ჯენერალ მოტორსის ღირებულების გაზრდა და გაყიდვების გაუმჯობესება

  1932 წელს, მაშ შემდეგ რაც,  ჯენერალ მოტორსის გაყიდვები 46.6%-ით შემცირდა, კომპანია თავდაუზოგავად ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას და გაყიდვების მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, ჯენერალ მოტორსმა დაიქირავა ედვარდ ბერნეისი, რათა მას ნიუ-იორკის ყოველწლიურ საავტომობილო გამოფენაზე კომპანიისა და მისი ავტომობილების პრომოუშენი გაეკეთებინა.

ბერნეისმა სწრაფად განსაზღვრა ტაქტიკა და ამოცანები - გამოფენა გამოიყენა ხელგაშლილი მხარჯველების მოსაზიდად და ავტომობილის ახალი ხაზის პრომოუშენისთვის.

   ბერნეისმა წამოიწყო ინიციატივა სახელწოდებით „დედაქალაქის კომიტეტი უკეთესი ტრანსპორტირებისთვის“, რომელიც ქალაქებში გაუმჯობესებული სავენტილაციო სისტემას და ტრანსპორტში კონდიცირების სისტემის არსებობას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც ბერნეისი დარწმუნდა, რომ ეს ცნობა ხალხში გავრცელდა, ჯენერალ მოტორსმა განაცხადა, რომ მის მიერ 1933 წელს გამოშვებულ მანქანებს ჰქონდათ სწორედ ის ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები, რომელსაც კომიტეტი მოითხოვდა.

   ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბერნეისმა დაიქირავა საუკეთესო ინჟინერები და სპეციალისტები. ამას გარდა, უზრუნველყო კომპანიის თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა კვლევისა და განვითარების სფეროში. შედეგად, ბერნეისმა შეძლო ამერიკის  ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანების მოზიდვა - 150-მა მათგანმა ჯენერალ მოტორსის  ავტომობილი შეიძინა. კომპანიის მთავარი გზავნილი კი შემდეგი იყო: „მაღალი ხარისხის ავტომობილი უკეთესი ინვესტიციაა, ვიდრე იაფი მანქანა.“

   ბერნეისის რჩევით, ჯენერალ მოტორსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალფრედ სლოუნ უმცროსმა უმასპინძლა სამ სადილს ავტო-გამოფენის მიმდინარეობის დროს. პირველზე, სტუმრებს წარუდგინეს ჯენერალ მოტორსის ტექნოლოგიები და შემდგომი ინოვაციების გეგმები. მეორე სადილზე მსოფლიოს 40 ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენელს გააცნეს ჯენერალ მოტორსის პერსპექტივები მსოფლიო ავტო-ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით. მესამე სადილს კი ქვეყნის გამორჩეული ეკონომისტები ესწრებოდნენ, რომლებსაც წარუდგინეს კვლევა მოსახლეობის ოპტიმისტური დამოკიდებულების შესახებ ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების კუთხით.

   ალფრედ სლოუნი კმაყოფილი დარჩა სადილების შედეგით, რომელმაც კიდევ უფრო ნათელი გახადა კომპანიის სამომავლო გეგმები. მან ედვარდ ბერნეისი დანიშნა ჯენერალ მოტორსის კონსულად და საზოგადოებრივი ურთიერთობები აღიარა, როგორც ბევრად უფრო ეფექტური და იაფი ბერკეტი წარმატებისთვის, ვიდრე რეკლამირება.  მან ბერნეისს სთხოვა ჯენერალ მოტორსის 51 ფილიალის აღმასრულებელი დირექტორების „განათლება“, რისთვისაც ედვარდ ბერნისმა შემდეგ ხერხებს მიმართა: ადგილობრივი პრეზენტაციების მოწყობა და სიახლეების წერილობითი გზით გავრცელება.

   სლოუნის მიერ საზოგადოებრივი ურთიერთობების მხარდაჭერა და მისთვის უპირატესობის მინიჭება კიდევ უფრო ნათელი გახდა მისი ყოველწლიური მოხსენების დროს: „ნებისმიერი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის საზოგადოებასთან, ხალხთან ურთიერთობა. ორგანიზაციის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების საჭიროებებისა და შეხედულებების ინტერპრეტირებაზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმის ხალხს კომპანიის საქმიანობის მოტივები.“

   ედვარდ ბერნეისის ურთიერთობა ჯენერალ მოტორსთან იქამდე გაგრძელდა, სანამ მან კომპანიის კონსულის კომპეტენციას არ გადააჭარბა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო საზოგადოებრივი ურთიერთობების პრაქტიკის გამოყენება, მთელმა ქვეყანამ განაგრძო მისი ადაპტირება.

ყოველივე ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების კორპორაციული აღქმის ჩამოყალიბება და განვითარება სწორედ ედვარდ ბერნეისის მოღვაწეობას ეკუთვნოდა. 

 

წყარო: http://prvisionaries.com/

თეგები