პიარი ლაპლანდიიდან

ვიცი, რომ ახლა ახალი წელი არ არის, მაგრამ, ამასაც ინდივიდუალური გაგება სჭირდება.
თანაც, ახალი წელი რა არის ზუსტად ვინმემ იცის? დღესასწაულები ხომ თავად ადამიანების მოგონილია?

კარგმა პიარ სპეციალისტმა იცის, როგორ მოუტანოს სარგებელი საკუთარ ორგანიზაციას. მაგრამ პირველ რიგში მან უნდა იცოდეს საკუთარი კომპანიის ყველა პროდუქტი, ყველა უპირატესობა და ესაუბროს ადამიანებს გულწრფელად.

პიარმენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა უამრავი წინააღმდეგობებით არის სავსე, მისი ოსტატობა სწორედ მაშინ ვლინდება, თუ როგორ გადალახავს სირთულეებს.
ამისთვის მას სჭირდება გამოცდილება. გამოცდილებისა და ყოველდღიური განვითარების გარეშე რთულია აკეთო საქმე.

დღეს ყველას ჰგონია, რომ პიარი მარტივია და ყველას გამოუვა. მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ, მეგობრებო. ეს ასე არ არის. გარდა იმისა, რომ უნდა იყო მოქნილი, ერკვეოდე ტექნოლოგიებში, უნდა წერდე და მეტყველებდე კარგად, უნდა იყო სხარტი და დამაჯერებელი, საჭიროა გამოცდილება, რომელიც წლების მანძილზე გროვდება. 

ბოლო დროს, ისეთი მოდური გახდა ჩვენი პროფესია, რომ ყველას უნდა იყოს პიარმენეჯერი თითქოს აჩემებული აქვთ პატარა ბავშვივით, დედას რომ ქუჩაში გაეტირება, ნაყინი მიყიდეო.
აი, ვისაც ნამდვილად უნდა და აქვს მონაცემები, ის არ ნებდება და მუდმივად ცდილობს განვითარდეს, ისწავლოს, მიიღოს გამოწვევები, ბევრი იშრომოს საკუთარ თავზე, გაუძლოს ყველა სირთულეს.

თუ კი ვინმეს გადაწყვეტილი აქვს პიარში მუშაობა, მან უნდა დაიწყოს ნულიდან და გაიაროს ყველა საფეხური, რომ წარმატებას მიაღწიოს. 

რატომ არის პიარი ლაპლანდიიდან?

გეგონათ თოვლის ბაბუაზე გესაუბრებოდით? პიარმენეჯერი არ არის თოვლის ბაბუა, რომელიც საჩუქრებს არიგებს საახალწლოდ. ის რეალური ადამიანია, რომელიც კომპანიის ტოპ მენეჯმენტშია და იღებს გადაწყვეტილებებს რა როგორ დაგეგმოს, რომ ერთდროულად სასარგებლო შედეგი მიიღოს როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

დიახ, პიარ სპეციალისტი თქვენ არ უნდა გაწვდიდეთ ცრუ ინფორმაციას, ისე, როგორც ეს თქვენს გულს (იგულისხმება ორგანიზაციის ხელმძღვანელები) გაუხარდება, ის უნდა გეუბნებოდეთ სიმართლეს და იგივეს უნდა ეუბნებოდეს საზოგადოებასაც. 

ხშირად მსმენია, რომ პიარი „დაბოლება“ არისო. არა ჩემო კარგო, კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს. და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს მიზანმიმართული, დროში გაწერილი და მუდმივი.

წლის ბოლოს ხელმძღვანელობისთვის ჩაბარებული რეპორტი, სადაც მომხმარებლის დადებითი უკუკავშირია ასახული, ისეთივე ტკბილია, როგორც, თოვლის ბაბუას მიერ დარიგებული საჩუქრები.
 

ხატია (ლილი) ალფაიძე