პრესრელიზის ახალი სტანდარტები
ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობას გავუსწორე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პიარ პრაქტიკა ვითარდება, ძალიან ბევრი პრაქტიკოსი (რა თქმა უნდა, არა ყველა) მედიასთან ურთიერთობების პროცესში საერთოდ არ (ან ნაწილობრივ) იყენებს პრესრელიზებს, როგორც მედიასთან ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმას. საქმე ისაა, რომ სანამ ქართულ პიარ პრაქტიკაში პრესრელიზების ტრადიციული პრაქტიკის გამოყენება დამკვიდრდება, დასავლური პრაქტიკა პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალ ფორმებს ნერგავს. ეს ტენდენცია, მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ ჩვენი პიარ პრაქტიკოსები პირდაპირ პრესრელიზების მომზადებისა და გავრცელების ახალი ფორმების გამოყენებას დაიწყებენ და ისინი მოიტოვებენ მათი შექმნისა და გავრცელების ტრადიციულ პრაქტიკას.
და რაში გამოიხატება პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალი ფორმები? ინტერნეტმა და ახალმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა კომუნიკაციის პროცესი, როგორც ორგანიზაციაში, მის შიდა ჯგუფებს შორის, ასევე ორგანიზაციასა და მის გარე ჯგუფებს შორის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს ინფორმაციის შექმნის, გავრცელების, გამოსახულების და შენახვის მეთოდები. ტენდენცია გარდაუვალია და ის ორგანიზაციები, რომელებიც ამ პროცეს სრულფასოვნად არ გაიაზრებენ და არ გამოიყენებენ ახალ ტექნოლოგიებს საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესში (რა თქმა უნდა, ტრადიციულ პიარ საქმიანობასთან ერთად), მათი წამრატება კომუნიკაციურ საზოგადოებაში ნულის ტოლი გახდება.
პრესრელიზი, პიარ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ტაქტიკაა. ეს ინფორმაციის გაცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც პიარ პრაქტიკოსები მედიასთან ურთიერთობების დროს იყენებენ. პრესრელიზი მზადდება სტანდარტული ფორმით, რომლის მომზადების შემდეგ ეგზავნება ჟურნალისტებს მათი შესაძლო გამოქვეყნების მიზნით და ისინი დიდი პროცენტული მაჩვენებლით განაპირობებენ სტატიების გენერირების ძირითად წყაროს. პრესრელიზი ეგზავნება, როგორც ტრადიციული მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას, როგორიცაა: ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ჟურნალები და საინფორმაციო სააგენტოები (ტრადიციული მედია), ასევე ახალი მედიის საშუალებებსაც, როგორიცაა: თემატური ვებგვერდები, ბლოგები, სოციალური ქსელები, ონლან ჟურნალები, ფორუმები და სხვა (ახალი მედია).
პრესრელიზის ძველი წესები:
ადრე, სანამ ინტერნეტი თანამედროვე ფუნქციას შეიძენდა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პრესრელიზის ადრესატი მხოლოდ ტრადიციული მედია იყო, რომელსაც შეეძლო დაეწერა ან არ დაეწერა სტატია თქვენზე, თქვენივე პრესრელიზზე დაყრდნობით.
• ადრე, ვერავინ ხედავდა პრესრელიზს და მის შინარს გარდა ჟურნალისტისა ან რედაქტორისა, რომლებიც თქვენი პირდაპირი ადრესატები იყვნენ;
• თქვენ აუცილებლად უნდა გქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ პრესრელიზი დაგეწერათ;
• პრესრელიზსში უნდა ყოფილიყო კომენტარები;
• თქვენი მომხმარებლები და პარტნიორები პრესრელიზის შინაარს გაიგებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია მას დაბეჭდვავდა ან გააშუქებდა;
• შედეგის გაზომვა შეიძლებოდა მხოლოდ მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიების კლიპინგით.
