პიარმენეჯერის (და არა პიარ მენეჯერის ან პიარ-მენეჯერის) ექვსი მცნება (და არა ცნება)
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერისგან მეილი მივიღე, სადაც საუბარი იყო სატელევიზიო ბადესა და განთავსებებზე. თვალში მომხვდა სიტყვა ”მედეაგეგმა”. ჯერ კლავიატურას დავხედე, ასობგერა ”ე” და ”ი” ერთმანეთთან ახლოს ხომ არაა განლაგებული-მეთქი, შემდეგ მეილის კითხვა განვაგრძე და აღმოჩნდა, რომ კიდევ ორი აბზაცი ”მედეაგეგმით” იწყებოდა.
მაშინვე ვიფიქრე, ალბათ იცის, რომ თიატრი კი არა თეატრია სწორი ფორმა და ამის გავლენით დაწერა-მეთქი, თუმცა არ გადამიმოწმებია, რომელი ჰგონია სწორი ფორმა: ”თეატრი” თუ ”თიატრი”.
ახლა, ვინც ამ ბლოგპოსტს კითხულობთ, ალბათ ფიქრობთ, ამ გოგოს მეტი საქმე არ აქვს, რაღაც სიტყვებს დასდევს და გრამატიკულ შეცდომებს ეძებსო. არა, მეგობრებო, არაფერს ვეძებ და ვუღრმავდები. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ადამიანთან კომუნიკაციის დროს პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევ, წერისა და მეტყველების კულტურაა. არ დამიწყოთ ახლა, ჟურნალისტებმა საკუთარ მეტყველებას და წერას მიხედეთო. გეთანხმებით, აქ არანაკლებ რთულადაა საქმე. მეც ვრეკავ ზოგჯერ ფილოლოგებთან და ვამოწმებ, რა როგორ იწერება. დროსთან ერთად ენაშიც ბევრი რამ იცვლება და მე რომ პირველ კურსზე ქართული ენის სახელმწიფო გამოცდაში უმაღლესი შეფასება დავიმსახურე, ან პრეტენზია მაქვს, ქართული ენა კარგად ვიცი-მეთქი (არა სრულყოფილად), ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის სწორად ვწერ ან ვმეტყველებ. დღეს ყველაფრის გადამოწმება და დაზუსტება შეგვიძლია, მაგრამ ეს სხვა ბლოგპოსტის თემაა.
ამჯერად პიარმენეჯერების მედიასთან (და არა მედეასთან) ურთიერთობაზე ვისაუბროთ.
ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ ჟურნალისტები პიარმენეჯერებად გვევლინებიან. რა თქმა უნდა, სულაც არაა აუცილებელი, ჟურნალისტი იყოთ, მაგრამ ალბათ ერთი უპირატესობა ისაა, რომ პიარმენეჯერად გადაქცეულმა ჟურნალისტმა (ანუ მე) მინიმუმ ის უნდა იცოდეს, რა სურს ჟურნალისტს, რა ფორმით, რატომ, როდის და როგორ.
პიარმენეჯერობამდე ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავს, ტელეფონს რომ არ პასუხობ, მაგრამ როცა თავზე ათასი საქმე დამეყარა, ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, პიარაქტივობებზე ფიქრი, დღეში ას ადამიანთან კომუნიკაცია, ”მედეაგეგმები” და ა.შ. მივხვდი, რომ ბევრჯერ შეიძლება ვინმეს, მათ შორის, ჟურნალისტებსაც ვერ უპასუხო.
წესი პირველი:სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოგზავნილ უამრავ შეთავაზებას შეგიძლია, ცოტა მოგვიანებით უპასუხო მეილით ან ტელეფონით, მაგრამ ჟურნალისტი ყოველთვის პირველი უნდა იყოს, ვისაც აუცილებლად დაურეკავ, როგორც კი მოიცლი. გაითვალისწინე, რომ ნიუსი, ინფორმაცია ჟურნალისტს მეორე დღისთვის ან სახლში წასაღებად კი არ უნდა, დაუყოვნებლივ სჭირდება. ძალიან ცოტა დრო აქვს და თუ კომენტარს დააგვიანებ, ის ინფორმაციას მაინც გაუშვებს ეთერში ან დაწერს, ოღონდ შენი კომენტარის გარეშე.
წესი მეორე: კომენტარზე გამახსენდა. დაუწერელი კანონი კანონთა შორის: კომენტარს აკეთებ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. შეიძლება, იმ მომენტში პასუხი არ გაქვს და ხელმძღვანელთან უნდა ჩამოყალიბდე, მაგრამ გადადე ყველა საქმე, დაწერე კომენტარი და მეილზე გაუგზავნე. ხშირად მეილით კონტაქტზე უარს ამბობენ ხოლმე, რადგან მიჩვეულები არიან, რომ პიარმენეჯერები მეილებს არასდროს პასუხობენ. დაამსხვრიე ეს სტერეოტიპი. კომენტარზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ჟურნალისტი შენს უარს კომენტარად გამოიყენებს.
წესი მესამე: წერე და იმეტყველე სწორად. ჟურნალისტი არასდროს გაპატიებს სიტყვებს: ”პრეს რელიზი”, ”გამარჯობათ”, ”მედეაგეგმა”. არასდროს გაპატიებს, პრესრელიზს თუ ახალი ამბით კი არა, დაარსების თარიღით და კომპანიის ისტორიით დაიწყებ.
წესი მეოთხე: არასდროს მოატყუო ჟურნალისტი. სადღაც ამოვიკითხე, ჟურნალისტები სპილოებივით არიან და არ ივიწყებენ, თუ მოატყუებთო. ისიც არ ვიცოდი, სპილოები ასეთი საყვარლები თუ იყვნენ.
წესი მეხუთე: იმეგობრე ჟურნალისტებთან. ამ საკითხზე პიარსპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობაა და ყველას თავისი არგუმენტი აქვს. მე, როგორც ჟურნალისტი 11 წლიანი გამოცდილებით და პიარმენეჯერი 6 წლიანი გამოცდილებით, მაინც გირჩევთ, რომ ჟურნალისტებთან იმეგობროთ. ასე გაცილებით ნაყოფიერი იქნება თქვენი მუშაობა.
წესი მეექვსე: არ დაივიწყო ჟურნალისტი, თუ დღესასწაულებზე კომპანიებს საჩუქრებს უგზავნი. არ გამოტოვო მედია (და არა მედეა, თუმცა შეიძლება რომელიმე ჟურნალიტს მედეაც ერქვას). მესმის, რომ ამას მხოლოდ თქვენ არ წყვეტთ. ბევრ საკითხთან მიმართებაში საკუთარ თავზე ვიწვნიე, რა რთულია, ყველაფერი ისე აკეთო, როგორც საჭიროა. ხშირად დიდი ძალისხმევა გიწევს, რომ შენი ხელმძღვანელი ამის საჭიროებაში დაარწმუნო და ზოგჯერ შეიძლება არც გამოგივიდეს. გამოგიტყდებით, მეც ასე დამემართა ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ არ ვნებდები.
კიდევ ბევრი რამ მომდის თავში, რაც ჩემი, როგორც ჟურნალისტის გადმოსახედიდან უნდა გაითვალისწინოს პიარმენეჯერმა, მაგრამ არ გავკადნიერდები და ათ მცნებას არ დავწერ.
მაია მამულაშვილი