გიორგი ნათენაძის წარმატების ისტორია
„გიორგი ნათენაძის წარმატების ისტორია“ მესხურ ღვინოსა და ტრადიციებზე არ იქნებოდა, რომ არა მისი შეუპოვარი ხასიათი და საქმის ბოლომდე მიყვანის დაუოკებელი ჟინი.
მთავარი ფასეულობა კი რაზეც დღეს ამ ახალგაზრდა მეღვინის საქმე დგას, არის ერთგულება. ერთგულება არჩეული გზის, ერთგულება იმ ადამიანების, ვინც მის გვერდით დგას, ერთგულება იმ კუთხის, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
გიორგი ნათენაძე დღეს 12 სახეობის უნიკალურ „მესხურ ღვინოს“ ქმნის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის.
გიორგი ნათენაძის წარმატების ისტორია იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე გიორგი თავის პირველ ღვინოს ბოთლში ჩამოასხამდა. ეს ღვინის გზა საოცარი ადამაინური ისტორიებითა და ემოციებით არის სავსე. აქ არის შიში და ბრძოლა, მუდმივი ძიება, წინააღმდეგობების დაძლევა და ახალ-ახალი გამოწვევების გამკლავება, რაც მთავრია, წყურვილი ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების. ბევრი ექსპერიმენტი და აღმოჩენები - ესეც ისტორიის ნაწილია. არ ერიდება იმაზე საუბარი, როგორ გაჩერდა რამდენჯერმე ამ გზაზე, როგორ აქცია ზურგი ყველაფერს, მაგრამ ისევ იქ დადგა, სადაც არც კი იცოდა, რომ დიდი წარმატება ელოდა. დღეს ის თავდაჯერებულია, ჰყავს პარტნიორები, მისი ღვინო მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაფასებულია და აქვს პროექტები, სადაც მილიონიან ინვესტიციებს ახორციელებს.
ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ნათენაძე, რომელმაც მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა „ხიზაბავრის ტერასებზე“ დაიწყო, გვიყვება: “წელს “ხიზაბავრის ტერასებზე“ პირველი რთველი ისევე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, როგორც 2016 წელი, როცა აქ პირველი ვაზი დაირგო.
გავაკეთეთ ჯაყელების საგვარეულო ტერასა, გვაქვს ფერეიდნელი ქართველების ტერასა, ასევე იმ სკოლის ტერასა, რომელიც მე დავამთვრე. მახსოვს, როგორი ამაღელვებელი დღე იყო, ემოციებითა და პოზიტიური ენერგიით დამუხტული. ვაზის გაშენების პროცესში საოცრად ბევრი ადამიანი ჩერთო.
ტერასები უნიკალურია იმით, რომ აქ თავმოყრილია მესხური ვაზის 24 ჯიში: თამარის ვაზი, სამარიობო, მესხური მწვანე, ჩიტისთვალა თეთრი, ცხენის ძუძუ თეთრი, ხიხვი და სხვა.
დღევანდელ დღემდე მოსვლა არ იყო მარტივი. ერთი არასწორი დღე, არასწორი გათვლა და სრულიად შესაძლებელი იყო, 8 ჰექტარზე გადაჭიმული ვენახი, სადაც ერთ მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, განადგურებულიყო. იყო იმის საშიშროება, რომ ვენახს ზამთრის ყინვიანი დღეებისთვის ვერ გაეძლო და ვერც გაუძლებდა, რომ არა ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ვაზი ისე გაგვეზარდა, მისი ზამთარში შეფუთვა გამხდარიყო შესაძლებელი. ასეც მოვიქეცით. წარმოიდგინეთ, 24 ათასი ცალი ვაზი სათითაოდ შევფუთეთ დაყველა, ყველა გადავარჩინეთ. ეს იმდენად გასაოცარი ამბავი იყო, რომ დღეს შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოდიან სპეციალისტები და ჩვენ გამოცდილებას სწავლობენ.
შემდეგი დიდი გამოწვევა გაზაფხული და ისევ ყინვებიაღმოჩნდა. აქ კი გამოვიყენეთ ჩვენი ქართული ტრადიციული მეთოდი. ტერასაზე მეტეოსადგური გვაქვს და ზუსტად ვიცოდით, როდის იქნებოდა ყინვა. სწორედ ყინვიან ღამეს ნამჯის კოცონს ვანთებთ, კვამლი მთელ ტერასას ედება და სითბოს ანაწილებს. ეს ძალიან სასიამოვნო და სახალისო პროცესიც აღმოჩნდა, თანმთელი სოფელი გვეხმარებოდა.
ერთი ამბავი მინდა მოვყვე, რამაც ჩემში არაერთგვაროვანი ემოცია გამოიწვია. ვარძიაში ვიყავი და მოულოდნელად ისეთი სეტყვა წამოვიდა, მთელი არემარე გადაათეთრა. სასწრაფოდ წამოვედი ხიზაბავრისკენ. ვფიქრობ, ალბათ, აღრაფერი დამხვდება და ხდება სასწაული, ტერასა საერთოდ არ არის დასეტყვილი, ვენახი ფეხზე თამამდ დგას და შრიალებს. გარშემო კი ყველაფერი განადგურებულია. გლეხები მიყვებოდნენ, რომ „ხიზაბავრის ტერასები“ საოცარი ადგილია, ღმერთისგან დალოცვილი.
ადგილობრივებს ამ ადგილას სეტყვა არ ახსოვთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბუნება ჩემ გვერდითაა და წარმოიდგინეთ, მეხმარება კიდეც. ჩემი „მესხური ღვინო“ ხომ მთლიანად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კილო-კილო მოგროვილი ყურძნისგან არის დაწურული. ეს არის ველურად, ბუნებაში გაზრდილი ყურძენი, რომელიც თვითონ იზრდება. ჩვენ არ ვერევით მის მოვლაში, არ ვსხლავთ, არ ვრწყავთ, არ ვწამლავთ. სწორედ ეს სძენს ღვინოს თავის ამ უნიკალურ მახასიათებლებს.
მისი დახასიათება კი ასეთია: ღვინო არის ჰარმონიულად არომატული!
არ დამავიწყდება ჩემი პირველი ღვინო, სადაც სამი მესხური ვაზის ჯიშიგავაერთიანე. ეს იყო ჩვენი საგვარეულო ვაზი ცხენის ძუძუ თეთრი, რომელსაც ჩემი მამა-პაპის სოფელში, ჭაჭკარში იზრდება. აუცილებლად უნდა ნახოთ ეს საოცარი ვაზი, რომელიც ოთხ საუკუნეს ითვლის, ცოცხალია და ნაყოფს იძლევა, განა საოცრება არ არის?! მეორე იყო, მესხური საფერავი და მთელ ამ ბუკეტს დავუმატე ასევე საოცარი მესხური ვაზი ხარისთვალა წითელი. შესანიშნავი ბუკეტი შეიკრა, ჰარმონიული და დაბალანსებული.
დღესაც ვაგრძელებ ძიებას და მჯერა, რომ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი. მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების წესად იქცა. გამოგიტყდებით, თითქოს თავიდან ვიბადები, როცა ახალ-ახალი აღმოჩენებით სრულიად განსხვავებულ ახალ ღვინოს ვიღებ.“
„წარმატებაა იმის მიღწევა, აკეთო ის, რაც გიყვარს. ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც მიაღწიე“ ‼️
დეილ კარნეგი
ავტორი: ლელა წითლანაძე
“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი