PR როგორც Marketing და პირიქით
მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა დამირეკა, მარკეტინგს მიერთებენ და მიშველეო. არგუმენტებს მთხოვდა ხელმძღვანელი დაერწმუნებინა, რატომ იყო PR მნიშვნელოვანი, მახსოვს მოკლე დროში რაც მოვიფიქრე ვურჩიე: ანგარიში გააკეეთე, რაც გაგიკეთებია ბოლო დროს და პრეზენტაცია წარუდგინე, უცხოური კომპანიების მაგალითები გამოიყენე, სადაც PR მარკეტინგისგან დამოუკიდებელია... ფაქტია, იმუშავა ჩემმა რჩევამ, მითხრა მარკეტინგიც და მეც ბედნიერები ვართ ცალ–ცალკეო ..
თემა დღესაც აქტუალურია, ცოტა ხნის წინ შეხვედრაზე მეკითხებიან, სატელევიზიო რეკლამა ვისია მარკეტინგის თუ PR-ისო ...
მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სპეციფიკაზე, მსგავსებებსა და განსხვავებებზე ბევრს საუბრობენ პროფესიულ წრეებში, ამ ორ დისციპლინას ბევრი ურთიერთდაკავშირებული ისტორია და განვითარების გზები აქვს. საზოგადოებასაც მარკეტინგის და PR-ის აღქმა არაერთგვაროვანია.
ხშირად მეკიხთებიან, რა აქვს საერთო ამ ორ დისციპლინას, რაში აქვთ გადაკვეთა და როგორ უნდა იყოს დალაგებული PR-ის და მარკეტინგის ურთიერთობები. საქართველოშიც ხშირად ბჭობენ მარკეტინგის და PR-ის ფუნქციებსა და როლზე, არსებობენ ორგანიზაციები და სპეციალისტები, რომლებიც აღიარებენ მარკეტინგის უპირატესობას PR–თან მიმართებაში და პირიქით. საქართველოში სიტყვა მარკეტინგი უფრო ადრე გაჩნდა ადამიანების და ორგანიზაციების ნარატივში, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR), ქართულ კომპანიებში მარკეტინგის მენეჯერები და მარკეტინგის განყოფილებები და დეპარტამენტები საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად დამკვიდრდა. შედარებით მარტივად მოხდა კადრების გადინება ეკონომიკის და ფინანსების სფეროდან მარკეტინგის მიმართულებით, მარკეტინგი დაუკავშირდა არა მის სრულ და მასშტაბურ არსს, არამედ იმ დროისთვის კომპანიებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას – გაყიდვას. PR შედარებით მოგვიანებით გახდა პოპულარული, როდესაც მედია განვითარდა და ეგრეთწოდებული „მედია გაშუქება“ მიიბა საზოგადოებასთნ ურთიერთობამ, აქაც სპეციალისტები ძირითადად ჟურნალისტიკის სფეროდან შეივსო.
კომპანიებმაც და სპეციალისტებმაც ნელ-ნელა აითვისეს PR და მარკეტინგის ძირითადი ფუნქციები. მომსახურების ხარისხის განვითარებამ, დასავლური სტანდარტების და ცოდნის გაზიარებამ ხელი შუწყო ამ ორი დარგის განვითარებას. იყო ექსპერიმენტებიც, ზოგიერთი კომპანია მარკეტინგს უერთებდა PR-ს, ზოგი – პირიქით, ნაწილი საერთოდ ვერ ხედავდა PR-ის ან მარკეტინგის საჭიროებას და შეიძლება ახლაც ვერ ხედავს.
ფოტოზე მოცემულია ძალიან საინტერესო სპეციფიკა PR-ის და მარკეტინგის ურთიერთქმედების სხვადასხვა მოდელი: ცალკე მდგომი მარკეტინგი და PR, მათი გადაკვეთები, მარკეტინგში შემავალი PR და პირიქით, და ბოლოს ერთი ძალისხმევის ქვეშ გაერთიანებული ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ცალკე მდგომი უნდა იყოს მარკეტინგი და PR, მარკეტინგში უნდა შედიოდეს PR, თუ PR-ში მარკეტინგი?
თანამედროვე მიდგობა ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციამდე მივიდა, რაც ჩვენთან ახალი გამოწვევაა.
ელდარ პირმისაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი