„შეიძლება კარგი ხედვა გქონდეს, მაგრამ ძლიერი გუნდის გარეშე შორს ვერ წახვალ" - ჯონ გრემი

   ჯონ გრემი კომპანია “Fleishman-Hillard International Communications”-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა. სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ამ  პატარა, რეგიონალური პიარ სააგენტოს მსოფლიო მასშტაბის კომუნიკაციების კომპანიად გადაქცევაში. ჯონ გრემის აქტივში შედის უმნიშვნელივანესი დამსახურებები ლიდერობის სფეროში და უამრავი საერთაშორისო მასშტაბის ჯილდო.

   „ორმოც წელიწადზე მეტია, რაც საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში ვარ და ახლაც ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაც ახალს  - ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს ჩვენს პროფესიაში. ჩემი გამოცდილების მანძილზე  ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, რომელმაც ჩამოაყალიბა ჩემი ლიდერული მიდგომის ფილოსოფია. მათგან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ხედვის ქონის მნიშვნელობას, რომლის გამყარებაც აუცილებელია თავდადებული შრომითა და ჩვენი გარემოცვით.

   როდესაც, 1974 წელს“Fleishman-Hillard”-ის აღმასრულებელი დირექტორი გავხდი, დავიწყე ჩვენი სააგენტოს ოცნებებისა და მისწრაფებების ერთ ხედვაში მოქცევა. ეს ხედვა გულისხმობდა კომპანიის საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლექტებას, საუკეთესო რეპუტაციის მოპოვებას, ყველაზე კარგი კლიენტების მოძიებასა და მათთვის საუკეთესო კომუნიკაციების სერვისების შეთავაზებას მსოფლიო მასშტაბით. ეს იყო ჩვენი ხედვა 30 წლის განმავლობაში და ეს დღესაც ასე რჩება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხედვის ჩამოყალიბება და მისი რეალობად ქცევა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია.

   ჯერ კიდევ საწყის პერიოდში, „Fleishman-Hillard”-ს მხოლოდ ერთი ოფისი ჰქონდა და ბიზნესის მსოფლიო მასშტაბით გაფართოება ძალზე რთული ამოცანა იყო. თუმცა, ჩვენ ყველაფერი კარგად და დაკვირვებით დავგეგმეთ. კომპანიის განვითარება ჩვენი ხედვის მიხედვით დაიწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით მას... დავიქირავეთ ერთი ადამიანი... მოვიპოვეთ კიდევ ერთი კლიენტი... და დავიწყეთ ახალი ოფისების გახსნაც - ეს იყო კანზასში 1977 წელს, ნიუ-იორკში 1980 წელს, ლოს-ანჟელესში 1982-ში და ვაშინგტონში 1985 წელს. ზუსტად ორი წლის შემდეგ, კომპანიამ ოფისები ლონდონსა და პარიზშიც გახსნა და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი საერთაშორისო გაფართოება.

   ეს საოცარი და საუკეთესო დრო იყო, თუმცა საკმაოდ რისკიანიც. წელიწადში დაახლოებით 400 000 კილომეტრს დავფრინავდი, რათა ჩვენს 3 ყველაზე დიდ კლიენტთან პირდაპირი კომუნიკაცია გვქონოდა. ამავდროულად, ჩვენ გვიწევდა საკმაოდ გრძელი ახსნა-განმარტებების მიცემა ბანკებისთვის კრედიტების მოსაპოვებლად, რადგან ჩვენი რამდენიმე ფილიალი მოგებაზეც კი ვერ გადიოდა. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. მე და ჩემმა თანაშემწემ პირადად ჩავდეთ საკუთარი სახლები და ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა ბანკში, რათა ყოველთვიურ გადასახადებს გავმკლავებოდით.

   ძალიან რისკიანი სტრატეგია შევიმუშავეთ, მაგრამ საბოლოოდ გაამართლა. ჩვენი თითოეული ფილიალი ნელ-ნელა ვითარდებოდა და დროთა განმავლობაში კლიენტების საკმაოდ სოლიდური ბაზაც შეგვექმნა. დღეს კი ჩვენ მსოფლიო ლიდერები ვართ პიარის დარგში. ამ შედეგს კი მხოლოდ ჩვენი თავდაპირველად ჩამოყალიბებული ხედვის წყალობით მივაღწიეთ.

   ალბათ შეამჩნევდით, რომ ხშირად ვიყენებ სიტყვა „ჩვენს“. ეს იმიტომ, რომ წარმატების ერთ-ერთი უპირველესი საფუძველი სწორედ გუნდური მუშაობა და პროფესიონალიზმის მაღალი დონე იყო.

ყოველდღე ვახსენებ და ვუმეორებ ჩემს თავს: შეიძლება კარგი ხედვა გქონდეს, მაგრამ ძლიერი გუნდის გარეშე შორს ვერ წახვალ. დაკვირვებით შეარჩიეთ თქვენი გუნდის წევრები და მათაც გაუზიარეთ ხედვა. ბევრი იშრომეთ, რომ თქვენი ხედვა რეალობად აქციოთ.

წყარო:  http://plankcenter.ua.edu/