ბლიც ინტერვიუ თორნიკე გურულთან

- გაგვეცანით, როგორც PR სპეციალისტი

1995 წლის გაზაფხული იყო, როდესაც იმაზე დავფიქრდი, რომელი პროფესია ამერჩია და უნივერსიტეტბში სასწავლო პროგრამების ძებნა დავიწყე. შემთხვევით შავ-თეთრი გაზეთი ჩამივარდა ხელში. ამ გაზეთმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. გაზეთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი სასწავლო პროგრამების შესახებ იყო ინფორმაცია. თავდაპირველად კარგად ვერ გავიგე, რა იყო „საზოგადოებრივი ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა“, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. პროფესიის აღწერაში ბევრი ისეთი თემა იყო, რომელიც მაინტერესებდა: სტრატეგიული კომუნიკაცია, საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, იმიჯი...

1995 წლიდან ამ სფეროში მოვხვდი და დღეს სტრატეგიული კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- თქვენი PR სლოგანი….

მოუსმინე საზოგადოებას!

-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?

ჩემთვის ესაა ყველაფერი. უკვე 25 წელი გავიდა, რაც ჩემი ცხოვრება ამ პროფესიას დავუკავშირე. დარგიც ჩემთან ერთად გაიზარდა. როცა დავიწყე, მობილური ტელეფონი და ინტერნეტი საერთოდ არ იყო. ყველაფერი ვითარდება და ეს პროფესია განსაკუთრებით. მომწონს ამ დარგის განვითარება. ის დროც მახსოვს, ჟურნალისტებს ანონსებს ფაქსით რომ ვუგზავნიდი. ჩემთვის ეს პროფესია ცხოვრების ნაწილია.

-კომუნიკაცია არის...

კომუნიკაციის 2000-ზე მეტი განმარტებაა. მე ყველაზე მეტად ის განმარტება მომწონს, რომელშიც სიტყვა ჰარმონია გვხვდება და ინფორმაციის გაცვლა.

-პიარი გრძნობს...

პიარი ალბათ გრძნობს, რა უნდა სამიზნე აუდიტორიას და რა უნდათ ჟურნალისტებს...

-პიარმა იცის...

როგორ შექმნას პროდუქტის იმიჯი ისე, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა პოზიტიურად აღიქვას. ერთი შიდა პროფესიული ანეგდოტია და სულ ის მახსენდება. თაგვსა და ზაზუნას შორის ის განსხვავებაა, რომ ზაზუნას უფრო კარგი პიარი აქვს.

-პიარმა  არ იცის...

„ეს ერთი მაპატიე და მეტს აღარ ვიზამ“... საზოგადოება ყველაფერს იმახსოვრებს. მარტივია იმიჯის შექმნა, მაგრამ უფრო რთულია არსებული იმიჯის შენარჩუნება. ადამიანები მოტყუებას და ნეგატიურ გამოცდილებას უფრო იმახსოვრებენ, ვიდრე პოზიტიურს.

-პიარს შეუძლია ...

მე მგონია, რომ ყველა ორგანიზაცია საზოგადოების რაღაც ჯგუფისთვის არსებობს და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათთან პროფესიონალური კომუნიკაცია. პიარს შეუძლია ეს კომუნიკაცია ააწყოს და ორგანიზაციის იმიჯი განსხვავებულად წარადგინოს საზოგადოებაში.

პიარის ერთი ცნობილი განმარტებაა: „გააკეთე კარგი საქმე და ეს მოუყევი სხვებს“. პიარს ამ გაკეთებული საქმის სხვისთვის კარგად მოყოლა შეუძლია.

-პიარს არ შეუძლია...

მკვდრის გაცოცხლება. მკვდარზე რომ ვთქვათ ცოცხალიაო და ამის დაჯერება დავუწყოთ საზოგადოებას, ძალიან ცუდი იქნება. ტყუილი და პიარი ერთმანეთთან არაფერ შუაშია. არავის ეგონოს, რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე საზოგადოება. ბოლოს მაინც ყველაფერი ირკვევა და ტყუილი უფრო მეტად აზარალებს ორგანიზაციებს, ვიდრე სიმართლე.

-პიარს უკვირს...

მგონი არც არაფერი. ზოგადად, მიმაჩნია რომ, არაფერი უნდა გვიკვირდეს. ყველაფერი შესაძლებელია, ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის საფუძველი.

-self   PR-ის საჭიროება...

ყველას სჭირდება. თუ ვინმე ამბობს, რომ ამით არაა დაკავებული, არ მჯერა. პირდაპირ თუ ირიბად, ყველა ფიქრობს საკუთარ იმიჯზე და რაღაცას მაინც აკეთებს ამ იმიჯის შესაქმნელად.

-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...

თანამედროვე ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესია. დღეს ისე შეიცვალა გარემო, რომ თითოეული ჩვენგანი გავხდით საკუთარი მედიის მფლობელი. სოციალურმა მედიამ სრულად შეცვალა სტრატეგიული კომუნიკაცია. დღეს მე მაქვს შესაძლებლობა ონლაინ, ფეისბუქის საშუალებით გავაკეთო მაუწყებლობა და ძალიან ბევრ ადამიანს მივუტანო სათქმელი.

-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.

სოციალური მედიის ეპოქაში უფრო მეტად გამოჩნდა მომხმარებლის კმაყოფილება და უკმაყოფილება. ბევრ ინდუსტრიაში გადაწყვეტილებებს სხვა მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებენ. ამის მაგალითია სასტუმროების ბიზნესი. მომხმარებელი პიარის თუ მარკეტინგის მიერ გადაღებულ და ფოტოშოპით დამუშავებულ ვიზუალებს არ ენდობა და კითხულობს რევიუებს, რომლებიც მომხმარებლებმა დატოვეს. ამიტომ უკმაყოფილო მომხმარებელი და ისიც უპასუხო, ორგანიზაციის იმიჯზე მკვეთრად აისახება.

-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.

ბევრი თვისება უნდა ჰქონდეს პიარის სფეროში დასაქმებულს. ყველასთვის საერთოდ, რომ მუდმივად უნდა იფიქრო, როგორ განვითარდე. შემოქმედებით აზროვნებას და წერით უნარებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა ზოგადი უნარებია, რომელიც არამარტო პიარში, არამედ ყველა დარგში გამოგადგება.

-როგორია „მომავლის პიარი“?

აუცილებლად ელექტორნული. ციფრული კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია მომავალი.

-რჩევა მომავალ კოლეგებს.

იმეცადინონ და მუდმივად განვითარდნენ. სიახლეებს გაეცნონ და მუდმივად იკითხონ საზოგადოებრივი აზრის კვლევები.

-წარმატების ფორმულა არის...

ბევრი შრომა და ადამიანების სიყვარული.

თეგები