ქეთევან ბოჭორიშვილის წარმატების ისტორია
ქეთევან ბოჭორიშვილს სჯერა, რომ თუ მოინდომე, ყველაფერი გამოვა და რომ ყველაფერი მიღწევადია, თუ გაქვს მიზანი! მას ამ სიტყვების თქმის უფლებას აძლევს მისი თითქმის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ქეთევან ბოჭორიშვილის სახელი უკავშირდება ისეთი პროექტები, როგორიცაა “აწარმოე საქართველოში”, “უმასპინძლე საქართველოში”, “გადაიღე საქართველოში”, ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში თუ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ხელშეწყობა.
დღეს ქეთევან ბოჭრიშვილის წარმატების გზა ახალი გამოწვევას უმკლავდება. ახლა უკვე „ანაკლია სითის“ გენარალურ დირექტორს სჯერა, რომ ისეთი ამბიციური პროექტი, როგორიცაა, ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, იქნება მსოფლიო პროექტი და რომ ის ქვეყანას კიდევ უფრო სხვაგვარად წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე.
საუბრისას გახსნილია. ამბობს, რომ მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, საქმის კეთების შესაძლებლობა და არეალი ჰქონოდა. „ჩემი ხელმძღვანელები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და მათ მომცეს შესაძლებლობა, თითოეული იდეა წარმატებულ პროექტად გადამექცია.“
კიდევ ერთი შტრიხი, რომელიც მის პიროვნებას ზუსტად ახასიათებს – მას არასდროს უთქვამს, რომ სწავლა დაამთავრა. საქართველოში, ამერიკასა თუ იტალიში საკუთარ განათლებას ყოველთვის თვითონ აფინანსებდა. ამბობს: „სულ მინდა მეტის გაკეთება, მეტის მოსწრება, მეტი ენერგია, ცვლილება, განვითარება; ეს არის ჩემი რეჟიმი, ჩემი ცხოვრება და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არჩევანი. მსოფლიო სწრაფად ვითარდება და შენ უნდა იყო კონკურენტუნარიანი. არაფერი არ მიმიღწევია მარტივად. როდესაც შრომობ, დაგიფასდება“
ქეთევან ბოჭრიშვილის ხასიათი, ვფიქრობ, ყველაზე კარგად იმ ისტორიაში ჩანს, რომელიც ყაზბეგის მთის დალაშქვრას უკავშირდება. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეს იყო პირველი მცდელობა, როდესაც მეგობრებთნ ერთად მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ ფერისცვალება დღეს, ამინდმა აღარ მისცა საშუალება გზა გაეგრძელებინათ და ჯგუფი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
იხსენებს: „ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ ბოლომდე ავსულიყავით. თუმცა ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. რთულია ნაბიჯები გადადგა, როდესაც ჟანგბადის ნაკლებობაა, ატარო ზურგზე მოკიდებული ბარგი. ჩანთა, რომელიც წასვლამდე მოვამზადე, ისეთი მძიმე იყო, რომ დილით მანქანაში ჩადებისას დამეხმარნენ. თუმცა, მისი ტარება მომიწია.
მთის წესია ასეთი, ზუსტად იმდენი უნდა წამოიღო, რისი ტარებაც შეგიძლია და არაფერი ზედმეტი. ასევე მთლიანად შენს ძალებსა და შესაძლებლობებზე უნდა იყო დამოკიდებული. ცხოვრებაც განა ასე არ არის?!
რადგან აქამდე არც ერთი მთა, მწვერვალი არ მქონდა დალაშქრული, ბოლომდე ასვლის სურვილი ჩემში ძალიან დიდი იყო. მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ რისკი დგებოდა, რომ ეს არ დასრულდებოდა მშვიდობიანად, ამ დროს გადაწყვეტილებას ძალიან ცივი გონებით ვიღებ და ვცდილობა გონივრულად შევაფასო შესაძლო შედეგები.
