ადამიანის უფლებები და საზოგადოებასთან ურთიერთობა ვინ გინდა იყო შენ?

ამ პოსტში არ წერია 5 რჩევა ეფექტური კომუნიკაციის განსახორციელებლად, ან მეთერთმეტე რჩევა მომხმარებელთა ნდობის ასამაღლებლად, ან რა სახის პიარ ინსტრუმენტებია ყველაზე პოპულარული 2019 წელს, ან რაზე ფიქრობს თქვენი უფროსი, ან გვეშლება რამე თუ არა. 

ეს არის უფრო კომპლექსური მიდგომა, რაც დაგაფიქრებთ, შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც, ან თქვათ, რომ ამას ხომ ისედაც ვაკეთებთ, ან იფიქროთ რომ თქვენ არ გეხებათ, მაგრამ გააზრების შემდეგ შეიძლება რამდენიმე თქვენგანმა ეს მიდგომა მაინც დანერგოთ.
ჩემი დაკვირვებით GOOGLE-ს ქართული საძიებო სისტემა ვერ ეძებს ინფორმაციას სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანის უფლებები ერთად იქნება მოხსენიებული. იმიტომ ვერ ხედავს, რადგან ჩვენ არ ვწერთ.

სფეროს სპეციალისტები ხშირად კითხულობენ თუ რა ტრენდებია საზოგადოებასთან ურთიერთობაში წელს, ან როგორი იყო შარშან? პირადად ჩემთვის მხოლოდ ერთი ტრენდი არსებობს - ადამიანის უფლებებზე მორგებული კომუნიკაცია.

ბრენდირებული ბუშტი, სახალისო წვეულება, ბენდი, ფოტო-ჩარჩო, პირდაპირი ეთერი, სოციალური მედია თუ სხვა ატრიბუტებ-აქტივობებ-ინსტრუმენტებ-არხები ყოველთვის კარგია, მაგრამ უფრო შედეგიანი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ რას წაახალისებს თითოეული აქტივობა.

ვინ გინდა იყო შენ? ორგანიზაცია, რომელიც თანასწორობას უწყობს ხელს? გმობს სიძულვილის ენას? არ არღვევს სხვების უფლებებს და ამას ყველაფერს საკუთარი თავიდან იწყებს?

ვიტყვი რომ დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულების დანერგვა, რომელსაც ადამიანის უფლებებზე მორგებული მიდგომა ჰქვია, რაც გულისხმობს:

  • საზოგადოების ჩართულობის გაზრდას;
  • საქმიანობის გამჭვირვალობას;
  • ყველა სახის დისკრიმინაციისთვის არას თქმას და თანასწორობის მხარდაჭერას!
  • სამიზნე ჯგუფების გაძლიერებას;
  • საქმის კანონის ფარგლებში წარმართვას, რადგან სხვისი უფლებები არ იყოს უგულებელყოფილი;

ეს არ არის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს არის უფრო კომპლექსური მიდგომა საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის ყველა მიმართულებაში, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეულ აქტივობაში, კამპანიაში ან ერთჯერად ღონისძიებაში.

ამ შემთხვევაში ხარ ორგანიზაცია, ბრენდი, ინსტიტუტი, რომელიც მთავარი ღირებულებების წახალისებას ახდენს და შენი მომხმარებელი არის ამაყი, რომ შენი ნაწილია!

ამიტომ არ არის მთავარი რესტორნის ქსელები გაბარია თუ საბანკო, არც ის რამდენი პროცენტით იზრდება ორგანიზაციის შემოსავალი, არც ის 3 კაცი გყავს დასაქმებული, თუ 3 000. ადამიანის უფლებები ამოსავალი წერტილი უნდა იყოს შენთვის და კონკრეტული აქტივობები, რომელსაც დაგეგმავ მის ძირითად პრინციპებზე უნდა იყოს მორგებული.

ამიტომ თუ მოგბეზრდა იმის მტკიცება, რომ პიარ სპეციალისტობა არ ნიშნავს მხოლოდ პრესრელიზების წერასა და მედიასთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, ცვლილებების დროა!

ნათია ქანთარია– კომუნიკაციების სპეციალისტი

თეგები