ელდარ პირმისაშვილის წარმატების ისტორია
„თუ გინდა კარგი მრჩეველი გახდე, დაუჯერეთ სხვის რჩევებს“ – ეს ფრაზა ელდარ პირმისაშვილს ეკუთვნის, რომლის რჩევებშიც, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის საკითხებზე, ადამიანები და კომპანიები სოლიდურ თანხას იხდიან. ის დღეს საქართველოში ერთ –ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარ სპეციალისტია. გვიმხელს, რომ ყველაზე მეტად კარგი რჩევის შემდეგ მიღებული მადლობა და ადამიანების კმაყოფილება მოსწონს. ეს გარემოება აძლევს მოტივაციასაც, სულ ფორმაში იყოს.
ელდარს აბაშიძის ქუჩაზე შევხვდი, აქვეა მისი სამუშაო ოფისი. როგორც თავად იხსენებს მეგობრებთან ერთად შექმნა კომპანია, რომლის სახელწოდებაზე, ლოგოზე, განვითარების სტრატეგიაზე დიდხანს იფიქრა და იმუშავა. ეს მაშინ ექსპერიმენტების ერთგვარი ლაბორატორია გახდა ამ ადამიანებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს წიგნებში უხვად მოცემული რჩევები და რეკომენდაციები რეალობაში გადმოეტანათ და საქართველოში პიარის განვითარებისთვის მაღალი სტანდარტის სივრცე შეექმნათ.
„შევიკრიბეთ ძალიან საინტერესო ენთუზიასტთა ჯგუფი და შევქმენით პიარ სააგენტო, რომელიც გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არ იყო მხოლოდ ბიზნესსზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ეს იყო პიარის სფეროს განვითარებისთვის და პიარ სერვისების გაუმჯობესებისთვის შექმნილი ორგანიზაცია. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, მაგრამ დიდი მიზნები დავისახეთ. ეს პროცესი არ დასრულებულა და ახლაც ვანვითრებთ პიარს როგორც პროფესიას“ – ამბობს ელდარი.
ელდარ პირმისაშვილის წარმატების ისტორია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს ეყრდნობა, რომელიც მის ცხოვრებაში წინასწრი დაგეგმვის გარეშე მოხდა და გადამწყვეტი როლიც შეასრულა. ხშირად ყვება ამ ისტორიას, რომ აბიტურიენტობის დროს შემთხვევით ახლობელმა სემ ბლექის წიგნი „რა არის პიარი ?“ ათხოვა და ამ წიგნმა შეცვალა მისი ცხოვრება. სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა შეესწავლა პიარი და გამხდარიყო პიარ სპეციალისტი.
სფერო, სადაც ელდარის წარმატების ისტორიამ ნელ–ნელა ფეხი აიდგა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ადამინებმა არაფერი იცოდნენ პიარსა და პიარ ტექნოლოგიებზე. ყველაფერი უცხოურ წიგნებში იყო თავმოყრილი და ამიტომაც გახდა საჭირო წიგნებიდან უამრავი ექსპერიმენტის სამუშაო მაგიდაზე გადმოტანა.
ამბობს რომ ბევრი იდეა საკუთარ თავზეც გამოსცადა. მაგალითად, შემოსავლის 10%–ის დაგროვება და როგორც ამბობს, ამ ფორმულამ იმუშავა. თუკი რაიმე ვერ იმუშავებდა და ასეთიც არაერთი შემთხვევა იყო, ქართულ რეალობას არგებდა და ცდილობდა, აემუშავებინა. იხსენებს, ერთ ამბავს, როცა გადაწყვიტა პიარ სპეციალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დავალება „კარგი ურთიერთობა მედიასთან“, ამერიკული ფორმულით შეესრულებინა ანუ ცნობილი ჟურნალისტისთვის დაერეკა, მეილი მიეწერა და შეხვედრაზე შეეთანხმებინა. ექსპერიმენტმა „გამარჯობა, მე პიარ სპეციალისტი ვარ, თუ შეიძლება შევხვდეთ“, არ გაამართლა. თუმცა, დავალება დავალებად დარჩა, რომელიც სხვა გზით მაინც შეასრულა. მედია სპეციალურ ტრენინგებზე გაიცნო, სადაც თავადაც მიიღო მონაწილეობა და „კარგი ურთიერთობა მედიასთან“ შედგა.
წიგნებიდან წამოსული ექსპერიმენტები, რომლებიც ხშრად წარმატებით სრულდებოდა, ელდარის წარმატების გზაზე საიმედო კარი აღმოჩნდა.
ელდარ პირმისაშვილის წარმატების ისტორია, თითქოს მისი ისტორია კი არა, ინდუსტრიის ისტორიაა, რომლის მნიშვნელობაც წლების წინ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ დაიჯერა და უერთგულა, იფიქრა, როგორ შეიძლებოდა მისი ფეხზე მყარად დადგომა და განვითარება. ალბათ, უფრო ვრცელი სტატია დაიწერება საქართველოში პიარ სფეროს დაბადებისა და განვითარების შესახებ, მანამდე მინდა ელდარ პირმესაშვილის წარმატების ისტორია გაგიზიაროთ:
„პირველი სიტყვა, რომელიც მე წარმოვთქვი, იყო „ვთამაშობ“.
