ბლიც ინტერვიუ ნინა პერტენავასთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
ამ პროფესიამ თვითონ ამირჩია 1996 წელს, ისე მომხიბლა და შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში - გეგონებოდა სადმე დიდი პიარის წიგნში იყო ასე დაწერილი საუკუნეების წინ. საბედნიეროდ ჩემი პირველი პროფესია (ხელოვნებადმცოდნე) აღმოჩნდა მშვენიერი საფუძველი ახალი ცოდნის დასაშენებლად, ზუსტად 10 წლის შემდეგ, როდესაც უკვე აშშ-ს წამყვან პიარ სააგენტოში ვმუშაობდი, სწორედ რომ მრავალი დარგის სიღრმისეულად ცოდნა სახელდებოდა ჩემს ძლიერ მხარედ და საკომუნიკაციოდ მე მიშვებდნენ მილიარდერ კლიენტებთან, კონგრესმენებთან, CNN-ის ან FOX-5 News ტელე-ეთერებში. 2008-ში მიუხედავად საოცნებო კარიერისა მაინც დავბრუნდი საქართველოში და დავაარსეთ კომპანია „ პერიტუს გრუპი“ რომელის დარგის პროფესიონალებს აერთიანებდა მსოფლის მასშტაბით.
დღემდე მიმაჩნია, რომ პირად კომფორტს ყოველთვის ჯობია დარგის განვითარება ახალ სარბიელზე. ვფიქრობ მაქვს ერთი აუცილებელი თვისება ამ პროფესიისთვის - ეს არის ემფატია, მე ყოველთვის ვგრძნობ რა უნდა მომხმარებელს, საკუთარ თავს მის ადგილზე ვაყენებ და ამიტომაც გამოდის ყველა ჩემი სტრატეგია თუ კომუნიკაცია წარმატებული. კიდევ ერთი აუცილებელი თვისებაა ეთიკურობა, ვინაიდან ჩვენ ვფლობთ მანიპულირების ტექნოლოგიებს - ის არ უნდა გამოიყენო პირადი ინტერსებისთვის ან სხვების საზიანოდ.
- თქვენი PR სლოგანი…
ნებისმიერ ადამიანთან (ადამიანების მასასთან) შეიძლება კონსენსუსის გამონახვა
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ჩემი PიRოვნების გაგრძელებაა, მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ფსიქოტიპს ყველაზე მეტად უხდება და ეხმიანება, მოწოდებით მედიატორი ვარ თან ძალიან ტოლერანტული, მოქნილი ტვინის პატრონი, რაც მაძლევს საშუალებას მრავალი წახნაგიდან ერთდროულად დავინახო საგანი. შეუძლებელია პიარის სპეციალისტი იყოს რიგიდული ფსიქიკით.
-კომუნიკაცია არის...
ხომ მეთანხმებით, რომ პირველად იყო სიტყვა? ხოდა კომუნიკაცია არის ჩვენი საბაზისო მოთხოვნილება.
სულ პირველი ადამიანი მიხვდა, რომ მარტო ვერ მოინადირებდა მამონტს და დაიწყო მოლაპარაკება სხვებთან, დღესაც მასე ვართ, უფრო დახვეწილი სიტყვებით.
-პიარი გრძნობს...
სიყალბეს... პიარის პირველი მცნებაა - არ მოიტყუო. პიარის მამებიდან აივი ლი იყო ამაში უბადლო, ყველაზე დიდი კრიზისსაც და დადებით კონტექსტში გადაიყვანდა ბანალური სიმართლის გაშიშვლებით. რაც არ უნდა თვლიდე, რომ მასა არის ბრბო და მართვადი - ის ყოველთვის გრძნობს სიყალბეს.
-პიარმა იცის...
სამყაროს სხვა ფერში გადაყვანა, გაფერადებაც და ჩაშავებაც, მთავარია როგორ ფანქრებს აირჩევ.
-პიარმა არ იცის...
დანდობა. დიდი დეპრესიის ერთერთი მთავარი მიზეზი იყო ედვარდ ბერნეისის გრანდიოზული პიარ კამპანიები რისკების გათვლის გარეშე, ის უწოდებდა ადამიანებს ბედნიერების მანქანებს (ბედნიერებას მათ ანიჭებდათ ახალი ნივთები, რომლებსაც ისინი კრედიტით ყიდულობენ) სულ მალე რეალობა აღმოჩნდა ტრაგიკული და ზიანი გაცილებით დიდი, ვიდრე მოგება.
-პიარს შეუძლია ...
გახადოს სამყარო უკეთესი, სადაც ბევრი კმაყოფილი ადამიანი იცხოვრებს, დედამიწას ნამდვილად ესაჭიროება კარგი პიარის სპეციალისტი
-პიარს არ შეუძლია...
დიდი ხანი ილუზორულ გარემოში აცხოვროს ხალხი
-პიარს უკვირს...
არაფერიც არ უკვირს, ყველაფერი აქვს ნანახი
-self PR-ის საჭიროება...
საკუთარი თავის რეპუტაცია უპირველესია, პუტკუნა დიეტოლოგის და აკნეს მქონე კოსმეტოლოგის არ იყოს!
-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
კიდევ უფრო მეტი სიზუსტე. ადრე ინტუიტიურად რაც იგეგმებოდა და მონიტორინგის შედეგად ითვლებოდა - დღეს მოცემულობაა. არის მეტი არხი და მეტი ინსტრუმენტი, თუმცა ინფორმაციული ნაგავიც მეტია და ადამიანები რეზისტენტულები ხდებიან დიდი ნაკადისადმი. ისე ეს ბუნებრივია - ყველა ახალ შესაძლებლობას ახალი წანააღმდეგობაც მოყვება.
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
უკმაყოფილო მომხმარებელი არის ორ შემთხვევაში:
- ის მოატყუეს, ან არასწორი მოლოდინი შეუქმნეს მარკეტინგული ხრიკებით
- ის არ იყო თქვენი რომანის მთავარი გმირი (მის ეგოს არავინ მოეფერა)
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
მაღალი ემოციური ინტელექტი, ემფატიურობა, ენერგიულობა, კეთილგანწყობა
-როგორია „მომავლის პიარი“?
რობოტების პლანტატორი და BIG DATA-ს მკითხველი, მომავლის პიარს ეყოლება საკმაოდ ბევრი რობოტი-ასისტენტი - ცალკე გუგლის, ცალკე ტელეგრამის და სხვა სოც.ქსელების, ცალკე თარჯიმანი და ცალკე ინფორმაციის მომძიებელი, მას დარჩება კრეატივის გენერირების ფუნქცია, რაც უკვე ძალიან მოთხოვნადია, ასე უწოდებენ კიდევაც- კრეატიული ინტელექტი.
-რჩევა მომავალ კოლეგებს.
შეისწავლეთ სიღრმისეულად ემოციები - ეს იქნება ერთადერთი დარგი რაშიც ხელოვნური ინტელექტი პირველ ეტაპზე ვერ გაგიწევთ კონკურენციას
-წარმატების ფორმულა არის...
იყო ბედნიერი იმით, რასაც აკეთებ და აბედნიერებდე სხვებს.