„არსებობს ორი ძირითადი ქვაკუთხედი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ"

ედვარდ ბლოკი გახლავთ საზოგადოებრივი ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. იგი 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და სარეკლამო პროგრამებს. დააარსა “AT&T” საქველმოქმედო ფონდი.

ედვარდ ბოკი 1993 წელს  გახდა არტურ პეიჯის სახელობის დიდების დარბაზის წევრი, ხოლო  1997 წელს მიიღო საზოგადოებრივი ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის ოქროს წევრის წოდება.

 გთავაზობთ მის შეხედულებებს პიარის შესახებ.

   „არსებობს ორი ძირითადი ქვაკუთხედი, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებას მიაღწიოთ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში. თქვენ ამას ვერ ისწავლით ვერც აუდიტორიაში და ვერც საკლასო ოთახში. ამ ცოდნას  მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით, დროთა განმავლობაში შეიძენთ. მე  გამიმართლა, სწორედ ამ პრინციპით მივაღწიე წარმატებას.

   ეს ორი ასპექტი არის: თქვენი ჭკუა და გამბედაობა.

   ჭკუა არის თქვენი შინაგანი რესურსი (software), რომელიც ყოველთვის დაგეხმარებათ თქვენი კლიენტების საჭიროებების ღრმად შეცნობაში. ის საშუალებას მოგცემთ იფიქროთ ნათლად და საღი გონებით,  ხშირად წნეხის დროსაც; იფიქროთ და იმოქმედოთ უფროსის კონკრეტული მითითებების გარეშე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი ტვინი არის კრეატიულობისა და ენთუზიაზმის უშრეტი წყარო, რომელიც თქვენი პასუხისმგებლობის შესრულებას ყოველთვის ძალიან მარტივს გახდის.

 გამბედაობა არის თქვენი გარე რესურსი (hardware), იარაღი, რომელსაც  გამოიყენებთ ნებისმიერი სახის პრობლემისა და სირთულეების დროს. გამბედაობა შეგმატებთ თვითდაჯერებულობასა და თვითრწმენას, რომელიც აუცილებლად მიგაღებინებთ სწორ გადაწყვეტილებებს რთულ სიტუაციებში.  რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მოგანიჭებენ გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციას, თუმცა აუცილებლად მოიპოვებთ რეპუტაციას.

ჩემი კარიერის განმავლობაში ყოველთვის მესმოდა სხვა წარმატებული პროფესიონალების შემდები წესები:

  • უფროსებს არ აინტერესებთ, რამდენად ჭკვიანი ხართ თქვენ - მათი ერთადერთი მოთხოვნა დაკისრებული მოვალეობების სწორი და მყისიერი გზით გადაჭრაა.
  • უფროსებს სჭირდებათ მხოლოდ გამოსავლის მოძებნა და არა პრობლემების შექმნა. პრობლემები მათაც არ აკლიათ.
  • მორიდებულობა და მლიქვნელობა ყოვლად უსარგებლოა.
  • თუ რამე გააფუჭეთ, იყავით პირველები, რომ თქვენს უფროსს ეს პირველმა შეატყობინოთ და შესთავაზოთ საკუთარი ალტერნატივები, თუ როგორ გამოხვიდეთ შექმნილი ვითარებიდან.

ჩემი რჩევები იმას გეუბნებათ, რომ ლიდერობისა და წარმატების საწინდარი მხოლოდ ტვინი და თქვენი მხნეობაა. ეს თვისებები და შესაძლებლობები ჩნდება დროთა განმავლობაში, თქვენ კი უნდა შეგეძლოთ საკუთარი პიროვნების წარმოჩენა და თვისებების ადაპტირება. ეს არ მოხდება სამსახურის პირველ დღეს, თუმცა მოხდება პირველ სამსახურში!

ჭკვიანმა მეგობარმა  მითხრა, რომ საუკეთესო ბიზნეს-სკოლები და უნივერსიტეტებიც კი ვერ ასწავლიან ადამიანს, თუ როგორ გახდე ძალიან კარგი აღმასრულებელი დირექტორი და ლიდერი. ამ ყველაფერს ადამიანი მხოლოდ სამსახურში სწავლობს. ზუსტად ეს პრინციპი მუშაობს მამაკაცებისთვის და ქალებისთვისაც საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში მუშაობის დროს. კარგი უნივერსიტეტი დაგეხმარებათ სპეციალური საშუალებებისა და ტექნიკის შესწავლაში, მაგრამ მხოლოდ სამსახურში მუშაობა დაგახელოვნებთ საზოგადოებრივი ურთიერთობების ეფექტურად მართვაში.

ასე რომ, იყავით მშვიდი, მომთმენი და ყურადღება მიაქციეთ, თუ რა არის თქვენი ბიზნესის ბიზნესი. ეს დაგეხმარებათ იმის შეცნობაში, თუ რას აკეთებთ და კონკრეტულად რისთვის ხართ თქვენ საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში. თუ ამ პროცესს მოთმინებითა და ეტაპობრივად გაყვებით, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.“

წყარო:  >http://plankcenter.ua.edu/

თეგები