ქალები გაუპარსავი მამაკაცების წინააღმდეგ
გაუპარსავი სახის, იგივე ლამბერსექსუალიზმის, ტენდენცია 2006 წელს უამრავმა მამაკაცმა აიტაცა და ერთგვარად „მაგარი ბიჭის“ სიმბოლოდაც კი იქცა.
ტენდენცია წამგებიანი აღმოჩნდა სამართებლის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც სუფთად გაპარსული სახის უპირატესობას ქადაგებდნენ.
მას შემდეგ რაც, „ჯილეტმა“ კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ მამაკაცებში წვერის პარსვის სიხშირემ იკლო და შესაბამისად მათი გაყიდვებიც შემცირდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა გამოსავალზე ფიქრი დაიწყეს. გადაწყდა წამოეწყოთ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების გავლენის გაზრდას პარტნიორი მამაკაცის გადაწყვეტილებაზე - გაეპარსათ თუ არა წვერი.
მთავარი ამოცანა მამაკაცების და რაც მთავარია, მედიის ყურადღების მიპყრობა იყო. პირველ რიგში, შეიქმნა ქალბატონებისგან შემდგარი საპროტესტო ჯგუფი სახელწოდებით „არა წვერებს!“ No Scruf!
ჯგუფის წევრი ქალები, პროტესტის ნიშნად, წყვეტდნენ ფეხებისა და იღლიების პარსვას, სანამ მათი პარტნიორი მამაკაცები არ გაიპარსავდნენ წვერს.
მოძრაობა ონლაინ რეჟიმში დაიწყო - noscruf.org -ზე, რომელიც სამოყვარულო გრაფიკით და იუმორისტული ვიდეოების ნაკადით გამოირჩეოდა. ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი კამპანიის მასობრივ ხასიათს. ვებგვერდზე განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო წვერგაუპარსავი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ერთი წამით წარმოიდგენდა თუ რას დაემსგავსებოდა მსოფლიო, თუ ქალები შეწყვეტდნენ ფეხებისა და იღლიების პარსვას. ვიდეომ 7 მილიონამდე ნახვა დააგროვა.
საიტზე შეხვდებოდით ორ ცნობილ ქალბატონს, რომლებიც წარდგენილნი იყვნენ, როგორც ამ კამპანიის დამფუძნებლები - კელი მონაკო და ბრუკ ბერკი. სწორედ ეს ორი ქალბატონი ედგა სათავეში საპროტესტო აქციას, რომელიც ნიუ იორკში, ჰერალდ სკვერში გაიმართა. აქციაში ორმოცდაათი ულამაზესი გოგონა მონაწილეობდა. გოგონები No Scruf მაისურებში იყვნენ გამოწყობილნი და ამაყად უჩვენებდნენ ხალხს ხელოვნურად მიმაგრებულ თმებს ფეხებსა თუ იღლიებში. საპროტესტო მსვლელობა იმდენად რეალური ჩანდა, რომ CNN-ის კორესპოდენტმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ აქციას, რედაქტორს მისი გაშუქება მოსთხოვა. აქცია ყველა დიდი ქალაქის მედიასა თუ პრესაში გაშუქდა.
პიარ მენეჯერის თქმით, ასეთმა უცნაურმა იუმორით გაჯერებულმა კამპანიამ განაპირობა მედიის მხრიდან ერთობლივი კეთილგანწყობის მოპოვება.
საპროტესტო აქციის გაშუქების შემდეგ, ვებ-გვერდმა ორ მილიონზე მეტი ჰიტი და 24 საათში 65 000 უნიკალური ვიზიტორი დააგროვა.
კამპანიამ 2007 წელს წლის საუკეთესო ღონისძიების ტიტული მიიღო.
ავტორი: ანი დვალი