ღია მსჯელობა ურთიერთგაგების მისაღწევად

რამდენი განმარტებაც არ უნდა შევუფარდოთ საზოგადოებასთან ურთიერთობას: 100, 500 თუ 1500, მისი განვითარების საწინდარი ურთიერთგაგებაზე აგებული პრინციპების დამკვიდრებაა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსმა, ჯეიმს ე. გრუნიგმა განსაზღვრა 4 ძირითადი მოდელი, რომლითაც დარგი ხელმძღვანელობს. აქედან ორი: პრეს-სამსახური და საჯარო ინფორმირება - ცალმხრივი კომუნიკაციის საშუალებებია, რომლის დროსაც ორგანიზაციისთვის სასარგებლო ინფორმაცია ვრცელდება: ა) საზოგადოების ქცევის მანიპულირება, ბ) მიზნობრივ აუდიტორიაზე დამარწმუნებელი ზეგავლენა. ორმხრივ ასიმეტრიული მოდელი არაბალანსირებული მანიპულაციური მეთოდია, რომლის საშუალებითაც ყოველი დაინტერესებული მხარის დასარწმუნებლად გამოიყენება წინასწარი კვლევის საფუძველზე დადგენილი საჭიროებები. და ბოლოს, ორმხრივ სიმეტრიული კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ღია მოლაპარაკების მეშვეობით, პოულობს ოპტიმალურ შუალედს ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად; მისი  მთავარი დანიშნულებაა ჩართულ მხარეთა აზრის პატივისცემა და ურთიერთდაფასებით გაგების მიღწევა.  

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მოდელებს ფუნქციურად შესაბამისი დატვირთვა გააჩნია, ხშირად გაისმის საპირისპირო შეხედულება, რამდენად აკმაყოფილებს მათი შემადგენელი კომპონენტები ე.წ. უპირატესობის თეორიას, რაც მოიცავს მენეჯერულ, სტრატეგიულ, სიმეტრიულ, მრავალფეროვან, ეთიკურ ღირებულებებსა და გადაწყვეტილებათა მიღების ტაქტიკურ სვლებს. ეს განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა ორმხრივი სიმეტრიის კომუნიკაციურ მოდელზე, რომლის წინააღმდეგ გამოთქმული კონტრარგუმენტები განეიტრალდა გრუნიგის მიერ ფორმულირებული დებულებით. 

„საზოგადოებასთან ურთიერთობისადმი სიმეტრიული მიდგომა განსაზღვრავს ეთიკური დამოკიდებულების ორმხრივ პროცესებს და არა უშუალოდ შედეგებს, რადგან  ურთიერთშეთანხმება მიიღწევა მხარეთა შორის დიალოგის გზით“. სიმეტრია ამ შემთხვევაში გულისხმობს კომუნიკაციის „ოქროს“ წესის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც:

მოსმენა ნიშნავს გაგებას,

გაგება მოიცავს აღქმას,

აღქმა ემყარება მიღებული ინფორმაციის გათავისებას.

და ვიდრე საზოგადოება არ გაითავისებს, რომ ურთიერთდარწმუნება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციური ანალიზით, ერთმანეთის მოსაზრებათა მოსმენით და სათანადო ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობით, ურთიერთობა ვერ იქნება გამჭვირვალე, სანდო და მოგება-მოგებაზე ორიენტირებული.

ამ ურთიერთშექცევად პროცესთა ბალანსს არეგულირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი, რომლის უმთავრესი ფუნქციური მოვალეობაა ცალკეულ პირთა სურვილების დაკმაყოფილებას კი არ ემსახუროს, არამედ საერთო ინტერესების შესწავლით და ურთიერთკავშირით გაამყაროს მოპოვებული ნდობა. სწორედ ამან განაპირობა   საზოგადოებასთან ურთიერთობის ინტეგრირება სტრატეგიულ და ადმინისტრაციულ მენეჯმენტში, რის შედეგადაც რეპუტაციის მართვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის  ღია დასტურს წარმოადგენს. 

ნებისმიერი კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა ის ასრულებს „ხიდის“ როლს მასში მონაწილე მხარეთა შორის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა შედგა, რაც ფაქტობრივად ჰარმონიული საზოგადოების შექმნის წინაპირობაა. 

 

მაკო ჯაოშვილი