უცნაური PR ვაკანსიები ბონუსად

ვაკანსია #1 შემომავალ ზარებზე პასუხი;

ვაკანსია #2  ადმინისტრაციული ინფორმაციის მართვა–ორგანიზება;

ვაკანსია#3 სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება;

ვაკანსია #4 პოსტერებისა და  გრაფიკული დიზაინერული მასალის მომზადება;

ვაკანსია #5  კლიენტების მოზიდვა;

ვაკანსია #6  გაყიდვების გაზრდა;

ვაკანსია #7  ანაზღაურება: 150 ლარი და პლიუს ბონუსები.

სხვადასხვა კომპანიის ერთიდაიგივე პოზიციის მოთხოვნები, მოვალეობები და ანაზღაურება, თქვენთვის შევკრიბე. 

ყველა მათგანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს ეძებს.

როგორც ხედავთ, მოვალეობები მრავალფეროვანია, ოფისში შემომავალი ზარების პასუხით დაწყებული, გრაფიკული დიზაინის შექმნით დასრულებული და ანაზღაურებაც სახარბიელო – 150 ლარი და თანაც ბონუსებით.

არ გეგონოთ, რომელიმე „ჭღრ–პღრ“ კომპანიების ვაკანსიებია, ამ ჩამონათვალში თქვენთვის კარგად ნაცნობ კომპანიებსაც შეხვდებით.

არ ვიცი, თქვენ რა განცდა და ემოცია გიჩნდებათ ამ ვაკანსიების კითხვისას, მაგრამ მე სიბრაზე  მიპყრობს.

იმის ნაცვლად, რომ საქართველოში PR–ის სფეროს განვითარებასა და საერთაშორისო მიღწევებზე ვსაუბრობდეთ, PR სპეციალისტს ოპერატორის მოვალეობას და 150 ლარს ვთავაზობთ. ამ ვაკანსიების შემხედვარე ხვდები, რომ ყველაფერი ილუზიაა და ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვნება და დანიშნულება კაცი–შვილს არ ესმის.

ვართ ასე ჩვენთვის და ერთმანეთს გულს ვუმაგრებთ პროფესიული წინსვლებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ექსპერტების სტუმრობით. ნეტა, რას ვწვალობთ, ვის რაში ადარდებს ჩვენი კვალიფიკაცია, მთავარია ზარებზე პასუხის გაცემა შევძლოთ და გაყიდვები გავზარდოთ, დანარჩენი ტყუილი შრომაა.

და მაინც, HR  მენეჯერებო (ვისაც HR  მენეჯერი არ ჰყავს, კომპანიის ხელმძღვანელებო), რაზე დაყრდნობით ამზადებთ ვაკანსიის ტექსტს? როგორ საზღვრავთ PR სპეციალისტის მოვალეობას და მისთვის აუცილებელ უნარებს?

იქნებ ჯობდეს, წაიკითხოთ და გაეცნოთ ჩვენს სპეციალობას, გაიგოთ რა დანიშნულება და მისია გვაქვს, რა გვევალება და რა არაა.

და ამის მერე იქნებ, არც ოფისის მენეჯერის საქმე დაგვავალოთ და არც დიზაინერობა მოგვთოხოვოთ, მიხვდებით, რომ გაყიდვების გაზრდაც არ არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და 150 ლარზეც აღარ დაიყვანთ ჩვენს საქმიანობას.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად სასარგებლო და ღირებული საქმის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, ვიდრე შემომავალ ზარებზე პასუხი და ადმინისტრაციული საბუთების მოწესრიგებაა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ვქმნით თქვენს იმიჯს და ვზრუნავთ რეპუტაციაზე, ჩვენ ვქმნით სტრატეგიული კომუნიკაციების გეგმას, ჩვენ ვმმართავთ მედია ღონისძიებებს, ჩვენ ვამბობთ თქვენს მთავარ სათქმელს სამიზნე აუდიტორიისთვის გასაგები ენით, ჩვენ ვაყალიბებთ მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ვზრუნავთ თქვენი კომპანიის წარმატებაზე.

ასე რომ, კომპანიის მმართველნო, თუ ძირითად და მნიშვნელოვან პუნქტებს გაითვალისწინებთ, დააფასებთ ჩვენს საქმიანობას და აღიარებთ ჩვენს პროფესიას, მადლიერების ნიშნად,  იქნებ ჭიქა ყავაც მოგიდუღოთ ბონუსად !

 

ანი ციცქიშვილი 

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპი"