ზურაბ დვალის წარმატების ისტორია
ზურაბ დვალი დღეს ჩეხეთში, პრაღაში ცხოვრობს და ჟურნალისტურ საქმიანობას აქტიურად განაგრძობს. ამაყობს, რომ 50 წლის ასაკში, თავის პროფესიაში ის ისევე მოთხოვნადია, როგორც ეს წლების წინ იყო !
მის გადაცემას ასეც ჰქვია: "Ждем в гости с Зурабом Двали", რომელიც “რადიო თავისუფლების” სატელევიზიო არხზე, Настоящее Время-ზე გადის.
მისი წარმატების ისტორია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. 20 წლის ასაკში მისი პირველი ჟურნალისტური ნამუშევარი გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ ისტორიას წინ საოცარი ამბავი უძღვის და როგორც მან გამიმხილა, ეს ისტორია ჯერ არსად არ მოუყოლია. თუმცა, მისი გადაწყვეტილებები რომ გაიგოთ, უნდა ვთქვა, რომ ზურაბ დვალის წარმატების მამოძრავებელი ძალა თვითგანვითარებაა !‼️
ცდილობს არ მოდუნდეს, კარგ ფორმაში იყოს. ყოველთვის საკუთარ თავზე მუშაობს. სომელიეს კურსებიც კი გაიარა იმისათვის, რომ ქართული ღვინის ფენომენს ღრმად ჩასწვდომოდა. უფრო ადრე, ახალგაზრდობაში როკ-ჯგუფიც ჩამოაყალიბა და როკზე პროფესიონალურ სტატიებსაც წერდა.
„ყველაფერი უნდა გაინტერესებდეს“ - ამბობს ზურაბ დვალი და იმასაც გვიმხელს, რომ ახლა დაივინგის შესწავლა აქვს განზრახული, ცოტა მოგვიანებით, პატარა თვითმფრინავის პილოტირება უნდა რომ ისწავლოს. მიაჩნია, რომ ადამიანი მაშინ ბერდება, როცა ეკარგება ცხოვრების ინტერესი და ჩერდება.
გაჩერება ადამიანის არჩევანია, ისევე როგორც წარმატებისკენ სვლა !‼️
მისმა წარმატების ისტორიამ საინტერესო გზა განვლო. წარმატების გასაღები მის ბავშობაში, იმ ისტორიებსა და ფასეულობებში დევს, რომელიც მას ოჯახმა გადასცა.
ზურაბის მამას, რომელსაც ასევე ზურაბი ერქვა, ინჟინერი იყო. მამის ისტორიის გარეშე შეუძლებელია ამოხსნათ ზურაბის წარმატება, საუბარსაც ასე იწყებს:
„მამის წინაშე ქედს ვიხრი. მან ცხოვრებისთვის მომამზადა. ჩემში მისი ბევრი თვისებაა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ მამის აღზრდის მეთოდი იმაში იდო, რომ შორიდან მიყურებდა, მაკვირდებიდა, ცდილობდა არ ჩარეულიყო და ყველაფერი მე თვითონ გამეკეთებინა. მე დღეს მადლიერი შვილი ვარ. მამაჩემი ჩემთვის მისაბძი ადამიანია, ავტორიტეტი !
მახსოვს, მამას სულ წიგნი ეკავა ხელში და სულ საკუთარ თავზე მუშაობდა. არ უყვარდა ეს ქართული ღრეობები. სოფლიდან ჩამოსულმა ბიჭმა შესაძლო, რომ ერთ-ერთი დიდი ქარხნის დირექტორი გამხდარიყო.
20 წლის იყო, როცა ინსტიტუტი დაამთავრა და განაწილებით ტულაში, პრაქტიკის მისაღებად მეტალურგიულ კომბინატში გაანაწილეს. ახალი დაოჯახებულიც იყო. ჩასულს იმ დღესვე შესთავაზეს, რომ შესაბამის საბუთებზე ხელს მოუწერდნენ და პრაქტიკასაც ჩაუთვლიდნენ. მამამ იუარა და პრაქტიკის გავლა მოითხოვა. როგორც დედა ჰყვება, გაცხარებულა კიდეც. ითხოვა საამქროში მუშის ადგილი დაეთმოთ. რიგით მუშად დაიწყო და მერვე წელს უკვე დირექტორის მოადგილე გახდა. ასეთი შეუპოვარი იყო. უნდოდა კარგად შეესწავლა მეტალურგია, ამ საქმეში ყველა დეტალი სცოდნოდა და ისწავლა კიდეც. თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი, კოლექტივისადმი მეც გადმომეცა.
მე უფრო ახალგაზრდა ვიყავი, როცა დიდი გამოცდის ჩაბარებამ მომიწია და ეს საბჭოთა ჯარი იყო.
მახსოვს, მამამ მკითხა, ჯარში წასვლაზერას ვფიქრობდი, ვუპასუხე, უნდა წავიდე-მეთქი. მეც ასე ვფიქრობო - მიპასუხა. არადა, ჩემს გარშემო ძალიან ბევრი არ მიდიოდა, სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა, რომ თავი დაეძვრინა. მე წავედი.
ადამიანს წარმატებისთვის მხოლოდ მშობლების ისტორიები არ ჰყოფნის, საკუთარი თავიც უნდა გამოსცადოს. ცხოვრებამ მეც მომიწყო გამოცდა. ხაბაროვსკის ოლქში, წარმოიდგინეთ ეს სად არის, საავიაციო სასწავლებელში მოვხვდი. 18 წლის ვიყავი და სულ ვგრძნობდი, რომ იქ არავინ ვიყავი. იქიდან მოყოლებული, მხოლოდ ერთი ადამიანია ჩემი თავის ბატონ-პატრონი და ეს საკუთარი თავია. კარგი განათლება მქონდა მიღებული და ეს სასწავლებელი წარჩინებით დავასრულე. ამ ფაქტმა განსაზღვრა, რომ ერთ დღეს 20 ახალგაზრდა ამოგვარჩიერს და ასე ვთქვათ, ინტერნაციონალური ვალის შესასრულებლად ვიეტნამში გაგვიშვეს. ეს ამბავი გასაიდუმლოებული იყო, რადგან დახურული ბაზა იყო, კამრანის სამხედრო ბაზა, რომელიც ადრე ამერიკულ ჯარს ეკუთვნოდა, შემდეგ კი რუსეთს გადაეცა. იმ დახურულ ბაზაზე წელიწად ნახევარი გავატარე. ხშირად ვამბობ, ჯარში მე „თვითგადარჩენის დიდი სკოლა“ გამოვიარე-მეთქი. ეს ასეც იყო.
დავბრუნდი ჯარიდან და 2 კვირაც არ იყო გასული, მამა მეკითხება: დიდი ხანი აპირებ სახლში ჯდომას? მუშაობას არ აპირებო? მამის შეკითხვა არ გამკვირვებია. ნამდვილად არ ველოდი, რომ 500 მანეთს ამოიღებდა და მეტყოდა, დასასვენებლად წადიო.
ზუსტად 20 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე რედაქციაში. ეს ისტორია უცნაურად დაიწყო: მოვდივარ ინსტიტუტიდან, რუსთაველზე, გამომცემლობა „სამშობლოს“ ჩავუარე. სულ მინდოდა რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ცხადია, ჩემი მშობლები ჩემს უმაღლესში მოწყობის საკითხშიარ ჩარეულან. მომზადებაში ჩემი უფროსი და დამეხმარა და ასე მოვხვდი პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაუსწრებელზე ვსწავლობდი. ბევრი არ მიფიქრია, კადრების განყოფილებაში მივედი, წარვუდგინე საკუთარი თავი და ვუთხარი, თქვენთან მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. ქალბატონმა ამომხედა, თეთრი, გახამებული პერანგი მეცვა და მითხრა, ჩვენ მხოლოდ ერთი პოზიცია გვაქვს და შენ ამას არ დათანხმდებიო, თავი დაგვანებეო. მაშინვე დავინტრერესდი, რა პოზიცია იყო. მტვირთავის ადგილი აღმოჩნდა და მე მაშინვე ვუთხარი, მზად ვარ-მეთქი და იმ იმედით, რომ ოდესმე რედაქციაშიც დავიწყებდი მუშაობას - ასე მჯეროდა, გავუმეორე, თანახმა ვარ-მეთქი და დავიწყე მტვირთავდ მუშაობა.
ერთი წელი ვიმუშავე გამომცემლობა „სამშობლოს“ სარდაფში. ტონობით ჟურნალ-გაზეთებს ურიკაზე დასტებად ვტვირთავდით. ძალიან კარგი ხალხი მუშაობდა. ჩემი ნაცნობ-მეგობრები ვერ ხვდებოდნენ, იქ რა მინდოდა. ერთხელაც, ერთი ბიჭი მოვიდა, რომელიც გამომცემლობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, გამომელაპარაკა, გატყობ, იქ არ ხარ, სადაც უნდა იყოო და მეც ჩემი ოცნება არ დავუმალე. აღმოჩნდა, რომ "Молодёжь Грузии" მდივანს იცნობდა და შემპირდა გაგაცნობო. იმ დღესვე ამიყვანა, ჩემი არც თუ მომხიბვლელი ფორმით და მდივანი ქალი გამაცნო. მისი საშუალებით კი გაზეთის მთავრი რედაქტორი გია ფაცურია გავიცანი, რომელმაც მითხრა, რომ მასალა მომემზადებინა და მიმეტანა.
ბედისწერაა, აბა რა უნდა დავარქვა ამ ამბავს, რაც შემდეგ მოხდა. იმავე საღამოს მეგობრებთან ერთად გავისეირნეთ რუსთაველზე. შემთხვევით გამოგველაპარაკა ერთი კაცი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ჩამოსული, არასამთავრობო ორგანიზაციას წარმომადგენელი იყო და გვთხოვა 9 აპრილის შესახებ მოგვეყოლა. მე გავუწიე გიდობა. მოვუყევი და ვაჩვენე ყველაფერი. საღამოს, სახლში დაბრუნებულს, უცებ გადავწყვიტე, სწორედ ამ კაცზე დამეწერა. მახსოვს, ასე დავასათაურე „სიმართლისთვის საქართველოში“.
სტატია დილით რედაქციაში მივიტანე. მაშინ რედაქტორიად მიშა ელიგულაშვილი მუშაობდა და სწორედ მას წავაკითხე. მან წაიკითხა და საქაღალდეების თავზე შემოდო. ვზივარ, ხმას არ იღებს. მერე ვკითხე, არ მოგეწონათ ? ამომხედა და მიპასუხა, რომ ხვალინდელ ნომერშიდაიბეჭდებოდა. ეს ისე მარტივად მითხრა. მე კი მთელი ღამე არ მეძინა. ნუთუ ჩემი სტატია ხვალ დაიბეჭდება ? დილით საგაზეთო ჯიხურში 10 ნომერი ვიყიდე. პირველ გვერდზე, პატარა სვეტი იყო, ქვევით მიწერილი: ზ. დვალი.
როგორც ის პატარა სტატია გამეხარდა მაშინ, ისე არაფერი არ გამხარებია. ამის შემდეგ მსოფლიო დონის ჯილდოები მაქვს მიღებული, სად არ ვიყავი, რა აღიარება არ მომიპოვებია, ერთადერთი ქართული პროექტის სახე ვარ, რომელიც იყიდა ევროპულმა არხმა. მაშინ ვფიქრობდი, რომ მთელი სამყარო ჩემი იყო.
ყველა ჩემი ეტაპი, რაც გამოვიარე, ნაკლებად დაგეგმილი იყო. მე ვიტყოდი, ეს იყო უფრო შედეგები იმ პროცესის, რომელსაც მე გავდიოდი. რადიოსადგურ "მაიაკიზე“ შემთხვევით მოვხვდი, მერე რადიოსადგური "დოიჩე ველე" , რადიოსადგური " თავისუფლება" (ჩეხეთი), თბილისში „ინტერნიუსი“ გაიხსნა და გადაცემა "გზაჯვარედინის“ წაყვანა შემომთავაზეს, მერე ტელეკომპანია "ალანია" გადაცემა НЕДЕЛЯ , პიკი.
იმდენი ეტაპი გამოვიარე, ხშირად ყოფილა, რომ რაღაც ჩემით დამიმთავრებია, როცა ვხედავ რომ იქ თავი ამოვწურე. მნიშვნელოვანია, მუდმივი ზრდა, განვითარება. შემოდის ახალი გაჯეტი, ვცდილობ გავერკვე. შემოდის ახალი სამონტაჟო - ვსწავლობ. ვუყურებ ყველა გადაცემას - აბა როგორ დაამონტაჟეს, რა ხერხი გამოიყენეს გრაფიკოსებმა, ჩემს გადაცემაში ხომ არ გამოვიყენო ?
დასანანია, როცა ახალგაზრდა ჟურნალისტები არ მუშაობენ საკუთარ თავზე, დიქციაზე, ინტელექტზე. აკმაყოფილებთ ის, რაც აქვთ. ეს არის წარუმატებლობის წინაპირობა. როდესაც ჩათვლი რომ პროფესიონალი ხარ, იქ მთავრდება ყველაფერი.
დღეს დაკავებული ვარ მოგზაურობითა და კულინარიით, ახალი ადგილების გაცნობით. ეს მაძლევს საშუალებას, არ მოვდუნდე და ვარ ბედნიერი !
ავტორი: ლელა წითლანაძე
Lela Tsitlanadze
“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი