"365 კილომეტრი ზაფხულამდე“ - კამპანია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

„365 კილომეტრი ზაფხულამდე“  - უკვე შეხვდით ბილბორდებს ამ წარწერით?  

თბილისის ქუჩებში გაჩერებებზე დამონტაჟებულმა სასწორმა, წონის ნაცვლად აჭარაში დასვენებისკენ ხომ არ მოგიხმოთ:

როცა პრობლემა გაქვს წონის,

ნუ დაჯდები დიეტაზე,

ამ დროს ერთი გზაა სწორი: -

უმალ გამოსწიე ზღვაზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, შიდა ტურიზმის განვითარებისკენ მიმართული პიარ კამპანია დაიწყო.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსდა ზღვასთან ასოცირებული ბილბორდები  წარწერით: „365 კილომეტრი ზაფხულამდე“. აღნიშნული კოლომეტრაჟი ბანერებზე ბათუმთან მიახლოებასთან ერთად იკლებს და გურიის გზადკეცილზე უკვე შეხვდებით წარწერა: „125 კილომეტრი ზაფხულამდე“.  

ამას გარდა, თბილისის ქუჩებში ავტობუსის მოსაცდელზე  კი  „ინტერაქტიული“ სასწორი გელოდებათ, რომელიც   წონის  ნაცვლად, სახალისო და ფრაზებს შემოგთავაზებთ და აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ.

თუკი სასწორი იმედს გიცრუებს,

არ ჩამოყარო მაინც ყურები.

აქ, აჭარაში შენთვის მზადდება

ცომგამოცლილი ხაჭაპურები.

 

თუ უმადობა გაშინებს

და ვერ იმატებ წონაში,

იცოდე: ცურვა აშიებს

ჩვენს საკურორტო ზონაში.


შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია აღნიშნული პიარ/მარკეტინგული კამპანიით დედაქალაქიდან დაიწყო, თუმცა მას გაგრძელება უკვე აჭარაში ექნება. ივნისიდან, ბათუმსა და ქობულეთში მყოფ ტურისტებს მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების  ფოტოებით დაბრენდილი სარეკლამო ბილბორდები ყველა ცენტრალურ მაგისტრალსა და ქალაქში დახვდებათ. აღნიშნული სარეკლამო აქტივობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მყოფ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა, მთიან აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. 

კამპანია ონლაინ სივრცეში მასშატაბური სახით ივნისიდან  გამოჩნდება. 

 

თეგები
VizitBatumi Gobatumi