რა პერსტექტივა აქვს პიარს !?
რა არის პიარი? მის განმარტებას პრაქტიკოსები სქელტანიან წიგნებსა და თეორიებს უძღვნიან და მაინც ვერ აღწევენ კონსესუსს, რადგან დიაგნოზისაგან განსხვავებით პიარის, როგორც დისციპლინის, მეცნიერების თუ ხელოვნების დეფინიცია არასოდეს იქნება ცალსახა და მარტივი.
მიუხედავად ამისა, რაოდენ უხეშად ან მშრალადაც არ უნდა ჟღერდეს წინამდებარე დებულება, ძირითადად მიიჩნევენ, რომ „პიარი არის ტექნიკისა და მოქმედების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სუბიექტისა და ინსტიტუტის ურთიერთობების ჰარმონიაზე”. იდეალიზმის ფარგლებს რომ გავსცდეთ უნდა ითქვას, რომ პიარი ემსახურება ურთიერთობების ნორმალიზებასა და სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, რომელიც (განსაკუთრებით კრიზისის დროს) განსაზღვრავს კონკრეტული პირისა თუ კომპანიის სამომავლო პერსპექტივებს.
რა თქმა უნდა, პიარი ქმნის პერსპექტივას, მაგრამ გააჩნია ვისთვის და როგორს. ხანმოკლე პერსპექტივა ისეთივე საშიშია, როგორიც, მაგალითად, მოგების მიზნით ერთჯერადი და ამასთანავე, არაჯანსაღი პროდუქტის შექმნა.
პიარის სპეციალისტების, მეტწილად კი იმიჯმეიკერების აზრით, პიარი კარგ კოსტიუმს ჰგავს - ფარავს ნაკლს და ხაზს უსვამს (წარმოაჩენს) ღირსებას. თუმცა, თუ აღნაგობა (ადამიანის შემთხვევაში ეს იქნება ქარიზმა, კომპანიის შემთხვევაში კი იმიჯი, რეპუტაცია) არ გიწყობს ხელს, რაც არ უნდა ეცადო, ამ კოსტიუმში ვერ ჩაეტევი... შესაბამისად, საკმაოდ მოქნილი უნდა იყო, რომ შეძლო, არა მხოლოდ კოსტიუმის მორგება, არამედ თავისუფლად მოძრაობა და მოქმედება მასში... და იმოქმედე დამაჯერებლად, რათა დროთა განმავლობაში სახელდახელოდ შეთხზული იმიჯი საპნის ბუშტივით არ გასკდეს! ამაზე კი ნაკლებად ფიქრობენ საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები, რომლებიც ძირითადად აპრობირებული, მაგრამ ძველი პრინციპებით ხელმძღვანელობენ და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისას ნაკლებად ფიქრობენ უკუკავშირის აგებაზე, კანდიდატისა და ამომრჩეველს შორის ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბებაზე.
სიმართლე ითქვას, ასეთი მიდგომა დამახასიათებელი იყო სოციალისტური ეპოქისთვის, როდესაც მთავარი იყო მხოლოდ კომუნიკატორის ფუნქცია, მხოლოდ ინფორმაციის გაცემა და უგულებელყოფილი იყო ინტერაქცია, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
უჭკუო ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი კი სხვის შეცდომებს ითვალისწინებს. პიარ სპეციალისტის შემთხვევაში არსებითია იმაზე ლაპარაკი, რომ ერთადერთი შეცდომა, რომელიც მას ეპატიება - გრამატიკული შეცდომებია. სხვა დანარჩენი ზიანს აყენებს როგორც მას, ისე დამკვეთს და ზოგადად საზოგადოებას. დღეს პიარის გარეშე არ არსებობს არც ერთი სფერო, დარგი, ინდუსტრია, მსხვილი თუ საშუალო საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან.
ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში პიარზე მოთხოვნა 25-დან 30 პროცენტამდე იზრდება, გარკვეული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული სინამდვილე. ქართულ ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ამა თუ იმ დასაქმების ვებ-გვერდებს რომ გადავხედოთ აღმოჩნდება, რომ თავსდატეხილ კრიზისის მიუხედავად, პიარი ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობაა. არცაა გასაკვირი. კრიზისის დროს მომხმარებელი იწყებს საკუთარი პრეფერენციების გადახედვას; იწყებს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ შეფასებას, რომლის შედეგად კარდინალურად იცვლება ამა თუ იმ ბრენდისადმი დამოკიდებულება. ამ პროცესში პიარის ფუნქციონალური დატვირთვა ერთიორად იზრდება. სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისას, პიარ სპეციალისტი, არა მხოლოდ ზარალის მინიმიზაციას, არამედ აქამდე კონკურენტისადმი ლოიალური კლიენტის გადმობირებასაც ახერხებს. კრიზისი ის ფაზაა, რომელშიც ორგანიზაციის პოტენციალი ან მცირდება, ან იზრდება და ეს დასავლური გამოცდილების მქონე პიარ სპეციალისტებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული. ბუნებრივია, კრიზისის დროს კონკურენტის მიერ მარკეტინგული ხარჯების შემცირება და სარეკლამო ბიუჯეტის შეკვეცა ათავისუფლებს იმ ნიშას, რომელსაც შეავსებს თქვენი ორგანიზაცია. შესაბამისად, გაამყარებს თავის პოზიციას, როგორც ბაზარზე, ისე მომხმარებლის თვალში. ასეთი ხელსაყრელი მომენტის მოლოდინშია უამრავი კომპანია და უნდა ვივარაუდოთ, რომ პოსტკრიზისულ მსოფლიოში ბიზნესრუქის შეცვლა გარდაუვალია...
და ბოლოს, იბადება კითხვა - ქმნის თუ არა პიარი პერსპექტივას? რა თქმა უნდა, ქმნის. მეტიც, ამერიკის მაგალითზე შეიძლება ზუსტად განისაზღვროს რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტის (და შესაბამისად, მის უკან არსებული ჯგუფის, იდეის, მისიის) სწორი პოზიციონირება და პიარ კამპანიის დროული წარმართვა. თუ 1963 წლამდე ამერიკის აფროამერიკელ მოსახლეობას არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებაც კი არ ჰქონდა, 2009 წელს ამერიკის პრეზიდენტი შავკანიანი ბარაკ ობამა გახდა... ასეთი ტრანსფორმაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პიარი ქმნის პერსპექტივას და ამას ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების მზაობა - მიიღოს ცვლილება, რაოდენ რადიკალურიც არ უნდა იყოს ის...