აღტაცება გამოიწვიო ადამიანებში შენი სწორი და თანმიმდევრული ქმედებებით. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიაში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვქმნით იმას, რაც რეალურად სურთ და ჭირდებათ ადამიანებს, ჩვენ ბრენდის დაპირებებსა და ორგანიზაციების იმიჯს პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების მიხედვით უნდა ვქმნიდეთ.
-კომუნიკაცია ეს არის...
დიალოგი შენს მომხმარებელთან, შენს თანამშრომელთან, კომუნიკაცია ყოველთვის აზრების, ემოციების, შთაბეჭდილებების გაცვლა, მათი მიღება და მათზე დაფიქრება უნდა იყოს, მხოლოდ მაშინ შედგება კომუნიკაცია, სხვა ყველაფერი უბრალოდ მომაბეზრებელი მონოლოგია.
- პიარი გრძნობს...
წარმატებას, პიარი ყოველთვის ალღოს უღებს უკეთეს შესაძლებლობას, სიახლეების მოახლოვებას.
- პიარმა იცის...
როგორ უნდა იყოს სპონტანური და მოულოდნელობებით აღსავსე ურთიერთობებში,. ბუნებრივი, სუფთა და ემპათიური. მუდმივად გიზიდავს და გაინტერესებს მასთან ერთად ყოფნა. მან იცის როგორ დაიხარჯოს მთლიანად შენთვის.
-პიარმა არ იცის ...
ეგოიზმი და სიყალბე
-პიარს შეუძლია...
სრულიად სხვაგვარად დაგანახოს სამყარო, შეცვალოს შენი ფიქრები, დამოკიდებულებები, გადაგაფასებინოს ღირებულებები და ცხოვრების ახლებური გეზი დაგისახოს.
-პიარს არ შეუძლია...
მრავალფეროვნების გარეშე.
-პიარს უკვირს...
ზოგჯერ რომ არ აფასებენ და ვერ ამჩნევენ მას.
-self PR-ის საჭიროება ...
self PR ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, Self PR კი ადამიანებს ამ უნიკალურობის პოვნასა და სხვებთან მის წარმოჩენაში ეხმარება, ეს კი ადამიანებს თვითრწმენას, ძალას და გამოწვევებთან გამკლავების სტიმულს აძლევს.
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი...
ხშირად მომხმარებლის უკმაყოფილება სწორედ იქიდან მოდის, რომ მათ არ უსმენენ, ხშირად აღმართული კედელი, რომლის მიღმაც კომპანიის სხვადასხვა რგოლი მხოლოდ საკუთარ მიდგომებს მიიჩნევს ჭეშმარიტებად, ხდება უამრავი ადამიანის ნდობისა და ერთგულების დაკარგვის მიზეზი. საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი როლი კი ამ ადამიანების მოსმენაა და შემდეგ აღმასრულებელ მენეჯმენტთან პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. საზოგადოებასთან ურთიერთობა ის ოქროს შუალედია, რომელიც ბეწვის ხიდზე გაივლის, მაგრამ საუკეთესო გამოსავალს იპოვის, როგორც მომხმარებლის, ისე მმართველი გუნდისთვის.
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს
თავისუფლება, სპონტანურობა, განსხვავებულობა.
-როგორია „მომავლის პიარი“?
მომავლის პიარი ორი მიმართულებით განვითარდება კიდევ უფრო სიღრმისეულად, ეს არის ციფრული კომუნიკაციები და კიდევ უფრო გლობალური აუდიტორიის წვდომა, ხოლო მეორეს მხრივ, მომავლის პიარი საქართველოში სტრატეგიული გადაწყვეტილებების და სტრატეგიული კომუნიკაციების ფუნქციით გაფართოვდება.
-რჩევა მომავალ კოლეგებს.
არასდროს მოგბეზრდეთ, ყოველთვის შექმენით თქვენი მოსაყოლი ამბავი, რომელიც არ არის გაცვეთილი, იაზროვნეთ ჩარჩოებს მიღმა, იყავით თამამი თქვენი აზრების გამოხატვისას და გიყვარდეთ თქვენი საქმე!
-წარმატების ფორმულა არის
მიზანდასახულობა, მუდმივი განვითარება, შეუპოვრობა
რესპოდენტი: ლელი ბიბილაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი