ბლიც ინტერვიუ ნატა ასათიანთან
- გაგვეცანით , როგორც PR სპეციალისტი…
მრავალი წელია ამ სფეროს ვემსახურები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა პრაღაში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში განვაგრძე პიარისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე. მაშინ პიარი არ იყო ასეთი პოპულარული, ახსნაც კი მიჭირდა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის, რას ვსწავლობდი და რატომ. თუმცა მე ყოველთვის ზუსტად ვიცოდი რომ პიარი, სტრატეგიული კომუნიკაცია ის სფერო იყო, რა მიმართულებითაც მინდოდა მუშაობა. კომუნიკაციის დარგი გამორჩეულად სწრაფად ვითარდება და მუდმივად ვცდილობ ცოდნის განახლებას. ვარ ბერლინის ჰერტის საჯარო მმართველობის სკოლის სერტიფიცირებული კომუნიკაციის მენეჯერი, გავლილი მაქვს პროფესიული კურსები ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა MIT, RIT, Harvard და სხვები. ამჟამად ვსწავლობ თსუ სადოქტორო პროგრამაზე განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით. ეს ყველაფერი კი მაძლევს უფლებას ვიყო სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის ჩემს მშობლიურ თსუ-ში სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით კონსულტანტი და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი წამყვან კერძო უმაღლესში - კავკასიის უნივერსიტეტში. პარალელურად, ვასწავლი სტუდენტებს, რაც, ალბათ, ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს.
- თქვენი PR სლოგანი….
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა - დაგეგმილი, რისკებ გათვლილი და მართებული კომუნიკაციით ყველა კრიზისი დაიძლევა და ყველა კომუნიკაცია წარმატებული იქნება.
-რას ნიშნავს თქვენთვის PRოფესია?
ბეწვის ხიდზე სიარულს და ყოველდღიურად ახლის აღმოჩენასა და გააზრებას. პიარ პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილია.
-კომუნიკაცია არის...
ერთ-ერთმა ჩემმა უცხოელმა კოლეგამ მითხრა ადრე „კარგ კომუნიკაციას ძლიერი ყავის ეფექტი აქვს, რომლის შემდეგაც დაძინებაც კი რთულიაო“ - მართლაც ასეა, კომუნიკაცია ბევრ ახალ ემოციას და მოქმედების სურვილს ბადებს. კომუნიკაცია ყველაფრის წინაპირობა და მამოძრავებელია.
-პიარი გრძნობს...
პიარი გრძნობს არაგულწრფელ კომუნიკაციას, სიყალბეს, უცოდინრობას.
-პიარმა იცის...
როგორ აქციოს სიახლე ყველასათვის გასაგებად, მისაღებად. როგორ გახადოს ადამიანები უკეთესები, როგორ იდგეს ხალხის ინტერესის სადარაჯოზე.
-პიარმა არ იცის...
შემთხვევით წარმატების მოტანა. დიდი მუშაობის, გეგმის შემუშავების და რისკების გათვლის გარეშე კომუნიკაცია კარგი და წარმატებული არასდროს გამოდის.
-პიარს შეუძლია ...
მხოლოდ პიარს შეუძლია ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარება. სულ უნდა გვახსოვდეს ვისთვის ვმუშაობთ, რა უნდათ მათ, რა სურვილები აქვთ, რაზე ღელავენ.
-პიარს არ შეუძლია...
არასწორი და გადამეტებული მოლოდინების გამართლება. როცა კრიზისია, ხშირად გონიათ, რომ პიარი მიხედავს და ყველაფერი მოგვარდება. პიარს შეუძლია პიარის კეთება, სხვებმა კი თავის საქმე უნდა აკეთონ მაღალ პროფესიულ დონეზე - მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარმატებული პიარ კომუნიკაცია.
-პიარს უკვირს...
იმდენი აქვს ნანახი, ალბათ პიარს უკვე აღარაფრის უკვირს
-self PR-ის საჭიროება...
თვითპრენტაციის უნარი ერთ-ერთი პირველია, რასაც სტუდენტებს ვასწავლი.
-პიარისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები არის...
არ არსებობს სფერო, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიები არ არის საჭირო. ტექნოლოგიური განვითარება ჩვენგან დამოუკიდებლად ხომ არ ხდება, შესაბამისად, ჩვენც ვსარგებლობთ ამ სიახლით.
-უკმაყოფილო მომხმარებელი და პიარის როლი.
სოციალური ქსელებისა და პლატფორმების გამოყენებამ სრულად შეცვალა უკმაყოფილო მომხმარებლის პროფილიც და პიარის როლიც. ადრე თუ მომხმარებელს პრეტენზია ჰქონდა, უნდა დაერეკა ცხელ ხაზზე ან დაეხარჯა ტრანსპორტში დრო და მისულიყო ადგილზე. დღეს კი საკუთარი ოთახიდან შეუძლია გააკეთოს ლაივ ჩართვა, რომელიც თუ რეზონანსული აღმოჩნდა, იმავე საღამოს გაშუქდება ტელევიზიებისა და სხვა პოპულარული მედიასაშუალებების მიერ - ამიტომ, პიარის როლი უმთავრესია - უნდა ვიყოთ არა რეაქტიული, არამედ, პროაქტიული კომუნიკაციისას. ერთი მცირე პრეტენზიის დაფიქსირებაც კი არ უნდა გამოგვრჩეს, რათა ეს წვეთი დიდ ტალღად არ მოგვიბრუნდეს. ამიტომ, პირველი რასაც ვურჩევ ხოლმე კომპანიებს, არის ხშირად დასმული კითხვების გაანალიზება, მესიჯ ბოქსის შემუშავება და სოციალურ ქსელებზე ადმინისტრატორების მორიგეობის გახანგრძლივება.
-თვისება(ები) რაც გამოარჩევს პიარ პროფესიონალს.
მოსმენისა და დაკვირვების უნარი, შეცდომების აღიარება და სხვისი აზრის გათვალისწინება. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა პიარში დასაქმებული ადამიანები ერთად წყვეტენ პრობლემებს, ერთად მუშაობენ სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტზე.
-როგორია „მომავლის პიარი“?
ტექნოლოგიების მაქსიმალურ ინტეგრაციაზე ორიენტირებული.
-რჩევა მომავალ კოლეგებს.
კვლევის გარეშე არაფერი არასდროს დაგეგმონ და არ მოერიდოთ კითხვების დასმა.
-წარმატების ფორმულა არის...
თავდაუზოგავი მუშაობა და გულწრფელობა.