5 კრიზისული რჩევა „მოსიარულე მკვდრებისგან“

წლებია ჩვენს გარშემო ნაცნობი ოჯახებისგან, მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან ვხედავთ დიდ ინტერესს და აღფრთოვანებას სატელევიზიო სერიალის „მოსიარულე მკვდრების“ მიმართ. მომხიბვლელობისა და ინტერესის მთავარი მიზეზი მასში ასახული კრიზისულ სიტუაციებში ადამიანური უნარების და დამოკიდებულებების გამოვლენაა.

გთავაზობთ კრიზისის კომუნიკაციის რჩევებს „მოსიარულე მკვდრებისგან":

1. გეგმა

რიკი და მისი მეგობრები ცდილობენ მაქსიმალურად უსაფრთხო გახადონ მათი ბანაკი და ყოველთვის სტრატეგიულად არჩევენ ძირითად მართვის გუნდს, რათა შეინარჩუნონ უსაფრთხოება. ისინი მშვიდ მომენტებშიც ემზადებიან კრიზისისთვის.

აუცილებელია წინასწარ შეაფასოთ რისკები და დაგეგმოთ განსხვავებული კრიზისული სიტუაციების შესაბამისი მოქმედებები. ამის გარეშე შესაძლებელია თქვენ მძიმე კატასტროფულ და უკონტროლო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო ინციდენტს ვერ განსაზღვრავთ, მაგრამ არსებული გეგმებით შეძლებთ სწრაფ რეაგირებას და ადაპტირებას ახალ გარემოში.

რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, სანამ კრიზისი  ყველასთვის ხილული გახდება"

  • აწარმოე ურთიერთობები შენი ინტერესის სფეროს ადამინებთან
  • დაამყარე კავშირი რეპორტიორებთან
  • მოამზადე შენი გუნდი რეპორტიორებთან სამუშაოდ
  • მოამზადე სპიკერები
  • იყავი მოქნილი, პრაქტიკული

2. სრულ მზადყოფნაში მოიყვანე მიზნები

პირველივე სერიიდან ძირითადი გუნდი თავის გადარჩენისთვის იბრძვის. ისინი გზადაგზა გეგმავენ პატარ-პატარა ნაბიჯებს და ისწრაფვიან ერთი საერთო მიზნისკენ. მათი მიზანი მოიცავს შემდეგ ამოცანებს, როგორ მოაწყონ თავშესაფარი, როგორ მოიპოვონ საკვები, როგორ მიიღონ მეტი უსაფრთხოება, როგორ ააშენონ მყარი კედლები და როგორ გაზარდონ ნათესები.

კრიზისის დროს გეგმის ყველა ნაბიჯი ორგანიზაციის ღირებულებებს უნდა  ეწყობოდეს. აუცილებელია ყველა ხედავდეს, რომ თქვენ რჩებით ორგანიზაციის მთავარი მისიის ერთგული და იცავთ ბრენდს.

თქვენი მიზნების მთავარი საფუძვლებია:

  • მიიღო სწორი გადაწყვეტილებები
  • დარჩე იგივე, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად
  • იყო გულისხმიერი
  • შეასუსტო ნეგატიური გამოხმაურება

3. შექმენი გუნდი

სერიალში მთავარი გუნდი, რომელიც  ერთი ოჯახივით ცხოვრობს, გზადაგზა კარგავს წევრებს და იმატებს ახალ სახეებს. თვითგადარჩენის სურვილით გამოწვეული სხვადასხვა ქმედებები გვაძლევს გარკვეულ ცოდნას სტრატეგიულ აზროვნებაში, საბრძოლო ტაქტიკაში, თვალთვალსა და გუნდის შექმნაში.

კრიზისული გუნდი ქმნის და ახორციელებს საგანგებო კომუნიკაციებს. თქვენ უპირატესს პოზიციაში ხართ, ვიდრე ზომბი მკვლელები. თქვენმა გუნდის წევრებმა, კრიზისამდე მიიღეს გარკვეული გამოცდილება. მათ კარგად იციან თქვენი ბიზნესი, დაინტერესებულნი არიან თქვენი ბრენდის დაცვით.  ეცადეთ, აღნიშნული გუნდი არ იყოს ძალიან ვიწრო.