შემდეგ დამიმარცვლავს და კითხვაზე, რას აკეთებ, მითქვამს „ვთა–მა–შობ“.
ამ სახალისო ისტორიას შემახსნებენ ხოლმე და მეუბნებიან, დღესაც თამაშობო. ასეც გამოდის, საქმე, რომელიც გიყვარს და აკეთებ, თამაშივითაა, არა?!
მიხარია, რომ ჩემი საქმე ვიპოვე მაშინ, როდესაც პროფესიას ვეძებდი. ის თითქოს ქუჩაში ეგდო და ავიღე. ტექნიკურ უნივერსიტეტში საოცრად კარგი ჯგუფი შევიკრიბეთ და დავიწყეთ იმ ეპოქისთვის სრულიად ახალი პროფესიის დაუფლება. ჩვენ და ლექტორები, ფაქტობრივად, ამ მეცნიერებას ერთად ვეცნობოდით და ვსწავლობდით.
ადამინები ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ძალიან მადლიერი ვარ ვანო ჭიაურელის, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი. სულ ორი გამოშვება იყო და შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა. მივხვდი, რომ ეს პროფესია კარგად უნდა შემესწავლა და ამ საქმის პროფესიონალი გავმხდარიყავი.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. მახსოვს, შევქმენით სპეციალური ბიბლიოთეკა. ვეძებდით სიახლეებს, ვსწავლობდით და ერთმანეთს ვუზიარებდით. შაბათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალი სტუმრად მოდიოდა და საინტერესო თემებს გვიზიარებდა.
გარდამტეხი ამბავი ბერდია ნაცვლიშვილს უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ევროპის საერთაშორისო ასოციაციას დავუკავშირდით. ეს ორგანიზაცია პიარ სფეროში ახორციელებდა სხვადასხვა პროექტებს. აქედან დაიწყო ჩემი თვალსაწიერის გაფართოება. აქტიურად დავიწყე საერთაშორისო ტრენინგებზე სიარული, ახალი ადამიანების გაცნობის, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს გვიზიარებდნენ.
ჩემი ხედვა პიარ სპეციალისტის მიმართებაში საოცრად გაფართოვდა. უკვე ვიცოდი, რა და როგორ უნდა მეკეთებინა. თბილისში დაბრუნებული იქ მიღებულ ცოდნას სხვებსაც ვუზიარებდი. აქედან დაიწყო ჩემი გამოცდილების მიღება ტრენინგების ჩატარებასა და ორგანიზების საქმეში. ცოდნის გაზიარება უსაზღვრო მოტივაციას მაძლევს, ენერგიით მავსებს.
დღეს სამ უნივერსიეტეში ვკითხულობ ლექციებს, ვატარებ ტრენინგებს და ეს მიმართულება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 27 წლის ასაკში დავამთავრე დოქტურანტურა და მივიღე დოქტორის ხარისხი და პროფესორის სტატუსი. შემდეგ იყო წიგნი „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“, რომელიც ბევრ ორგანიზაციას და პიარ სპეციალისტს ეხმარება ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.
გარდამტეხი აღმოჩნდა სტაჟირების პროგრამა მსოფლიო ბრენდ Coca-Cola Bottlers Georgia- ს პიარ დეპარტამენტში. უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვიყავი, როდესაც კომპანია Coca-Cola-მ გამოაცხადა პროგრამა „შენი ჯერია შეცვალო მსოფლიო“ და უნივერსიტეტებს სთხოვა წარჩინებული სტუდენტების ამ პროგრამაში ჩართვა. ერთთვიანი სტაჟირება ერთ წლიან თანამშრომლობაში გადაიზარდა. მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის. ეს იყო დიდი გამოწვევა და გამოცდილება ჩემთვის.
მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე არც ერთ კომპანიაშ არ ვიმუშავებდი. მართლაც, უკვე უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ძალიან კარგი შეთავაზებები მივიღე, მაგრამ უიარი ვთქვი. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაანალიზებ ჩემს ახალგაზრდულ გადაწყვეტილებას, ახლაც მომწონს და მხარს ვუჭერ. მე დღეს პრეზიდენტზე მაღალი ანაზღაურება მაქვს. მიყვარს და მსიამოვნებს ეს საქმე, რომელიც მაძლევს ინსპირაციასა და ენერგიას. ეს არის საქმე, რომელიც სასიამოვნოდ მღლის!“
PS. ისტორია, ცხადია, არც აქ მთავრდება. სრულ ვერსიას უკვე გამოცემაში „50 წარმატების ისტორია“ შემოგთვაზებთ. 200 გვერდიანი წიგნი 2018 წლის 24 ნოემბერს,დეილ კარნეგის 130 წლის იუბილეზე გამოიცემა.
„წარმატებაა იმის მიღწევა, აკეთო ის, რაც გიყვარს. ბედნიერებაა გიყვარდეს ის, რასაც მიაღწიე“ ‼️
დეილ კარნეგი
ავტორი: ლელა წითლანაძე
“დეილ კარნეგის ცენტრის” დირექტორი