რჩევა - როგორც ასეთი !
ყველაზე მეტად ჩემს საქმიანობაში კარგი რჩევის შემდეგ მიღებული მადლობა და კლიენტის კმაყოფილება მომწონს. ეს გარემოება მიქმნის მოტივაციას, სულ ვიყო ფორმაში!
საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საკითხებზე ადამიანებს და კომპანიებს რჩევა მისცე, არ არის ადვილი საქმე, მოზომილი და დაკვირვებული უნდა იყო!
ენთუზიაზმი გადამდებია! რჩევის დროს მნიშვნელოვანი დეტალია: ჯერ მე ვიჯერებ ჩემი რჩევის მთავარ ღირებულებას და შემდეგ კლიენტს ვარწმუნებ ამ რჩევის აუცილებლობას.
თერთმეტი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემთვის მემუშავა და არა სხვისთვის, ვყოფილიყავი მძღოლი და არა მგზავრი, პირველ ნაბიჯებს და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველი მიღებული გამოცდილება განაპირობებს კონსულტანტის/მრჩეველის მომავალს. წიგნში ამოვიკითხე „საინტერესო“ და „კარგ“ კომპანიაში უნდა წახვიდე პირველ შეხვედრაზე - ასე გვირჩევდა ავტორი. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ჩემი პირველი საქმიანი შეხვედრა „მსოფლიო ბანკის“ ოფისში შედგა, მახსოვს ვღელავდი, ხელში ბლოკნოტი მეჭირა, საქმიანი იმიჯის მოსაპოვებლად, ჯიბეში „ნოკია ლუნა“ მედო, რომელზეც მხოლოდ ახლობელ - ნაცნობების და ოჯახის წევრების ზარები შემოდიოდა. იმ დროს მობილური ტელეფონს უფრო საქმიანი იმიჯი ქონდა, ვიდრე დღეს ! შეხვედრამ კარგად ჩაიარა, წინასწარ მოვემზადე, გარემოც არაჩვეულებრივი იყო, კარგად გაწერილი შეხვედრის დეტალები და ჩამოყალიბებული განრიგი - პირველი კარგი გამოცდილებაც მივიღე !
შემდეგ მახსოვს ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის გაკვირებული სახე ჩემ სწორ პასუხზე, რომელიც შეხვედრაზე ჩემ „ჩაჭრას “ შეეცადა, ჯერ პოჩებცოვის (უკრაინელი ავტორის წიგნი PR -ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო იყო წლების მანძილზე საქართველოში) წიგნიდან მოყვანილი PR მაგალითებით და შემდეგ ტეტჩერის პრივატიზაციის რეფორმის ცოდნით. „გონება გიჭრის, ხო იცი „ - ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული შექება და კომპლიმენტი :)
და მაინც, რა არის მთავარი იყო კარგი მრჩეველი:
1. კარგად მოუსმინო კლიენტს - ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც ბევრი საუბარი უყვარს, მოსმენა საკმაოდ რთული დავალებაა, თუმცა დასწავლადი. დროთა განმავლობაში შევეჩვიე მოსმენას.
2. გაარჩიო მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანი ერთმანეთისგან - ეს უნარიც პრაქტიკაში ვითარდება, ამაზე სულ გესაუბრებიან, უბრალოდ უნდა დაინახო და დააზუსტო, ვკითხულობ, როცა ვერ ვიგებ რამეს და სულაც არ არის ეს ცუდი ტონი.
3.იყავი პრინციპული- მახსოვს, წლების წინ შეხვედრაზე ათამდე ადამიანი ვიყავით, შეხვედრა დირექტორმა გახსნა, შუა საუბარში შევაწყვეტინე და კითხვა დავუსვი, გვერდზე მჯდომმა ყურში ჩამჩურჩულა, სანამ არ დაამთავრებს თავი სათქმელს, სიტყვა არ გააწყვეტინოო :). მაშინვე ვამბობ, რაც არ მომწონს და რასაც არ ვეთანხმები - ამართლებს. მეორეჯერ შევაწყვეტინე დირექტორს და იძულებული გახდა ჩემს დასმულ კითხვაზე ეპასუხა, კომპლიმენტიც მივიღე „საინტერესო კითხვა ჩანსო“, მალევე მიუტრიალდა თანამშრომლებს და კითხა „თქვენ რატომ არ გიჩნდებათ შეხვედრებზე კითხვებიო?“.
4. გქონდეს გლობალური ხედვა - პრობლემა და გამოწვევა ერთიანობაში უნდა დავინახოთ, ადრე ნაკლებად ვაკავშირებდი მოვლენებს და ფაქტებს, ახლა ვფიქრობ, ამ ინიციატივას ან ტაქტიკას რა განვითარება შეიძლება ქონდეს ან როგორ დაუკავშირდება ის მიმდინარე ტენდენციებს.
5. იყავი უნიკალური - ერთი და იგივე იდეა სხვადასხვა კომპანიას არ გამოადგება. ხანდახან რიგიდულები ვხდებით, ხან გარემო ფაქტორები, ხან ჩაკეტილი წრე გვიშლის ხელს განსხვავებული იდეების მოფიქრებაში, მე „განიავების“ ტექნიკას ვიყენებ, როდესაც ვხვდები რომ ერთი და იგივე იდეები მოდის თავში, ვამბობ „გავნიავდები“, ვაჩერებ ფიქრს და ვერთვები სხვა საკითხზე, შემდეგ „განიავებული“ გონებით ვიწყებ ახლიდან ფიქრს.
6. გამოიმუშავე დაკვირვების უნარი - მოვლენებზე, პროცესებზე და ადამიანებზე დაკვირვება მეხერხება. ესეც დასწვლადი უნარია, ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ვინ რას ამბობდა და ხშირად იგნორირებას ვუკეთებდი გამოთქმულ რეპლიკებს და მოსაზრებებს, რადგან მეგონა „მე უკეთ ვიცოდი“. მალევე მივხდი, რომ ძალიან დიდ სამუშაოს გვიწევენ ის ადამინები და მოვლენები, რომელიც შენს ირგვლივ ხდება. დაკვირვება მაძლევს შესაძლებლობას მინიმალური ცვლილებით გამოვასწორო სიტუაცია ან გავაუმჯობესო გარემოება და რაც ყველაზე მთავარია, დაკვირვებით განვსაზღვრო გაცემული რჩევის სავარაუდო შედეგები.
7. ნუ იქნები კატეგორიული - კარიერის დასაწყისში ჩემი რჩევები კატეგორიული იყო, გარკვეულწილად ამართლებდა. მერე მივხვდი, უფრო მეტი დრო უნდა დამეხარჯა რჩევის ახსნაზე და შემერბილებინა ჩემი კატეგორიულობა - ამართლებს. მართალია საუბრის დასაწყისში საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის პროცესი იდეალისტურად წარმოუდგენია ყველას, მაგრამ კარგად ახსნის და სიტუაციის გაანალიზების შემთხვევაში, ყველაფერი ლაგდება. სულ ვამბობ, ორმაგად ვმუშაობთ კომუნიკაციების სპეციალისტები: თან განათლებას ვაძლევთ კლიენტებს და ვასწვალით კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშაობის სფეციფიკას და თან პარალელურად მომსახურებას ვაწვდით მათ.
და ბოლოს, თუ გინდა კარგი მრჩეველი გახდე, დაუჯერეთ სხვის რჩევებს !