ჩემი წარმატების გასაღები კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას სწორედ ისაა, რომ არ მერიდება აზრის და რჩევის კითხვა, შემდეგ მოსმენა და გათვალისწინება.
მომწონს, ნებისმიერ საკითხის მრავალ ჭრილში დანახვა. ნებისმიერი პროექტის განხორციელებას ასე ვიწყებ – აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მქონდეს ამ პროექტის წარმატებულ და წარუმატებელ ანალოგიების შესახებ. ვიგებ, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა. შეასძლებელია, იდეა იყოს ძალიან კარგი, მაგრამ მისი განხორციელება ახლა და ამ რეალობაში არ იყოს ოპტიმალური. მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვრო, ეს იდეა, ჩვენს რეალობაში ამუშავდება თუ არა.
ასევე არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ პროექტს ძალიან პატარა რისკი ჰქონდეს, რომელსაც იმ მომენტში ვერ ხედავდე და შესაბამისად, ვერც ითვალისწინებდე. ამ დროს მნიშვნელოვანია, პროექტში ჩართულ გუნდის ყველა წევრს საშუალება მისცე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. შემდეგ ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.
ასე მოხდა პროექტ „ანაკლია სითის“ შემთხვევაშიც. მსოფლიოში ძალიან ბევრი სპეციალური ეკონომიკური ზონაა, მაგრამ წარმატებული თითზე ჩამოსათვლელი. ჩვენ შევისწავლეთ სამხრეთ კორეის მაგალითი, აქაბას მაგალითი, რომელიც ზღვისპირა და საპორტო ქალაქია სამხრეთ იორდანიაში. ასევე გავეცანით დუბაის, ჰონგკონგის, ყაზახეთის და ბევრ სხვა მაგალითს. ჩვენ ადგილზეც ჩავედით და შევხვდით მენეჯმენტს. ეს ერთი–ერთი ნაწილია იმ პროცესის, რომელსაც ინფორმაციის შეგროვება–ანალიზი შეიძლება ვუწოდოთ. პარალელურად კერძო კომპანიებთან ვმუშაობთ, ვტესტავთ იმ მიდგომებს, რომელიც ჩვენმა გუნდმა ჩამოაყალიბა. გვაინტერესებს, მთელი ეს სისტემა რა შემთხვევაში იმუშავებს და რა შემთხვევაში არა. შემდეგ უკვე ბიზნესიდან წამოსული რეკომენდაციებით, მივიღებთ იმ კონცეფციას, რომელიც გამართულად იმუშავებს და ბევრ კომპანიას სარგებელს მოუტანს. ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაო, შექმნილი ინფრასტრუქტურა, საბოლოოდ ბიზნესმა უნდა ისარგებლოს.
მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მინდოდა ისეთი პროექტი გამეკეთებინა, რომელიც წლებს გაუძლებდა და ქვეყანას დიდი ხნის მანძილზე მოუტანდა სარგებელს. ამის მისაღწევად აუცილებელია, რომ ხედავდე რა გამოწვევები აქვს კერძო სექტორს და მას შესაბამისად პასუხობდე. მე მართებულად არ მიმაჩნია, რომ პროექტი გაკეთდა და შეგიძლია დაისვენო. არა, ის უნდა მუდმივად ვითარდებოდეს, ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს დროის გამოწვევებს. სხვაგვარდ არც ერთი საქმე არ იქნება წარმატებული.“
ქეთევან ბოჭრიშვილის წარმატების ისტორია, ცხადია, აქ არ სრულდება.
სრულ ვერსიას უკვე გამოცემაში „50 წარმატების ისტორია“ შემოგთვაზებთ. 200 გვერდიანი წიგნი 2018 წლის 24 ნოემბერს,დეილ კარნეგის 130 წლის იუბილეზე გამოიცემა.
წარმატებაა იმის მიღწევა, აკეთო ის, რაც გიყვარს. ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც მიაღწიე“ ‼️
დეილ კარნეგი
ავტორი: ლელა წითლანაძე
“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი