კახა მაღრაძე სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ

პოპულარობის ზრდასთან ერთად, პიარის ცნება ყოველდღიურად იცვლება - როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, პიარმენეჯერს ახლა ბევრად მეტი უნარი სჭირდება იმისათვის, რომ მისი საქმიანობა კვლავ საჭირო, პროდუქტიული, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყოს. კახა მაღრაძე ამ სფეროში წლებია მუშაობს, როგორია პიარსპეციალისტის აწმყო და მომავალი, ამაზე თავად გვიამბობს:

კახა, პიარის მიმართულება დროთა განმავლობაში ვითარდება. როგორია ზოგადი ტენდენციები?

უნდა აღინიშნოს, რომ პიარს გლობალურად საკმაოდ უსუსტდება პოზიციები სხვა მომიჯნავე დარგებთან შედარებით. სტრატეგიული მართვის მიმართულებით, მაგალითად, ბიზნესებში, უფრო გაძლიერდა მარკეტინგული კომუნიკაციების სხვა ინსტრუმენტები და მათ გამოყენებაზე მეტი აქცენტია გაკეთებული. გარდა ამისა, ციფრული კომუნიკაცია, რომელიც აქამდე პიარის მართვის საგანი იყო, დღეს ცალკე ძლიერი მიმართულებაა - დიჯითალი დამოუკიდებლად ვითარდება.
დღეს ორი ფუნქციის შემსრულებელია პიარი ქართულ რეალობაში - მედიაგაშუქებასა და საკომუნიკაციო კრიზისების მართვას უზრუნველყოფს. ციფრული მედიას და სოციალური ქსელების მართვას უკვე სხვა უნარები სჭირდება. ტექსტებთან მუშაობა, ძირითადი გზავნილების გამოყოფა - ეს მნიშვნელოვანი უნარებია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ციფრულ კომუნიკაციაში, ამასთან ერთად, ბევრად მნიშვნელოვანია ტექნიკური უნარები ან იმ ტენდენციის აყოლა, რაც, ზოგადად, ციფრულ მედიას ახასიათებს.

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ - მომავლის შრომის ბაზარი სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოითხოვს ადამიანურ რესურსებს - როგორ ფიქრობთ, რა ელის ,,პიარს“?

მსოფლიოშიც და ჩვენთანაც, შემოდის სტრატეგიული კომუნიკაციების ცნება, რომელიც თვისებრივად იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობაა და, გარკვეულწილად გულისხმობს კომუნიკაციის სტრატეგიულად, ერთიანი ხედვით მართვას, რის სათავეშიც საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ადამიანები არიან. მარკეტინგული, ციფრული კომუნიკაცია და სხვა საკომუნიკაციო ინსტრუმენტებიც ამ სტრატეგიული კომუნიკაციების ქოლგის ქვეშ იყრის თავს. სტრატეგიული კომუნიკაციები ჩვენთანაც შემოდის და მისი ,,იმპორტიორები“ ძირითადად საჯარო უწყებები არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სტრატეგიულ მართვაში არ ვართ ჩართულები, პიარმენეჯერზე მოთხოვნა არსებობს, იმიტომ რომ ასეა მიჩნეული - ყველას სჭირდება პიარი. სამწუხაროდ, ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ვმუშაობთ, დასაქმებულები ვართ, ხელფასი გვაქვს, მაგრამ ბიუჯეტები არ გვაქვს. ანუ პიარმენეჯერის მიმართ მოთხოვნა ცოტა არაადეკვატურია - ვითხოვთ შედეგს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისგან, ოღონდ შესაბამის რესურსებს არ ვაძლევთ. მიჩნეულია, რომ მედიაში გაშუქება და სოციალური ქსელების მართვა ისედაც უფასოდ შეიძლება.
რაც შეეხება უშუალოდ ,,მომავალს” - ჩეტბოტები შემოდის, ციფრული კომუნიკაცია უფრო და უფრო იხვეწება და მარტივი დიალოგის წარმართვა შესაძლებელი ხდება მომხმარებელთან. ჩემი აზრით, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ტენდენცია გაიზრდება. გარდა ამისა, თვითონ სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაც გაიზრდება, რადგან რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები და იხსნება საკომუნიკაციო სივრცე, ყველა იძულებული ხდება, უფრო აქტიური იყოს კომუნიკაციაში.

რა არის ის ძირითადი ტექნიკა, რომელიც უფრო შედეგიანს ხდის პიარპროცესებს?

მუდმივად უნდა აანალიზო, უნდა დააკვირდე და შეაფასო. განუწყვეტლივ უნდა პოულობდე რაღაცებს, მიგნებები გქონდეს. ჯობია, ყველაფერს სტრატეგიულად მიუდგე, გრძელვადიან შედეგზე გათვალო, იმიტომ რომ პიარი გრძელვადიანი სტრატეგიული მართვის ელემენტია.

არსებობს თუ არა რაიმე ტიპის ,,შაბლონი“, თუ როგორი უნდა იყოს კარგი პიარსპეციალისტი?

როგორც ნებისმიერი სხვა სპეციალისტი, უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, საკუთარ საქმეში ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ორიენტირებული იყოს თვითგანვითარებასა და ახლის პოვნაზე.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე - რა სამ რჩევას მისცემდით პარსპეციალისტებს ან ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს?

ჯერ კარგად დაფიქრდნენ და გაარკვიონ, რა არის პიარი. ყველას ჰგონია, რომ ეს არის მარტივი საქმე, რომელიც დიდ ცოდნასა და ძალისხმევას არ საჭიროებს. კარგად უნდა დაფიქრდნენ, აწყობთ თუ არა ბევრი რუტინული სამუშაო.. არჩევანის ამ პროფესიაზე გაკეთების შემთხვევაში, სულ უნდა დააკვირდნენ საინფორმაციო სივრცეს, ყველა მიმდინარე პროცესი გარკვეული კუთხით მაინც გააანალიზონ და შრომა არ დაეზაროთ. მარტივ გამოსავალს ნუ ეძებენ, ყველაფერს უნდა შესაბამისი ენერგია და რესურსები.

თეგები