ჩვენ გვჭირდება ლიდერები - ენ ბერკელოუ

ენ ბერკელოუს 35-წლიანი კარიერა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საკმაოდ მრავალფეროვანია. 1995 წელს დასახელებული იყო წლის პიარ პროფესიონალად, ხოლო 1999 წელს მინესოტის შტატის ყველაზე გავლენიან ქალად იქნა აღიარებული. 2003 წელს კი ენ ბერკელოუ გახდა ამერიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და, ამასთანავე, მიიღო არტურ პეიჯის სახელობის ღირსების ორდენი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა საზოგადოებასთან ურთიერთობების სფეროში. გთავაზობთ მის შეხედულებებსა და მოკლე კვლევას ლიდერობის შესახებ.

   „ჩვენ ვართ ბრწყინვალე საზოგადოება, რომელსაც ყოველთვის სჭირდება წინამძღოლები, კონკრეტული მიმართულება, შთაგონება, მოტივაცია, აზრიანი და ჭკვიანური ორიენტაციის მიმცემი პიროვნებები... ჩვენ გვჭირდება ლიდერები. 2002 და 2007 წელს, მე ვკითხე ამერიკის აღიარებულ ლიდერებს, რა თვისებები იყო საჭირო ბრწყინვალე ლიდერობისთვის; რა არის თანამედროვე ლიდერების უმთავრესი გამოწვევები და საერთოდ, რატომ ან რისთვის არის ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ძირითადად იყვნენ მსოფლიოში უდიდესი ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორები საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში და ყველა ერთხმად იდგა იმ აზრზე, რომ ლიდერობა ადრეც და დღესაც მოითხოვს ხედვისა და მიზნების ჩამოყალიბებას, ეთიკურ ქცევას, ცნობისმოყვარეობას, დაუოკებელი ჟინის ქონას, იუმორის გრძნობას, ულევ პოზიტიურ ენერგიასა და კომუნიკაციის კარგი უნარების ქონას.

   ისინი ყველანი შეთანხმდნენ, რომ ლიდერობა არის პასუხისმგებლობა და არა ძალაუფლება, პრესტიჟი ან რაიმე მაღალი წოდება თუ პოზიცია. ის მხოლოდ გულისხმობს არა რა უნდა გააკეთო, არამედ ვინ უნდა იყო. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლიდერი იყოს ნამდვილი, ანუ ყოველთვის იყოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიმღები. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად ამ სინამდვილისკენ მისწრაფების სურვილი არის ძალიან პოპულარული თანამედროვე მსოფლიოში. „იყო ნამდვილი“ გახდა კიდეც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული კრიტერიუმი სახელმწიფო სამსახურში დასაქმების კანდიდატებისთვისაც.

   ჩემ მიერ გამოკითხულმა ლიდერებმა დაასახელეს 5 უმთავრესი გამოწვევა და თვისება, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ლიდერისთვის:

   1. მესიჯის მნიშვნელობის მკაფიოდ გადაცემა თავისი გუნდისთვის - ლიდერი უნდა იყოს პირდაპირი, გაბედული, მკაფიო და უშიშარი.

   2. მათ ყოველთვის უნდა შეეძლოთ ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარის, საკუთარი ეგოსა და ეთიკის ნორმების, სწორი მართვა თანამედროვე არაეთიკური სამყაროს პირობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერს კარგად და ზუსტად უნდა ესმოდეს, თუ რა კონტექსტში და რა ეთიკურ ნორმებში მოეთხოვებათ მათ წინამძღოლობა - ისინი ყოველთვის უნდა იღებდნენ საკუთარ თავზე იმის რისკსაც, რომ დათმონ საკუთარი პასუხისმგებლობა და პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ მათი გატარებული წესები არის მიუღებელი და უპირისპირდება ეთიკურ ნორმებს.

   3. საკუთარი მიმდევრების გაერთიანების უნარი საერთო მიზნის ქვეშ, ძალიან მნიშვნელოვანია - მას უნდა შეეძლოს საერთო ენის გამონახვა ფართო საზოგადოების წევრებისთვის, რადგან მათ ყოველთვის აქვთ მიდრეკილება დაწევრიანებისა და დაშლისკენ.

   4. ლიდერს უნდა შეეძლოს გრძელვადიან პერსპექტივაში ფიქრი - მთავარი აქცენტის მხოლოდ მოკლევადიან მიზნებზე გაკეთება ხელს უშლის დასახული მიზნის კარგად შესრულებას.

   5. დაინტერესებულ პირებს სჭირდებათ არა სუპერ ვარსკვლავები, არამედ პიროვნებები, რომლებიც ფასეულობას ქმნიან თავიანთი ქმედებებით და ყოველთვის შეიძლება მათზე დაყრდნობა. ხალხს უნდა და სჭირდება ბრწყინვალე ლიდერი, ნათლად ჩამოყალიბებული ხედვა, ერთიანობა, ეფექტურობა, მხნეობა და ენთუზიაზმი.

   ერთ-ერთმა ახალგაზრდა აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ადამიანები ლიდერებად არ იბადებიან - ისინი არიან დიდი შრომისა და მიზანდასახულობის ბუნებრივი „შედეგები“.

ვფიქრობ და ღრმად მჯერა, რომ საუკეთესო ლიდერები ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას დებენ იმაში, რასაც აკეთებენ და არასდროს ავიწყდებათ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. ისინი ბოლომდე ჩართულები არიან თავიანთ საქმეში და არიან საზოგადოების წევრები. როდესაც ისინი ხდებიან საზოგადოების წევრები, შემდეგ უკვე მიეკუთვნებიან მას. ხოლო სადაც მათ მიკუთვნების დიდი განცდა აქვთ, ძალიან იზრდებიან, როგორც პიროვნებები.“

წყარო:  http://plankcenter.ua.edu