რა გინდა ცხოვრებისგან - წარმატება?! – ელდარ პირმისაშვილის ბლოგი
წარმატება ცეკვას ჰგავს, ჯერ სურვილი უნდა გაგიჩნდეს, შემდეგ კარგი მასწავლებელი იპოვნო, შემდეგ ბევრი იწვალო, იშრომო, ბევრი რეპეტიცია გაიარო და ბოლოს კონცერტი გამართო. შედეგად, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, შენც და გარშემომყოფებიც კმაყოფილები დარჩებიან – აი, ეს არის წარმატება!
თუმცა თუ არ გიყვარს, რასაც აკეთებ და ვნებით არ ხარ შეპყრობილი - წარმატება არ გამოვა. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა: ვინ არიან წარმატებული სამსახურში - ისინი, ვისაც სჯერა, რომ უნდა აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს თუ ისინი, ვისაც სჯერა, რომ რა საქმესაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს ის. პირველი კატეგორიის ხალხი წარმატებულად გრძნობს თავს სამსახურებში, ხოლო მეორენი ისწრაფვიან მიუახლოვდნენ მათ, ვინც საყვარელი რამ აქციეს საქმედ.
მახსოვს, ევროპელმა კოლეგამ გამიზიარა აზრი, როგორ მუშაობენ ისინი პიარფირმაში შემოქმედებითი პროცესის დაგეგმვის დროს, "fresh start" - ასე ეძახდა ესპანელი მარია თავის გამოგონებას, რომელიც, ზოგადად, აპრობირებული მეთოდია თანამედროვე PR სპეციალისტებისთვის. ,,უნდა გათავისუფლდე ფიქრებისგან, რომ დატოვო გონებაში ადგილი ახალი იდეებისა და შეგრძნებებისთვის" – მიყვებოდა ის, ”გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გარემო იძლევა ინსპირაციას, ახალ იდეებს და გიჩვენებს ახალ შესაძლებლობებს". მიყვებოდა, როგორ აგზავნიან ისინი თანამშრომლებს სხვადასხვა ქვეყანაში ახალი იდეების მოსაძებნად და ეს ,,განიავება" როგორ ეხმარებათ მათ წარმატების მიღწევაში.
კალიფორნიელი პროფესორი დებორა ოლსონი თავის ნაშრომში: „წარმატების ფსიქოლოგია” გვთავაზობს წარმატებისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორ მივმართოთ ჩვენი განწყობა და ფიქრები წარმატებისკენ: ,,მიმართეთ თქვენი ფიქრები სწორი მიმართულებით და მიიღეთ ჯილდო ცხოვრებისგან!"– ამბობს ის.
დებორა ოლსონის 7 რჩევა წარმატების მისაღწევად:
• იყავით შეპყრობილი – მოტივირებული იმ საქმით, რაც გიყვართ;
• განამტკიცეთ პერსპექტივები – დაინახეთ მოვლენები დიდ სურათზე;
• აიღეთ პასუხისმგებლობა და ინიციატივები თქვენს თავზე;
• მარტივად მიიღეთ წარუმატებლობა და აქციეთ ის ენთუზიაზმად;
• გამოიყენეთ რესურსები საუკეთესოდ;
• ყოველთვის უსმინეთ შინაგან ხმას;
და
• ყოველთვის დარჩით პოზიტიური.