რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი)? – ელდარ პირმისაშვილი

თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია ყველაზე მძლავრი და მნიშვნელოვანი კაპიტალი გახდა, ხოლო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი აზრის მართვა დემოკრატიული მმართველობის სტაბილურობის შენარჩუნების საჭირო მექანიზმი.

კომუნიკაციის ეფექტურ მართვაზე არის დაფუძნებული საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მთავარი პრინციპები და რეპუტაციის შექმნის საფუძვლები. ოცდამეერთე საუკუნეში ვინც მართავს ინფორმაციას, მას აქვს ძალაუფლება. ამიტომ პიარს დიდი როლი ენიჭება დღევანდელ საზოგადოებაში, რადგან ის გვევლინება ინფორმაციის მმართველად.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მუდმივად განიცდის ცვლილებებს. პროფესორი ტიმ ტრავერსი კი იხსენებდა, რომ საქმიანობის დასაწყისში, 1947 წელს, სფეროში მოღვაწე პროფესიონალების საქმე შემოიფარგლებოდა: ახალი ამბების რელიზების მომზადებით, ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელებით, ინფორმაციის უტყუარობის უზრუნველყოფით, რეკლამირებითა და ბეჭდური გამოცემების მომზადებით.

1978 წელს, საზოგადოებასთან ურთიერთობების ასოციაციის მსოფლიო ასამბლეაზე ჩამოყალიბდა და დადასტურდა აზრი, რომ „საზოგადოებასთან ურთიერთობა არის ტრენდების (ტენდენციების) ანალიზის სოციალური მეცნიერება და ხელოვნება, ამ ტრენდების შედეგების წინასწარი განსაზღვრა და მოქმედების იმ გეგმის დანერგვა, რომელიც მოემსახურება როგორც ორგანიზაციულ, ისე საზოგადოებრივ ინტერესს“. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეს სპეციალისტების უმრავლესობა მაინც 1947 წლის ყაიდით მუშაობს და ავიწყდებათ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი დანიშნულება და პრინციპი გუშინაც იყო და დღესაც არის შემდეგი: „არ დაუჯეროთ რასაც ვამბობთ – მოუსმინეთ, რასაც ჩვენზე ამბობენ“ – ამბობს ,,გლობალ ვიკთან" რიჩარდ ლინინგი.

  • პიარი დისციპლინაა, რომელიც ზრუნავს რეპუტაციაზე, რომლის მთავარი მიზანია გამოიწვიოს ურთიერთგაგება და გავლენა მოახდინოს ადამიანების აზრებსა და ქცევაზე. პიარი დაგეგმილი, მდგრადი პრაქტიკაა, რომელიც აყალიბებს ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ნდობას, ლოიალობას და ქმნის გრძელვადიან კეთილგანწყობას – ასეთ განმარტებას გვთავაზობს ლონდონის პროფესიონალი პიარსპეციალისტების გაერთიანება ,,Chartered institute of Public Relations-ი"
  • საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალ ,,PR News-ის" განმარტებით – პიარი არის მართვის ფუნქცია, რომელიც აფასებს საჯარო, საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს, აყალიბებს პიროვნების ან ორგანიზაციის  მიდგომებსა და პროცედურებს საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ და გეგმავს და აღასრულებს სამოქმედო პროგრამას საზოგადოების გაგება-მხარდაჭერის მიზნით.

ამერიკელი პროფესორი დენის უილკოქსი გვთავაზობს პიარისათვის მნიშვნელოვან სიტყვებს, რომელიც განმარტებათა უმრავლესობაში გვხვდება და აყალიბებს პიარს, როგორც პროფესიას. ესენია:

წინასწარგანზრახული

საზოგადოებასთან ურთიერთობა წინასწარგანზრახული პროცესია, რადგან იგი აკვირდება, აანალიზებს გარემოს და საზოგადოებას - მათ განწყობებსა და დამოკიდებულებებს, ქმნის და ამზადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პირობას და პლატფორმას კომუნიკაციის განხორციელებისათვის, იგი წინასწარ განსაზღვრავს იმ ტენდენციებსა და მიდგომებს, რომელიც  მომავალში იმუშავებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე.

დაგეგმილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციფიკა დაგეგმარების გარეშე არ არსებობს. დაგეგმვა ამ დარგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაგეგმილი და უწყვეტი ძალისხმევა იძლევა მხოლოდ ხელშესახებ შედეგს.

სანახაობა

საზოგადოებასთან ურთიერთობა მისი განვითარების ყველა ეტაპზე ასოცირდებოდა სანახაობასთან, პიარი ქმნის სანახაობას, საინტერესო და შემოქმედებით მოვლენებს, რათა მიიქციოს ყურადღება კომპანიის პროდუქტის ან საქმიანობის მიმართ.

საზოგადოებრივი ინტერესი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშაობის მთავარი პრინციპი დაფუძნებულია საზოგადოების ინტერესებზე, რადგან ეს დარგი საზოგადოების ინტერესებზე დგას.

ორმხრივი კომუნიკაცია

საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე საზოგადოების ინფორმირება ან ინფორმაციის გავრცელება, პიარი ორმხრივი კომუნიკაციას გულისხმობს თავის თავში, რადგან ორმხრივმა კომუნიკაციამ ანუ საზოგადოების მხრიდან მიღებულმა უკუკავშირმა და გამოხმაურებამ, აქცია პიარი ძლიერ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ინფორმაციის მართვის საკითხებში.

მმართველობითი ფუნქცია

საზოგადოებასთან ურთიერთობა ორგანიზაციაში მმართველი რგოლის განუყოფელი ნაწილია, მასზეა დამოკიდებული ორგანიზაციის იმიჯისა და რეპუტაციის შექმნა და შენარჩუნება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები გეგმავენ და ანხორციელებენ ორგანიზაციის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო სტრატეგიებს, წყვეტენ ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებს და ეხმარებიან ორგანიზაციას მიზნების მიღწევასა და ცნობადობის შექმნაში, რაც მათ მონაწილეობას და რჩევა-დარიგების ფუნქციას სძენს მართვის უმაღლეს რგოლში.