,,პიარი უნდა იყოს იქ, სადაც საზოგადოებაა“ - თორნიკე გურული პიარის თანამედროვე გამოწვევებზე

პიარის მიმართულება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. შესაბამისად, იზრდება პიარსპეციალისტებზე მოთხოვნაც. თორნიკე გურული პიარსპეციალისტების იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც ამ დარგის საქართველოში განვითარებაში თავისი წვლილი მიუძღვის. როგორია ტენდენციები, როგორი იქმნება შედეგიანი პიარპროცესი, რა სჭირდება კარგ პიარსპეციალისტს - ამ ყველაფერზე თორნიკე თავად გვესაუბრა. 

თორნიკე, რა მთავარი ტენდენციები და აქტუალური თემები არის დღეს პიარის მიმართულებით და რამდენად უწყობს ფეხს საქართველო ამ ყველაფერს?

დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა დიჯიტალიზირებული სამყაროა. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ადამიანების მხრიდან მედიის მოხმარება მკვეთრად შეიცვალა. განვითარდა ახალი ტიპის მედიასაშუალებები, რამაც პიარიც შეცვალა. იმიჯის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მომხმარებლის რევიუები. პიარის შედეგები უფრო დათვლადი გახდა. მნიშვნელოვანი გახდა ინფლუენსერების აზრი.
ფეისბუკიზაციისა და ინსტაგრამიზაციის ეპოქაში, პიარს დიდი გამოწვევები აქვს. კითხვის ქვეშ დადგა პიარისა და მარკეტინგის საზღვრების საკითხიც. ტრადიციული მეთოდები უკვე ნაკლებად მუშაობს. ისე, როგორც არასოდეს, დღეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. პიარის თანამედროვე ტენდენციებს საქართველოშიც უწყობენ ფეხს.


რა ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს იყენებთ კომუნიკაციისთვის და რა ფაქტორები ახდენს პიარპროცესებზე გავლენას ?

ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი PR სტრატეგიაა. ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს არხები. ბოლო დროს დიდ დროს ვუთმობ იმიჯის შექმნაში ინფლუენსერების როლს. ეს ჯგუფი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება. ამ მიმართულებით პროექტები წარმატებული ხდება. 

პიარში აქტუალური გახდა ანტიკრიზისული კომუნიკაციაც. ადრე თუ კრიზისის წყარო ძირითადად მედია იყო, ახლა ეს შეიძლება ნებისმიერი მომხმარებელი გახდეს. მომხმარებელთა აზრი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასევე, აქტუალურია ფეისბუკჯგუფების თემაც. ისინი დიდ გავლენას ახდენენ პიარის პროცესებზე.

როგორი უნდა იყოს პიარსპეციალისტი - რა არის ის ძირითადი უნარები, რაც მას წარმატებულად მუშაობისათვის სჭირდება?

დღეს პიარის სპეციალისტი უფრო მეტი მიმართულებით უნდა განვითარდეს, ვიდრე 20 წლის წინ. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურობა და ახალი მედიების კარგად ცოდნა. თუ 20 წლის წინ ფოტოს დამუშავება თუ ვიდეოკონტენტის მომზადება პიარის სპეციალისტის ხელობა არ იყო და ამისთვის სხვა ტიპის კადრებს იყენებდნენ, დღეს ეს მკვეთრად შეიცვალა. ტრადიციული უნარების გარდა, მნიშვნელოვანი გახდა მულტიმედიური უნარებიც. 

თქვენი აზრით, როგორია ,,მომავლის პიარი“ ?

მომავალში პიარი დიჯიტალიზირებულია, ბევრს მუშაობს საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე ინტერნეტში. მომავლის პიარი არ კმაყოფილდება სხვის მიერ შექმნილი მედიით, არამედ თვითონ ქმნის მედიებს. მომავალში პიარი ბევრს მუშაობს ინფლუენსერებთან. პიარის თანამშრომელი თვითონ იღებს და ამუშავებს ფოტოებს, ქმნის ვიდეოკონტენტს და მულტიმედიური უნარებით გამოირჩევა.

რა სამ რჩევას მისცემდით პიარსპეციალისტებს ?

ფეისბუკიზირებულ და ინსტაგრამიზირებულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანია მულტიმედიური უნარების განვითარება. პიარი უნდა იყოს იქ, სადაც საზოგადოებაა. დღეს საზოგადოება ინტერნეტშია და სპეციალურ კონტენტს ითხოვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება.
პიარის ბევრი თანამშრომელი დიდ თანხას ხარჯავს გრანდიოზულ, ძვირადღირებულ პროგრამებზე. ზოგჯერ არც კი აკვირდებიან, რა კონკრეტული შედეგი ექნება ამ ქმედებას. ბევრს მიაჩნია, რომ PR აქტივობის შემდეგ, არამატერიალური კრეატიული შედეგები მიიღება, რომლის გაზომვაც, პროდუქტიულობისა და შემოსავლების თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ზუსტად განსაზღვრონ კონკრეტული შედეგები და ამის შემდეგ გააკეთონ სტრატეგიული დაგეგმარება.
მესამე რჩევა იქნება, მუდმივად ატარონ კვლევები, რათა ზუსტად იცოდნენ საზოგადოებრივი აზრი და ზუსტად იცნობდნენ მომხმარებელს. არსებობს ექსპერტული შეხედულებებიც, თუმცა კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია მეტი სიზუსტისთვის. წარმატებული პიარის სპეციალისტები კარგად იცნობენ თავისი მომხმარებლის საჭიროებებს. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ყოველთვის იყო და რჩება კომუნიკაციის მთავარ მიზნად.

მოამზადა ნატალია ჯალაღანიამ 

თეგები