ბრენდის სათქმელი - ტრენერთა ასოციაცია
-გაგვაცანით თქვენი ბრენდი...
ტრენერთა ასოციაცია - ტრენერების გაერთიანება საქართველოში
ასოციაციის ლოგო შედგება სამი ფერის გრადაციისგან, რომელიც ადამიანის ფიგურის მოხაზულობას წარმოადგენს. წინ, ყველაზე მუქი ფერი, ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ტრენერის სიმბოლოა, რომელიც საკუთარი გამოცდილებით გადაფარებულია, იცავს მის უკან მდგომ ნაკლებად გამოცდილებს, მის უკან მყოფი კი თავის მხრივ კიდევ უკან მდგომს. ჩვენი გამოცდილებით ვიცავთ, ვუზიარებთ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ერთად ვდგავართ, ერთი საქმის სიყვარული გვაერთიანებს და ამ საქმეს ტრენინგები ჰქვია. ლოგოს ფიგურები ერთმანეთის დამცველი ფარები არიან და ერთად ყველაფერი შეუძლიათ! ერთად ერთმანეთისთვის!
-ბრენდის მნიშვნელობა და საზოგადოებრივი სიკეთე ....
“Individually, we are one drop. Together, we are an ocean.”- „ინდივიდუალურად ერთი წვეთი ვართ. ერთად - ოკეანე“. ცალ-ცალკე ერთეული ტრენერები ვართ, ერთად - ტრენინგ ინდუსტრია.
ჩვენი მიზანია: გავამარტივოთ დამსაქმებლებისა და ტრენერების დაკავშირება ერთმანეთთან. გავაძლიეროთ სფერო ტრენერთა კომპეტენციების გაძლიერებით. ერთობა ქმნის უამრავ ახალ შესაძლებლობას, უდიდეს ენერგიას, სინერგიას, რომ საქმე ვაკეთოთ უკეთესად და დიდი მასშტაბებით. გვჯერა, განათლებას და არაფორმალურ განათლებას უდიდესი პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის.
-ისტორია, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ თქვენს ან ბრენდის შესახებ...
ისტორია, რომელიც საჯაროა, არის რომ ტრენერთა ასოციაცია 1 წლის არის და ჩაატარა ტრენერთა პირველი ფორუმი საქართველოში; ჰყავს 50-მდე პარტნიორი სატრენინგო და საკონსულტაციო სფეროებიდან; ორგანიზატორია 5-ზე მეტი მასშტაბური ღონისძიების, რეკლამის გარეშე 10 500+ Facebook გამომწერი ჰყავს, შექმნა სოც.ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტრენინგ ჯგუფი 6000-მდე წევრით; ასოციაციაში გაწევრიანებულია 50 წევრი და ასოცირებული წევრი; ორგანიზაციას ჰყავს 50 პირდაპირი ბენეფიციარი და 5000-ზე მეტი არა პირდაპირი ბენეფიციარი; გააჩნია 150-ზე მეტი ტრენერის საჯარო ბაზა; აქვს 400-ზე მეტ ტრენერთან კავშირი, გააჩნია 100-მდე ტრენინგ ცენტრის საჯარო ბაზა; დააფუძნა პირველი კურსი „სერტიფიცირებული პროფესიონალი ტრენინგ მენეჯმენტში“ (CPTM) და შექმნა გადაცემა „Go Live“.
ისტორია, რომელიც არ მითქვამს საჯაროდ: მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი საოცარი გუნდის დამსახურებაა! ისტორიას ქმნიან ადამიანები. ჩვენ ყველაფერი დავიწყეთ სრულიად 0-იდან, საქმის და ერთმანეთისადმი უდიდესი პატივისცემით, სიყვარულით. მინდა იცოდეთ, რომ ეს თქვენი ნდობის დამსახურებაა და ჩვენ უკან დგას ასევე თქვენდამი ნდობა.
10 წელი ველოდი, როდის შექმნიდა ტრენერთა ასოციაციას სხვა და მივხვდი, რომ ჩემნაირი გუნდი არ ვიცი თუ ჰყავს სხვას. თუ გყავთ ასეთი გუნდი იცოდეთ, რომ მათთან ერთად შეუძლებელიც -შეძლებადი გახდება.
ჩემთვის ტრენერთა ასოციაცია- არ არის მხოლოდ საქმე, ეს ჩემი ჰობია, ეს ისაა, რაზეც სიხარულით ვპასუხობ მუდამ. კვირა დილასაც, რომ დამირეკოთ ფრაზით: „ბოდიში, რომ გაწუხებთ-კითხვა მაქვს“- გიპასუხებთ „არ გვაწუხებთ არასდროს, გულითადად გისმენთ“. ასე მხოლოდ ასოციაციის „პრეზიდენტი“ კი არ არის, გუნდში ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ნახევრად უყვარს ეს ორგანიზაცია. ტრენერთა ასოციაციაციის გარე გვერდზე ორგანიზაციის „პრეზიდენტის“ საკონტაქტოა, იმიტომ რომ აქ ყველა ორგანიზაციის „პრეზიდენტია“.
ყოველ დღე სავსეა სიახლეებით, ახალი აღმოჩენებით და მინდა იცოდეთ, რომ სანამ გვექნება თქვენი ნდობა, უფლება არ გვაქვს გავჩერდეთ. ისტორია არ დასრულდება, თქვენთან ერთად მუდამ გაგრძელდება.
ტრენერების წარმატება ჩვენი წარმატებაა, ერთად ვქმნით ინდუსტრიას. საძიებოში ჩაწერეთ „ტრენინგ ინდუსტრია“. რასთანაც დააკავშირებს, ეს ტრენერთა ასოციაციაა. ეს არის ერთობის ძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია, მინდა იცოდეთ, რომ ერთად ვერაფერი დაგვამარცხებს.
- და ბოლოს რა არის თქვენი და ბრენდის მთავარი სათქმელი!
ტრენერთა ასოციაცია აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, იმიტომ რომ გვჯერა ტრენინგ ინდუსტრიის და ამ სფეროზე შეყვარებული ადამიანების, ვისაც უპირობოდ უყვართ თავისი საქმე და მზად არიან სხვებსაც გაუნაწილონ, გაუზიარონ საკუთარი ცოდნა, რესურსები.
დღეს ჩვენი გულითადი სათქმელია: #მადლობა #ნდობისთვის! ერთად დიდი ძალა ვართ!
რესპოდენტი: თამარ კანაშვილი, ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტი