კრეატივის მკვლელები

რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრეატივის მკვლელობას დანაშაულად არ ცნობს, ჩვენ თავად მოგვიწევს დამნაშავეების  ,,ციხეში ჩასმა'',  ან ზოგეჯრ ფიქტიური ციხიდან გამოყვანაც. მე მიგითითებთ სხვადასხვა სექტორის მენეჯერებზე, დირექტორებზე, ტოპ მენეჯმენტზე და სხვანზე, რომლებიც  ცდილობენ დაბლოკონ საინტერესო, ინოვაციური იდეები, განსხვავებული ადამიანები იმ მიზეზით, რომ ეშინიათ, არ უნდათ ცვლილება,  ყოველდღე ეჭვებსა და ფიქრებში არიან: ,,ამან ჩემზე მეტი რა უნდა იცოდეს, ეს ისეთი აქტიურია შეიძლება მეც ჩამანაცვლოს, ამან მე რა უნდა მასწავლოს, შენ იცი მე ვინ ვარ და ა.შ".

მაგალითისთვის, საჯარო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების უფროსების მხრიდან შეიძლება ასეთ ანალიზსაც შევხვდეთ: "მე ისეთი კამპანიები მიკეთებია, რომ ყველა მედია საშუალება მოსულა ან რად გინდა ზედმეტი ფიქრი და გარჯა მინისტრი მაინც იქ იქნება" და ისეთი არგუმენტების ფრენა დაიწყება,  რომ "Fulbright" -ის ჟიური მკვლევარების პროგრამაზე პრინსტონის ან სხვა უნივერსიტეტში კონკურსის გარეშე გაუშვებს.

როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს ვერ განვითარებაზე, ე.წ  ,,შავი ხვრელების" გაჩენას  მარტო ამ სფეროს სპეციალისტებს ვერ დავაბრალებთ. ამ შემთხვევაში ,,შავი ხვრელის" შექმნაში, სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი ქართულ მენეჯმენტს ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ. ჩვენთან მენეჯმენტი იმ სიტყვებისგან ერთ-ერთია, რომელიც მართლაც რომ პირდაპირი გაგებით გვესმის.

ჩვენ ვმართავთ ორგანიზაციებს ისე, როგორც საკუთარ მანქანებს. მიუხედავად იმისა, რომ  დანამდვილებით ვიცით, რომ ქუჩებში საშინელ საცობს თავს ვერ დავაღწევთ, მანქანას სახლში მაინც არ ვტოვებთ. რატომ? იმიტომ რომ:

  •  არაკომფორტულია, იქნებ ცუდი ამინდი იყოს?
  •  ან ზედმეტ ხალხთან ერთად მოგვიწიოს მგზავრობა?
  •  ან საკუთარი სამყაროს დატოვებით სხვების დავინახოთ და ვაითუ არ მოგვეწონოს? ზედმეტი საფიქრალი რაში გვჭირდება, "ისედაც ჩვენი გაგვჭირვებია".
  •  ჩვენი მანქანაა და რასაც გვინდა "იმას ვიზამთ". გვინდა წითელზე გავივლით, გვინდა ხმამაღლა გავლანძღავთ (გალანძღვა ყველაზე ზრდილობიანი ფორმაა ამ შემთხვევაში) ფეხით მოსიარულეს, როგორ თუ გაბედა და ზებრაზე გადავიდა,  გვინდა "გახდილი დავსხდებით" და სხვა უამრავი მიზეზი.

მართალია, მეცნიერებს წლები დაჭირდათ იმისთვის, რომ „შავი ხვრელის" არსებობა დაეჯერებინათ, მაგრამ სინამდვილეში არც ჩვენ ვართ აინშტაინები, რომ სხვებისთვის გაუგებარ ენაზე ვსაუბრობდეთ და არც მენეჯმენტია შავი ხვრელი, რომ მის შესწავლასა და გამოსწროებას უამრავი წელი დაჭირდეს.

 

ამიტომ, იმ ყველა უფლებით, (რაც კი მაქვს ან არ გამაჩნია, მაგრამ მინდა რომ მქონდეს), ბრალს გდებ, რომ შენ არ აძლევ უფლებას სხვას, შეცვალოს ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

ბრალს გდებ იმაში, რომ შენ თავად არ ვითარდები და არც სხვას აძლევ ამის საშუალებას.

ხშირ შემთხვევაში ბრალს გდებ ამპარტავნებაში, რადგან ფიქრობ, რომ ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროში "Celebrity"  არ არის, არაფერს წარმოადგენს.

ბრალს გდებ იმაში, რომ კონტაქტებზე დაყრდნობით აგყავს ადამიანი სამსახურში და სხვას თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევ.

ბრალს გდებ იმაში, რომ შენი საქციელით მოტივაციას უკლავ თანამშრომელს და ისიც იმ აზრით, რომ მხოლოდ გაცვეთილ თემებს დაუჭერ მხარს. 

და ბოლოს ბრალს გდებ, კრეატიული ადამიანების გაზარმაცებაში, ,,დაშტამპვასა" და შენნარიად გადაქცევაში.