რამაზ გემიაშვილის წარმატების ისტორია
რამაზ გემიაშვილი – მსახიობი, კონდიტერი, მზარეული, არაერთი კაფისა და რესტორნის სამზარეულო კონცეფციის ავტორი, დღეს თბილისში ყველაზე პოპულარული რესტორნის „ქეთო და კოტეს“ მეპატრონეა. ფიქრობს, რომ საქმეში წარმატებას რომ მიაღწიო, მნიშვნელოვანია ინტუიცია, ინტუიცია, როგორც რისკი, როგორც წარმატების მოლოდინი, როგორც დროის შეგრძნება. ინტუიციით მოქმედებს და ზუსტად გრძნობს, როდის რა არის გასაკეთებელი და რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.
„ლიტერატურული კაფე“ რამაზ გემიაშვილის წარმატების ისტორიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მახსოვს, ქალაქში ხმები დადიოდა, რომ უგემრიელესი ნამცხვრები, რომელიც ლიტერატურულში იყიდებოდა, ებრაელი თუ იტალიელი აცხობსო. ადამიანები ვერ უშვებდნენ იმას, რომ ქართველი კაცი შეიძლება ნამცხვრებს აცხობდეს. მან დაამსხვრია სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განვითარების საშუალებას დღესაც არ აძლევს. საქართველოში დღემდე დესერტები თითქმის „გენდერული“ საკუთრებაა და ის ქალებს ეკუთვნის, რამაზმა კი დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ნამცხვრების ცხობა შეუძლია. მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა.
აქ შეიძლება დასრულებულიყო კიდეც ეს ისტორია, რადგან მჯერა, რომ ამ პატარა ეპიზოდმა მოგცათ იმის ინსპირაცია, რომ იფიქროთ განსხვავებულად!
ისტორია, ცხადია, აქ არ დასრულდება.
კიდევ ერთი სტერეოტიპის მსხვრევის ამბავიც მინდა გაგიზიაროთ, რომელიც რამაზ გემიაშვილის წარმატების ისტორიის საკვანძო მომენტია. ისტორიის ამ მონაკვეთს შეგვიძლია ვუწოდოთ „შეფ–მზარეული რამაზ გემიაშვილი“ . დამეთანხმებით, საბჭოთა ეპოქაში მზარეულობა, ანუ „პოვრობა“, არც თუ ისე პრესტიჟულ საქმიანობად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი დღემდე არ არის ბოლომდე დამსხვრეული. რამაზის წარმატების ისტორია კი ბევრს ამ სტერეოტიპსაც დაუმსხვრევს.
ჩვენი საუბარი რესტორან „ქეთო და კოტეს“ მყუდრო ეზოში შედგა. საღამოს საათები იყო და თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული ან დაჯავშნული აღმოჩნდა. როდესაც ეს სივრცე იქმნებოდა, ფიქრობდნენ, რომ ის ისეთ ადგილასაა, ბევრი ვერ მიაგნებდა. გამოგიტყდებით, მეც კითხვა–კითხვით მივაგენი. თუმცა, გახსნის დღიდან ყოველ საღამოს რესტორანი სავსეა და ყველ ა სტ უ მარს ბედ ნიერი სახე აქვს.
რამაზი ეზოში იჯდა. მაგიდაზე ძველი ფარდის წითელი და ყვითელი აბრეშუმის არშიები ელაგა, ცხადი იყო, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, რაღაც ახლის შექმნას აპირებდა. ისე, როგორც რესტორნის ინტერიერში, ძველი ლამფების სრული ტრანსფორმაცია მოახდინა. ძველი ნივთების ასეთი გარდასახვა ერთ–ერთ სტუმარს ისე მოსწონებია, რომ მისი დამზადება დაუკვეთავს. მეუბნება, რომ ხატვა მისი კიდევ ერთი გატაცებაა და რომ მის ნამუშევრებს დიდი სიამოვნებით ყიდულობენ, როცა აქვს. მივხვდი, რომ საინტერესო ადამიანთან მქონდა საქმე, რომელიც ერთი წუთითაც არ ისვენებს. ერთდროულად შეუძლია რამდენიმე საქმე აკეთოს.
ამბობს, რომ ურთიერთობებში ღიაა. უყვარს, როცა ახალს აღმოაჩენს და მას სხვებსაც უზიარებს. ეს შეიძლება იყოს კერძი ან ნამცხვარი. შემდეგ აკვირდება და მზად არის შეცვალოს, გააუმჯობესოს, თუ ეს საჭიროა. მეც, როდესაც ახალი რეცეპტით გამომცხვარი ნამცხვრების დაგემოვნება შემომთავაზა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. შოკოლადი ძალიან მიყვარს და პირველი სწორედ შოკოლადის ნამცხვარი გავსინჯე, ბავშობის გემო გამახსენდა–მეთქი, ვთქვი. ჩვენი საუბარიც ბავშობის წლების გახსენებით დაიწყო:
„მე ქართლში ვცხოვრობდი, სოფელ წვერში, ქარელთან ახლოს არის. სასიამოვნოდ მახსენდება ზაფხული, ყველაზე აქტიური პერიოდი იყო მაშინ ჩემთვის. თბილისიდან ბევრი ბავშვი ჩამოდიოდა და ჩამოჰქონდათ თავიანთი ჩვევები, ამბები, ნივთები. ჩემთვის მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. ვაკვირდებოდი, მაინტერესებდა სხვა როგორ ცხოვრობდა, რით ვგავდით ერთმანეთს ან რით განვსხვავდებოდით. სექტემბერში გარემო ცარიელდებოდა და სევდა მრჩებოდა. ახლაც ასე ვარ. რამდენიმე დღის წინ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სტუმარი მყავდა. წავიდა და სევდა დამრჩა. ამ დროს თითქოს ჩემში ცარიელი ადგილები ივსება, საიდანაც შემდეგ რაღაც ახალი იბადება.
პაპის ძმა შემორჩა ჩემს მეხსიერებას და იმდენად მძლავრად, რომ ის დღესაც სულ ჩემთან არის. ის ჩემთვის სანიმუშო ადამიანი იყო, შრომისმოყვარე და გამრჯე. მეც მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი.
მსახიობობა – ეს ოცნებაც ბავშობაში გაჩნდა. საიდან მოვიდა ჩემში, ასე ვერ ავხსნი. მაგრამ ის კარგად მახსოვს, როგორ ვდგამდი სპექტაკლებს, თოჯინების თეატრს. წარმოიდგინეთ, თოჯინებს ჩემი ხელით ვამზადებდი. ზაფხულში, ფრონეს ხეობაში ვბანაობდით და იქ იყო თიხა, რომლის დამორჩილებაც შემეძლო. დავიწყე ფიგურების გამოძერწვა. ხან თონეში ვაშრობდი და სკდებოდა, ხან მზეზე. იქამდე ვიმუშავე, ვიდრე სრულყოფილებას არ მივაღწიე, ისეთს, სხვებმა რომ მითხრეს, რომ კარგიაო. მახსოვს, ისტორია პომიდორზე. პომიდორს ეზოში თუ დაკრეფ, საოცრად არომატულია, სამზარეულოში კი თავის სრულყოფილებას აშაკარად კარგავს. ამიტომ მე მას ფოთლები დავუმატე და ამით მეტი არომატი და სრულყოფილება შევძინე. ასეთი ექსპერიმენტები ჩემს ბავშობაშივე უხვად იყო.
ახლაც, რასაც ვაკეთებ, მინდა სრულყოფილი იყოს. იმ ეტაპისთვის მაინც, როცა კონკრეტულად რაღაცას ვაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სრულყოფილებისკენ სწრაფვა და შემდეგ მიღწევა, გაძლევს დიდ მოტივაციას. ეს სიამოვნებასაც განიჭებს. მე უფრო მეტად მიხარია, როცა სხვებსაც იგივე ემოცია უჩნდებათ, რაც მე და ემოციის თანაზიარი ხდება.
ბავშობის ოცნება ამისრულდა და გავხდი კიდეც მსახიობი, ვთამაშობდი ჯერ პანტომიმის თეატრში, შემდეგ უკვე მარჯანიშვილში. ერთ დღეს კი მივხვდი, რომ ეს გზა ვეღარ გაგრძელდებოდა. თეატრმა ბევრი რამ მომცა, უფრო განმიმტკიცა, რაც ჩემში უკვე იყო. ისე მოხდა, რომ პრაქტიკა თეორიაში გადამიტანა. თუნდაც ის, რომ განწყობის შექმნა შეიძლება. ყოველთვის ხომ არ ხარ იმის განწყობაზე ტრაგიკული ან კომედიური როლი ითამაშო? ცხოვრებაშიც ასეა, არა?!
მახსენდება ერთი ამბავი. როდესაც „კულინარიული აკადემია“ ჩამოყალიბდა, მთხოვეს, ახალგაზრდებისთვის ჩემი ცოდნა გამეზიარებინა ანუ იმას რასაც ჩემით ვაკეთებდი, თეორიული სახე უნდა მიმეცა. მაგალითად, ფენოვანი ცომი აუცილებელია, რომ გაყინო, რომ შემდეგ ფორმებში მოათავსო. სხვა შემთხვევაში სწრაფად გადნება და ფორმას დაკარგავს. მე ეს ცოდნა პრაქტიკიდან მქონდა, არადა ყველა ასე აკეთებს.
აქ მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ ყველანაირი თეორია პრაქტიკიდან წამოსული იდეაა. სწორედ ამიტომ ახლის შექმნისას არასდროს შემშინებია. რაც არ მომწონდა ვცვლდი. ზუსტად ვიცი, რა არ მინდა და ეს თვისევბა ახლა ჩემს უმცროს შვილში აღმოვაჩინე და გამიხარდა.
არ მომწონდა დიდ ნაჭრებად დაჭრილი ნამცხვრები, რომელსაც გემოც დაკარგული ჰქონდა და შევცვალე პატარა, გემრიელ ნამცხვრებად.
ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
"ეს არის კიბე იდეიდან წარმატებამდე!“
Pშ. ისტორია არც აქ მთავრდება. ის შეგიძლიათ თავადაც გააგრძელოთ, თუკი რესტორან „ქეთო და კოტეს“ ესტუმრებით.
ავტორი: ლელა წითლანაძე
ლელა თსიტლანადზე
“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი