„სახელმწიფომ პრობლემა აღიარა, ეს უკვე დიდი შედეგია“ - გიორგი კალატოზიშვილი #STOPC კამპანიას აფასებს
„საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“ - საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა.
პიარ კამპანია 3 წელზე გაიწერა და იანვრიდან სხვადასხვა მიმართულებები აქტიურად ამუშავდა.
კამპანიის მიზნებზე საუბრობს და მიმდინარე პროცესებს აფასებს პიარ სპეციალისტი გიორგი კალატოზიშვილი:
- უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში ყველაზე მთავარი სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის არსებობის აღიარება და მისი გადაჭრის შესაბამისი ბერკეტების ამოქმედებაა. ჯერ კიდევ 2005 წელს, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 6,7% აქვს C ჰეპატიტი. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მონაცემებს არ ცნობდა და შესაბამისად, არც ქვეყანაში არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას აღიარებდა. ამიტომ ცალსახად მისასალმებელია 2012 წლის შემდეგ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს დამოკიდებულების ცვლა. მეტიც, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა ჰეპატიტებთან ბრძოლა - პირველადი პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს „საქართველოს ზიანის შემცირების ქსელისა“ და მასში შემავალი ცალკეული ორგანიზაციების როლი C ჰეპატიტის პრობლემის აქტუალიზაციის პროცესში.
- კონკრეტულად რა მიზნებს ემსახურება პიარ კამპანია?
- კამპანიის მიზანი დაავადების პრევენცია და დაავადებული სეგმენტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, მოსახალეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია და კამპანია ცნობიერების ამაღლებასაც ისახავს მიზნად.
- გამოირჩევა თუ არა კამპანია განსხვავებული მიდგომებით?
- შეიძლება ითქვას, რომ კი. ჯანდაცვა გაემინჯა ძველ სტერეოტიპულ მიდგომას, როდესაც თემის აქტუალიზაციას ან პრობლემაზე აქცენტს სხვა ადამიანების დისკრედიტაციის ხარჯზე აკეთებდნენ. ცხადია, ვგულისხმობ ნარკომომხმარებლებს, რომელთა დისკრიმინაციით სახელწმიფო ქმნიდა საფრთხობელას. საზოგადოების უმეტეს ნაწილს ბრმად სჯეროდა (ცხადია, ინფორმაციის ნაკლებობის გამოც ხდებოდა), რომ C ჰეპატიტი მხოლოდ ნარკომომხმარებლის მიერ გამოყენებული შპრიცით შეიძლება გადაგედოს. 2015 წელი გამოცხადდა C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად და მთავარ დევიზად ჯანდაცვამ გამოაცხადა პრევენცია, ჰიგიენის უკეთ დაცვა და მოსახლეობის დიაგნოსტიკა.
- გამომდინარე იქიდან, რომ კამპანია სოციალური ხასიათისაა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და როგორია მაჩვენებელი ამკუთხით?
- როცა C ჰეპატიტზე და დაავადების პრევენციაზე ვსაუბრობთ, მოსახლეობის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 2006 წელს სანიტარული ზედამხედველობის გაუქმების შემდეგ, თბილისში ზედამხედველობის გარეშე დარჩა 1500-ზე მეტი სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც არავინ აკონტროლებს სერვისის მიწოდების ხარისხსა და უსაფრთხოების ნორმებს. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად აუცილებელია საადვოკაციო საქმიანობაში საზოგადოების აქტიური ბირთვის ჩართვა. საზოგადოებამ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უნდა გააძლიეროს არა ლოცვა, არამედ წნეხი სისტემაზე და გააგრძელოს ზეწოლა სახელმწიფოზე, რათა მან დეკლარირებული ლოზუნგი „შევაჩეროთ C ჰეპატიტი“ გაამყაროს რეალური აქტივობებით.
რაც შეეხება მოსახლეობის აქტიურობას, თუ აკრეფთ სოციალურ ქსელში ჰაშთაგს #Stopc, თქვენ დაინახავთ რამხელა რეზონანსი გამოიწვია კამპანიამ. ფაქტობრივად არ დარჩა ქვეყანაში ორგანიზაცია, კომპანია, საჯარო და ფიზიკური პირი, რომელიც არ შეუერთდა ამ კამპანიას.
- გარდა საზოგადოების მხრიდან მაღალი ჩართულობისა, რა შედეგები გვაქვს კამანიის დაწყებიდან მე-10 თვეს?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფომ პრობლემა აღიარა, ეს უკვე დიდი შედეგია. ამასთან, პირველად საქართველოში სასჯელაღსრულებით სისტემაში ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაიწყეს და როგორც ცნობილია, დაახლოებით 180 პატიმარი მკურნალობის შედეგად სრულად განიკურნა C ჰეპატიტის ვირუსისგან. შედეგი გვაქვს საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით და ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ჰეპატიტითან ბრძოლაში. მთავარია, რომ ამ პროცესს ჰქონდეს უწყვეტი ხასიათი. ერთ-ერთი მედია ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 წლამდე სატელევიზიო ეთერში ჯანდაცვის თემაზე გაშუქებულ სიუჟეტებში C ჰეპატიტის თემას ეკავა 0%. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები - 0%, ხოლო „ზიანის შემცირების ქსელის" აქტიურობის შედეგად ეს მაჩვენებელი სულ მცირე 15%-ზე მეტი გახდა. რატომ არის მნიშვნელოვანი თემის აქტუალიზაცია მედიაში? ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებობს ე.წ. საზოგადოების კონიუკტურული ჯგუფი, რომელიც აქტიურდება მას შემდეგ, რაც თემას მედიის დიდი ყურადღება ეთმობა. თუმცა, ახლა მთავარია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა და ჩვენ, პროფესიონალებმა, მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადვოკაციის სპეციალისტებმა, მივაღწიოთ სახელმწიფოსგან 2006 წელს გაუქმებული სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის აღდგენას.
ავტორი:ანი ციცქიშვილი