შენთვის რა არის წარმატება?! – ელდარ პირმისაშვილი
წარმატების დანახვა მარტივია, დილით სარკეში ჩახედვისას ჩანს! იფიქრეთ, როგორი გინდათ, რომ იყოთ სარკეში ჩახედვის დროს და მიხვდებით, რა არის წარმატება თქვენთვის.
წარმატება გემოვნებას ჰგავს, ამბობენ არ დავობენო, მაგრამ წარმატების საკითხზე ყველაზე ხშირად დავობენ.
წარმატების გაზომვა ინდივიდუალურია - ზოგიერთი, ფულით, ქონებით, კარიერული წინსვლით ან გავლენებით ზომავს მას, ხოლო ზოგი ცხოვრებაში მიღწეული შედეგებით, ბედნიერებით და ცხოვრებისგან მიღებული კმაყოფილების დონით.
დროთა განმავლობაში წარმატების ,,ფორმულა" იცვლება, უორენ ბაფეტზე ვკითხულობდი წიგნს, მას უთქვამს: თუ შუახნის ასაკში თქვენზე კარგს არ ამბობენ, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეთ, თქვენ კატასტროფული ცხოვრება გაქვთო - ეს ,,ფორბსის" მილიარდერების სიის თავში მყოფი უორენ ბაფეტია და მისი წარმატება ბევრისთვის სარწმუნოა. მან მოგვიანებით დაამატა, რომ ,,წარმატება არ უკავშირდება სიმდიდრეს, ძალაუფლებასა და დიდებას, აქ გადამწყვეტი მხოლოდ სიყვარულია, სიყვარულს ვერ იყიდი“ – ამბობს ის. მიშელ ობამა წარმატებას განმარტავს, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას, შეცვალო ან დაეხმარო სხვა ადამიანებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.
თანამედროვე მეცნიერები წარმატების ფორმულირებისას ამბობენ, რომ წარმატებული ხარ მაშინ, როდესაც მოგწონს შენი თავი, მოგწონს, რასაც აკეთებ და მოგწონს, როგორც მიდის შენი ცხოვრება.
ადამიანების უმეტესობა წარმატებას მარტივად ახასიათებს და მას ,,კარგ ცხოვრებას“ უწოდებს. თანამედროვე სამყაროში, სადაც სტრესი, აჩქარებული ცხოვრების რიტმი და „წარმატებულობის ფობია“ ადამიანებს ფიქრისა და ანალიზის უნარს ართმევს, რაც საზოგადოებასთან გაუცხოებას და არაჯანსაღ ამბიციას აჩენს, სწორედ ამიტომ, მიღწევებისა და წარმატების ფსიქოლოგიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრი და ანალიზია. დაფიქრდით და გააანალიზეთ, რა არის თქვენთვის წარმატება, სიტუაციის შეფასებაში შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ:
· რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში ?
· რა ქმნის თქვენ წარმატებას?
· რაზე ოცნებობთ?
· ვინ არიან თქვენი მისაბაძი ადამიანები და რატომ?
· რა მიზნები და მოლოდინები გაქვთ ცხოვრებაში?
· რა გინდათ, თქვენზე რომ თქვან გარშემომყოფებმა?
· რითი გაზომავთ წარმატებას?