პრესრელიზის ახალი წესები:
თქვენი პირველადი აუდიტორია აღარ არის მხოლოდ მედია - თქვენი აუდიტორია ათი ათასობით ადამიანია (მყიდველები, პარტნიორები, პოტენციური მყიდველები, ა.შ.), რომლებსაც აქვთ კავშირი ინტერნეტთან.
• ამზადეთ და აგზავნეთ პრესრელიზი მუდმივად და ნუ დაელოდებით ”დიდ მოვლენას”;
• მოამზადეთ პრესრელიზები არამხოლოდ მედიისთვის, არამედ თქვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის (საზოგადოებისთვის);
• პრესრელიზის შინაარსში შესაძლებელია გამოიყენოთ ლინკები, სხვა სასარგებლო ინფორმაციებზე გადასასვლელად;
• ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პრესრელიზებს, რომ ისინი ადვილად მოხვდნენ მიზნობრივი აუდიტორიის წრეში და ადვილად მოიძიონ საძიებო სისტემებში.
დიდი სიახლე კარგია, მაგრამ ნუ დაელოდებით მხოლოდ მას. დაწერეთ ყველაფერზე რასაც თქვენი ორგანიზაცია ყოველდღიურად აკეთებს!
• დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიტყვით კონფერენციაზე გამოდის;
• დაწერეთ თუ თქვენმა ორგანიზაციამ რაიმე სახის ჯილდო მიიღო;
• დაწერეთ თუ გადაჭერით მნიშვნელოვანი პრობლემა;
• დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის რიგები გაიზარდა;
• დაწერეთ თუ თქვენ ახალ თანამშრომლებს იღებთ და ასაქმებთ;
• დაწერეთ თუ თქვენ ამყარებთ საერთაშორისო კონტაქტებს და ა.შ........
სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაციის პიარ მენეჯერი ფიქრობს, რომ მის ორგანიზაციაში სიახლე ძალიან იშვიათად ხდება. არადა, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. თუ კარგად დავაკვირდებით, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში, მათი მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმდენი საინტერესო მოვლენა ხდება, რომ ისინი აუცილებლად უნდა გარდაისახონ ორგანიზაციის სიახლეებად (პრესრელიზების ფორმით). პიარ მენეჯერის ერთ-ერთი ფუნქციაც ხომ ისაა, რომ შექმნას ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და მუდმივად ინფორმირებული ჰყავდეს მის ორგანიზაიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მისი მიზნობრივი ჯგუფები? დღეს მხოლოდ მედია (როგორც მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის ფორმა) აღარ არის პრესრელიზის ადრესატი, როგორც ინფორმაციის გამტარი / ხიდი, ორგანიზაციასა და მის მიზნობრივ ჯგუფებს შორის და დღეს, ორგანიზაციის პიარ მენეჯერებს მართებთ ახალი მიდგომების შემუშავება, რაც მათ მისცემთ საშუალებას პირდაპირ მიაწოდონ პრესრელიზები მათ მიზნობრივ ჯგუფებს. როგორ? ყველა ზემოთჩამოთვლილი ახალი მედია საშუალებებით. თუმცა ეს სტრატეგია არ აკნინებს მედიასთან ურთიერთობების აუცილებლობას და ორგანიზაციის წარმატებული კომუნიკაცია ემყარება, როგორც ტრადიციული მედია საშუალებების, ასევე ახალი მედია საშუალებების თანაბარ გამოყენებას. ეს თემატიკა ცოტა სპეციფიკურია და შეიძლება ჩემი ტექსტის სტრუქტურა არეულადაც მოეჩვენოს მკითხველს, თუმცა ჩემი მიზანი, არა ამ ტექსტის აკადემიური ხარისხია, არამედ ამ თემის ირგვლივ საუბრის დაწყება და თქვენი მოსაზრებების გაგება.
ავტორი: ბერდია ნაცვლიშვილი