Facebook ანუ ოკეანეს შესაძლებლობები - ანუკი ხონელიძის თვალსაზრისი

Facebook ოკეანეა, ოკეანე კი თავის თავში დიდს და თვალუწვდენელს გულისხმობს… სოციალური ქსელიც ასეა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, გააჩნია როგორ გამოვიყენებთ მას, თუმცა ოკეანესთან ისიც აიგივებს რომ აქაც შესაძლებელია დაიკარგო ან შეგჭამონ.

სულ ცოტა 10 წლის წინ კომპანიები სულ სხვანაირად ცდილობდნენ იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვას, სხვა გამოწვევები ჰქონდათ და სხვა მოგვარების გზები, ახლანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას რომ უფრო მარტივი იყო მაშინ ყველაფერი ვიდრე ახლა…
რატომ?

მაშინ სოციალური ქსელი ისეთი აქტიური არ იყო კომპანიებისთვის, როგორც ახლა. დღევანდელობაში პირველი რაც ხდება Facebook-ზე გვერდის შექმნაა, ცდილობ ნაკლები დანახარჯით ბევრს მიაწვდინო ხმა, დაგინახონ ისეთი როგორიც გინდა რომ დაგინახონ და წერო ისე როგორც გინდა რომ გაიგონ, თუმცა ეს ყველაფერი მარტივი არაა, ამასაც ბევრი დრო და გამოცდილება სჭირდება რომ შეგამჩნიონ, გაგიცნონ, დაგაფასონ… სჭირდება რომ მარტო სოციალური ქსელით არ ეცადო იმიჯი შეიქმნა, გარეთაც იგივე უნდა იყო, მაღაზიაშიც ან ნებისმიერ ორგანიზაციაში, ყველა კონსულტანტი, მენეჯრი, მიმტანი, დირექტორი, ყველგან ერთი უნდა იყო, ერთი აზრით და შთაგონებით კომპანიის შესახებ და მაშინ გამოვა, ყველაფერი გამოვა და შეგიყვარებენ. 

მაგრამ… 

თუ შეგეშალა, თუ ემოციებს აყევი, თუ პირად კრიტიკად ან შეურაცყოფად მიიღე Facebook-ზე დაწერილი კომენტარი და პირადი გადმოსახედიდან გაეცი პასუხი მომხმარებელს, ან უბრალოდ არ გაეცი და საერთოდ უკომენტაროდ დატოვე, წაშლაზე აღარაფერს ვამბობ, მაშინ გადაგივლიან და წყალში ჩაიყრება ყველა შრომა, ყველა კარგი საქმე და თავზე გემხობა მთელი შენი იმიჯიც და რეპუტაციაც.

ამ თემაზე წერის ინსპირაცია ერთ ერთი სოციალური ქსელში შექმნილი გვერდი იყო, სადაც სხვადასხვა კომპანიების კრიტიკა ხშირად იწერება, რის შემდეგაც კომპანიები ცდილობენ თავისი შეცდომის გამოსწორებას, ეს კარგია, მაგრამ თუ ვეცდებით და საჯაროდ გამოქვეყნებამდე მოვაგვარებთ პრობლემებს, თუ ბოდიშის თქმა არ დაგვეზარება და არც დაგვენანება, მაშინ კი, “შეცდომები მოსულა” და პატიებაც უფრო მარტივი იქნება.

თეგები