,,გახადო რაიმე რეკლამისა თუ პიარის გარეშე პოპულარული, იგივეა, რომ თივაში ნემსის პოვნის იმედი გქონდეს“ - ბექა ადამაშვილი

უკვე რამდენიმე თვეა სარეკლამო სააგენტო ,,ლივინგსტონის“ კრეატივდირექტორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მისი ასაკი სამ ათეულ წელსაც არ ითვლის, ყველაფერთან ერთად, უკვე აქვს მწერლის, ბლოგერის, ჟურნალისტის, ლექტორისა და იუმორისტის სტატუსიც.

იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ გაციფრულებულ სამყაროში პიარი სოციალურ მედიაზე გახდა დამოკიდებული, ბექა კი კავკასიის უნივერსიტეტში სალექციო კურსს - ,,ახალი მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა“ ატარებს, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს მისი ხედვები და რჩევები:

პიარი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა, ამასთან ერთად, მუდმივად იცვლება ტენდენციები. როგორი უნდა იყოს დღეს ეს მიმართულებები, რომ წარმატებულ შედეგზე ,,გავიდეთ“?

არ არსებობს კონკრეტული ფორმულა, რომელიც ტენდენციების ცვალებადობისას ყოველ მათგანს თანაბრად მოერგება. ტენდენცია ერთგვარი საძირკველია, რომელზეც ყველა თავისებურად ცდილობს სხვებზე უკეთესი კონსტრუქცია ააშენოს. ზოგს გამოსდის, ზოგიც - სხვების აშენებულის ჩრდილში რჩება. ცვლილებების პერიოდში წარმატებაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ ტენდენციების გამოყენებით რაიმე ისეთი ახალი, განსხვავებული და გამორჩეული შევქმნათ, რაც მის შექმნამდე არსად იგუგლებოდა.

როგორია სოციალური ქსელების როლი პიარის/მარკეტინგის სფეროში და რა კონკრეტულ რჩევებს მისცემდით დაინტერესებულ პირებს?

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელები დღევანდელი პიარისა თუ მარკეტინგის საყრდენი კედელია განსხვავებული „თაიმლაინებით“. მათი მეშვეობით, ზღაპრებში არსებული ფრაზა „ინატრე და მაშინვე აქ გაჩნდება“ უკვე რეალობაშია გადმოსული, რადგან ხშირად ერთი სასურველი სიტყვის დაწერაც საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმე წუთში ამ პროდუქტისა თუ მომსახურების ხუთი ალტერნატივა გაჩნდეს ჩვენს თაიმლაინებზე. რაც შეეხება კონკრეტულ რჩევებს, აქ არსებობს ორი ჯადოსნური სიტყვა: “How to…”, რომელიც ,,Youtube-თან“ სინთეზში აბსოლუტურად ყველანაირ რჩევას იძლევა, რაც დაინტერესებულ პირებს შეიძლება დასჭირდეთ.

დღეს მომხმარებლის აღქმა, დამოკიდებულებები ძალიან იცვლება. ხშირად, საკმაოდ უარყოფით რეაქციას იწვევს ე.წ. აგრესიული მარკეტინგი. როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია მომხმარებელს ისე, რომ იგი არათუ გაღიზიანდეს, არამედ დაინტერესდეს კიდეც ჩვენი პროდუქტით/სერვისით?

ეს თავად კომპანიებზეა დამოკიდებული. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს, როცა მის შესახებ საუბრობენ და დიდად არ ადარდებდეს, თუკი ეს საუბარი, ძირითადად, კრიტიკაა იმის გამო, რომ ,,youtube-ში“ მათი კომპანიის გამოჩენამ ხალხს თავი მოაბეზრა. ზოგადად კი, მომხმარებელი ნაკლებად გაღიზიანდება, თუკი კომპანიები საქმით აჩვენებენ იმას, რასაც რეკლამებში გვპირდებიან - იქნება ეს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე რეალური ზრუნვა, მათთვის კომფორტის რეალურად შექმნა თუ მათ შიმშილზე რეალურად წუხილი.

თქვენი გადმოსახედიდან, როგორი უნდა იყოს კარგი პიარსპეციალისტი?

კარგი პიარსპეციალისტი, გარდა იმ თვისებებისა, რომელიც ზოგადად უნდა ჰქონდეს ნებისმიერი საქმის კარგ სპეციალისტს, გამორჩეულია იმითაც, რომ არ არის მიჯაჭვული კონკრეტულ წესებსა თუ სახელმძღვანელოებს. ეს ის სფეროა, სადაც ის, რაც კარგ ტონად და ეფექტურ გადაწყვეტად მიიჩნეოდა თუნდაც ერთი წლის წინ, დღეს შეიძლება ძველმოდური და მოსაწყენი აღმოჩნდეს. მაგალითად, დღეს რომ ვინმემ რაიმე პროდუქტის შესახებ მოლოდინის შექმნა ბილბორდებზე დღეების უკუთვლით დაიწყოს ან დასვას შეკითხვა - „რა არის X პროდუქტი“, ამას მაინცდამაინც წარმატებულ სვლად ვეღარ ჩავუთვლით, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე შესაძლოა ეს ძალიან ეფექტური მიდგომა აღმოჩნდა.

როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს პიარსა და მარკეტინგს?

თუ რამეს აქვს გარანტირებული მომავალი სწრაფად ცვალებად სამყაროში, ალბათ, ერთ-ერთი სწორედ პიარი და მარკეტინგია. მიზეზი მარტივია. ყოველდღიურად იზრდება პროდუქტების, მომსახურებებისა და, ზოგადად, დროის გაყვანის სხვადასხვა საშუალებათა რიცხვი. თითოეული მათგანი ცდილობს, რომ ჩვენგან თავისი წილი თანხა ან დრო წაიღოს. ამ ყველაფრის მიღწევა კი ადამიანის დროითი თუ მატერიალური რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე, კარგი პიარისა და მარკეტინგის გარეშე შეუძლებელია. გახადო რაიმე რეკლამისა თუ პიარის გარეშე პოპულარული, იგივეა, რომ თივაში ნემსის პოვნის იმედი გქონდეს, მაგრამ იმავე ნემსის პოვნა გაცილებით ადვილი ხდება, თუკი ის ყვირილის სწავლას შეძლებს.

თეგები