კლიენტზე ორიენტირებული პიარი და საქართველოსთვის დაგროვებული ცოდნა - ნინა პერტენავა

ფაქტობრივად, იმდენწლიანი გამოცდილება აქვს პიარის მიმართულებით, რამდენ წელსაც ეს პროფესია ითვლის საქართველოში. ნინა პერტენავას, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს კარგად იცნობენ. იგი საქართველოსა და მსოფლიოში მსხვილ და მნიშვნელოვან კომპანიებს უწევს კონსულტაციას.

ამერიკულ გამოცდილებაზე, არსებულ ტენდენციებსა და მომავლის პიარზე ის თავად გვესაუბრება:

უპირველესად, პიარის მიმართულებით თქვენი გამოცდილების შესახებ რომ გვიამბოთ.

პირველად ამ სფეროში რომ დავიწყე მუშაობა, ჯერ 90-იანი წლების მიწურული იყო და ეს პროფესია საქართველოში ფეხის მოკიდებას იწყებდა. მე მაშინ მქონდა დიპლომი, თუმცა ვგრძნობდი, რომ ეს არ იყო საკმარისი. ძალიან კარგი გვერდში დგომა მქონდა კომპანიისგან, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ და მესწავლა სხვადასხვა ქვეყანაში საუკეთესო პიარსპეციალისტებთან - ამას ისინი მიფინანსებდნენ. გავიარე ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგი ევროპასა და ამერიკაში, 2006 წელს ატლანტაში წავედი - ,,Jackson Spalding-ში“ - უმსხვილეს მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოში დავიწყე მუშაობა,  რომელსაც ჰყავს ისეთი კლიენტები, როგორიც არის ,,Coca-Cola ”, “Delta Airlines” და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერული და პროფესიულ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იყო ამერიკა და იქ დარჩენის შემოთავაზებაც მქონდა, რატომღაც, გადავწყვიტე საქართველოში ჩამოსვლა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ რა ცოდნაც მაქვს, მინდა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. აქ მეგობრებთან ერთად სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო ,,პერიტუს გრუპი“ დავაფუძნეთ.

რამდენად განსხვავდება ,,კეთდება“ პიარი საზღვარგარეთ და საქართველოში?

ზოგადად, საქართველოსა და განვითარებული მსოფლიოში კომუნიკაციების სფერო საკმაოდ განსხვავებულია. საქართველოში პიარსპეციალისტს მეტი შრომა უწევს, მაგალითად, იმისთვის, რომ დაამტკიცოს - კომპანიისთვის კარგი რომ უნდა. ეს უფრო იმის ბრალია, რომ სფერო შედარებით ახალია, თავის დროზე ბევრი პროფესიონალი არ იყო ამ კუთხით და ხშირ შემთხვევაში, არ ამართლებდა ეს ნაბიჯები. რომ წარმოვიდგინოთ - ცუდ ექიმთან რომ მიხვალ და არასწორად გიმკურნალებს, შემდეგ კი - შიში გიჩნდება სხვა ექიმისადმი და უკვე ყველაფერს ამოწმებ - რაღაც ამის მსგავს სიტუაციასთან გვაქვს ადგილი.

რაც შეეხება დღეს არსებულ უახლეს ტენდენციებს პიარის მიმართულებით...

ახლა ყველაზე საინტერესო არის ის, რასაც ვაპირებთ და ვნერგავთ კომპანიაში, - ინფლუენსერმარკეტინგს, რომელსაც რესურსის დიდი წილი თავისი მიმართულებით მიაქვს, ეს არის ბრენდების სოციალურ ქსელებში ეფექტურად ინტეგრირება, ასევე - ისეთი კომუნიკაცია, რომლებშიც ორმხრივი და ავთენტურია, ეს არის სთორითელინგის ფორმაში ჭკვიანი ადამიანის მიერ დანახული პროდუქტი, რომელიც ისეა მიწოდებულია საინტერესო და შემოქმედებითი კუთხით.

სარეკლამო კომუნიკაცია ხდება შენიღბული, იგი უკვე პიარის მიმართულებით გადადის. მე არასდროს არ მომწონდა ის მანიპულირება, აზრის თავზე მოხვევა და გაყიდვების ის აგრესიული მეთოდები - რაც ადრე იყო.

ზოგადად, საზოგადოება როგორ აღიქვამს დღეს პიარს? - იცვლება აღქმა, დამოკიდებულებები?

ხალხი უფრო რეზისტენტული ხდება რეკლამის, პიარისა და მარკეტინგის მიმართ.  ადამიანის ტვინს ინფორმაციის დიდი რაოდენობა მიეწოდება და ადამიანიც ,,სიბრმავეს“ იჩენს ამ ინფორმაციის მიმართ და არ იმჩნევს. ამიტომ, თუკი გსურს, რომ ადამიანის ემოციებში დაიმკვიდრო ადგილი, საკმაოდ დიდი შრომის გაწევა გიწევს. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს ლამაზად უნდა დაანახვო ყველაფერი, რათა ბოლო ნაბიჯი თავად გადმოდგას - არჩევანი მან თავად უნდა გააკეთოს. თუ შენ უწყვეტ, რა უნდა გააკეთოს, ეს აგრესიას იწვევს - შედეგად კი, კლიენტს კარგავ.

როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს კარგი პიარსპეციალისტი?

აშშ-ში რომ წავედი, იქ ჩემი კარიერული სვლა სწრაფად ყალიბდებოდა, ეს იყო ემპათიურობისა და მაღალი ემოციური ინტელექტის დამსახურებით. პიარსპეციალისტს ძალიან ადგება ფსიქოლოგიის, სხეულის ენის, ზოგადად, იმის ცოდნა - სხვა ადამიანებს რა მოეწონებათ, რა უნდათ.

როდესაც პიარსპეციალისტი საკუთარ თავს კლიენტის ადგილზე აყენებს,  მას უკვე ძალიან კარგად ესმის, თუ რა სურს მას. კლიენტზე ორიენტირებული პიარი არის მომავალი. შენ თუ კარგ პროდუქტს ყიდი და ის კლიენტს არ სჭირდება, შენ მას ვერ გაყიდი. კლიენტი ყოველთვის უნდა იყოს ის მთავარი პერსონა, რომელსაც უნდა მოარგო ყველა პროდუქტი.

როგორია თქვენი პროგნოზი - რა მომავალი აქვს პიარს?

ამაზე ხშირად ვფიქრობ, ყოველწლიურად ვაკვირდები კვლევებს, თუ მომავალში რა პროფესიები დარჩება და რა არ იქნება.

პიარი ხომ აკავშირებს მომხმარებლებს, პროდუქტებს, კომპანიებს ერთმანეთთან. შესაბამისად, კავშირი რომ შედგეს, ყოველთვის იქნება საჭირო მედიატორი, რომელიც მიიტანს ერთის სათქმელს მეორემდე და პირიქით. სანამ იარსებებს პროდუქტის მწარმოებელი და კაცობრიობა, მედიატორი მათ სულ დასჭირდებათ. ანუ ამ პროფესიას არ აქვს იმის საშიშროება, რომ აღარ იქნება აქტუალური. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები იცვლება და პიარსპეციალისტმა ბევრი ახალი რამ უნდა ისწავლოს, იმისთვის, რომ დაეწიოს და ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყოს. თუმცა, სამაგიეროდ, არის ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც პირიქით, გეხმარება - მაგალითად, ინფორმაციის ანალიზი, კვლევებს პრაქტიკულად უკვე ინტერნეტით აკეთებ - Google Analytics-ით, მაგალითად.

ეს კვლევები იმდენად მზა ფორმით მოდის და იმდენად კარგად გაძლევენ ადამიანების შესწავლის საშუალებას, რომ ეს დიდი კომფორტია.

რა რჩევებს მისცემდით კომპანიებს - რატომ არის საჭირო პიარი?

ვურჩევდი, დიდი დრო დაუთმონ  რეპუტაციის მართვას. იმიტომ რომ ყოველი დაკარგული დღე ძვირად დაუჯდებათ - უტრირებული ნათქვამი გამოდს, თუმცა ნამდვილად ასეა. ის, რასაც  თავისი ბრენდის კონსტრუირებაში, იმიჯის ფორმირებაში, რეპუტაციის მშენებლობაში დახარჯავენ და სწორად მიუდგებიან მას,  კომპანიის არამატერიალური აქტივი გახდება. აუცილებელია, იცოდნენ კომპანიებმა, რომ უბრალოდ აქტივების მქონე კომპანიაზე  გაცილებით ძვირი ის კომპანია ღირს. რომელიც ხალხს უყვარს.

 

 

თეგები