პერსონები, რომლებიც უნდა შედიოდნენ კრიზისულ გუნდში:

  • აღმასრულებელი დირექტორი/პრეზიდენტი/დამფუძნებელი
  • კომუნიკაციების უფროსი
  • გენერალური მრჩეველი
  • დაზღვევისა და რისკების მართვის მენეჯერი
  • ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
  • ოპერაციების მართვის მენეჯერი
  • მთავარი განყოფილების მენეჯერი
  • ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი (თუ კრიზისი ქმნის ფინანსურ რისკებს)

4. შეარჩიე ლიდერი

რიკი, გუნდის ლიდერი, წარსულში სამართალდამცავი პირი იყო. მისი პროფესიონალიზმი და ეთიკური მიდგომები ეჭვის ქვეშ დგება, როცა პოლიციის სამკერდე ნიშანი კარგავს ძალას. მან დაივიწყა ადამიანური მიდგომები, რამაც ზოგ შემთხვევაში მიაღებინა არალოგიკური გადაწყვეტილებები.

კრიზისის დროს ნებისმიერმა ლიდერმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ მთავარია ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და არ გადავუხვიოთ გზიდან. კარგი წინამძღოლი არის თანმიმდევრული, უსმენს გუნდის წევრებს და არ კარგავს მათ ნდობას.

აუცილებელია კრიზისის გუნდს ყავდეს ლიდერი და მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელი. გუნდის ლიდერი ხშირად ხდება მთავარი მრჩეველი და კომუნიკაციების მენეჯერი. ის უნდა იცნობდეს კარგად ორგანიზაციას.

მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს კამერასთან და უნდა იყოს კარგი სპიკერი. ის არ უნდა იყოს გუნდის ლიდერი. კრიზისის პერიოდში იგი ორგანიზაციის სახე უნდა იყოს, რომელიც შექმნის დადებით იმპულსებს საზოგადოებაში.

5. გამოიყენეთ სწორი ინსტრუმენტები სამუშაო პროცესში

დაკბენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ძლიერი დარტყა მიაყენო თავის არეში. ნებისმიერი საგანი, რითაც შეძლებენ თავის ქალის გახვრეტას, მათთვის კარგი ინსტრუმენტია. რიკი და მისი გუნდი იყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, მაგრამ ხმაური იზიდავს ზომბებს და ეს არ არის უსაფრთხო, თან საბრძოლო მასალა მწირია. დანები, მშვილდები, ნაჯახები და დიდი ჯოხები სტრატეგიულად უფრო საიმედო ინსტრუმენტია.

ინსტრუმენტები კრიზისის დროს  არ არის განსხვავებული იმ ინსტრუმენტებისგან, რომელსაც მარკეტინგის და პიარის გუნდი რეგულარულად იყენებს.

კრიზისის დროს აუცილებელია იმოქმედო სწრაფად. მას შემდეგ რაც, თანამშრომლებს და დაინტერესებულ მხარეებს არსებულ ვითარებას გააცნობთ, გადადიხართ კომუნიკაციის აქტიურ ფაზაზე. პირველ რიგში მედიასთან და  საზოგადოებასთან  ურთიერთობისთვის უნდა აირჩიო ადგილი და  ამისთვის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ორგანიზაციის საიტი. ეს არის ადგილი, სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, რაც ეხმარება საზოგადოებას შეიქმნას სწორი წარმოდგენა და დამოკიდებულება კომპანიის საქმიანობაზე კრიზისის დაწყებამდე.

აღნიშნული მიდგომა დაგეხმარებათ სწორი მიმართულება მისცეთ კრიზისის დაძლევას და მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ თქვენი ბრენდის ძლიერი მხარეები.

 

 

Juli Hale

Forza Marketing

მედიასთან  და მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი