"ჯარის წინაშე სწორად წარმოთქმულ სიტყვას ბრძოლის მოგება შეეძლო" - საჯარო გამოსვლის ხელოვნება

ეფექტური საჯარო გამოსვლა და კარგი პრეზენტაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან კონკრეტული საკითხის თუ სიახლის წარდგენა, წარმოუდგენელია იმ უნარების გარეშე წარმატებით განახორციელოთ, რასაც საჯარო გამოსვლის ხელოვნება მოითხოვს.

საიდან იღებს სათავეს საჯარო გამოსვლა, რა დანიშნულება აქვს მას და როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინა პერტენავა გვესაუბრა. 

-  ნინა, საიდან იღებს სათავეს საჯარო გამოსვლის ხელოვნება?

- სიტყვა რიტორიკა ძველბერძნულიდან მოდის და ნიშნავს საჯარო გამოსვლების ხელოვნებას. ძველი ათენი ცნობილი იყო თავისი ორატორებით, მათ შორის ორი სახელი: პერიკლე (ძვ.წ. 494-429) და დემოსთენე (ძვ.წ. 384-322) არის გამორჩეული. პერილეს ჰქონდა საოცარი ნიჭი საჯარო გამოსვლების, მას მიიჩნევენ ორატორული გამოსვლების ფუძემდებლად. ხოლო დემოსტენეს ბავშვობიდან მეტყველების პრობლემა ჰქონდა და მან უზარმაზარი შრომის ფასად შეძლო საუკეთესო ორატორის სახელი მოეხვეჭა. ამ ნიჭის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ არისტოტელემ დაწერა ნაშრომი “რიტორიკა”, ხოლო სოკრატე საუბრის მანერითა და ჟესტების ენით ზუსტად ახასიათებდა უცნონებს, თუ რომელი პროფესიის იყვნენ ისინი და რა განათლება ჰქონდათ მიღებული. არც რომის იმპერია ჩამოუვარდებოდა ძველ საბერძნეთს.  ჯარის წინაშე სწორად წარმოთქმულ სიტყვას ბრძოლის მოგება შეეძლო. სიტყვით გამოსვლის ძალას კი განსაკუთრებული ყურადღება მეოცე საუკუნის დასაწყისში მიექცა, როდესაც დაიწერა ბერნეისის წიგნი “პროპაგანდა”, გამოიგონეს რადიო და მოგვიანებით ტელევიზორი.

- საუკუნეების განმავლობაში საჯარო გამოსვლის ტექნიკები იცვლება, რა განაპირობებს ამას და კონკრეტულად რა ცვლილებებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

- სამწუხაროდ ჩვენი სამყარო გამარტივებისკენ მიდის და პეტრარკას და შექსპირის ენა, სულ ნაკლებ ადამიანს ესმის. მეოცე საუკენეში შეიქმნა გამარტივებული ენა Basic English, რომელიც სულ 850 ინგლისურ სიტყვას შეიცავს და მის შექმნას საფუძვლად ედო რუზველტისა და ჩერჩილის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გაემარტივებინათ ინგლისური ენა, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილს მასზე ემეტყველა. ამ ენამ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი ტელე და ინტერნეტ სივრცეში. ყველას აქვს საშუალება ჩაწეროს საკუთარი მიმართვა, ხოლო რაც მეტია ინფორმაცია, მით უფრო რთულია მისდიო კლასიკურ ნორმებს. ხარისხი იკარგება, იშლება ჩარჩოები, და ეს ხდება ძალიან სწრაფად. ამიტომ ცვლილებები გარდაუვალია. ყველა დრო თავის ნორმებს კარნახობს.

- გლობალური მასშტაბით რომელი საჯარო მოხელის თუ უბრალოდ საზოგადო მოღვაწის საჯარო გამოსვლას მოუხდენია თქვენზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ?

- მე ყველას ვურჩევდი მოისმინონ მარტინ ლუთერკინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლა "მე მაქვს ოცნება" («I have a dream»), წარმოთქმული ვაშინგტონში 1963 წელს  300 ათასი ამერიკელის წინაშე. ამ გამოსვლით ნამდვილად იყო ინსპირირებული არანაკლებ ქარიზმატული ორატორი ბარაკ ობამა. აღსანიშნავია ასევე უინსტონ ჩერჩილის ორატორული ნიჭი.

- როგორია წარმატებული საჯარო გამოსვლა და რა უნარებია საჭირო სპიკერობისთვის?

- კლასიკური გაგებით სპიკერი უნდა ფლობდეს რამდენიმე აუცილებელ თვისებას: ეს არის ქარიზმატულობა, კარგი ხმის ტემბრი, სასიამოვნო საუბრის მანერა, ანალიტიკური აზროვნება, ემოციების მოთოკვის უნარი, თავდაჯერებულობა. თუმცა, არაერთი წარმატებული ორატორი ხალხის გულს ემოციური გამოსვლებით იგებდა, აქ მინდა კარგი ორატორის მთავარი თვისება დავასახელო - ემფატიის უნარი, როდესაც მას შეუძლია ზუსტად იგრძნოს ხალხის განწყობა.

- რა შეცდომებს უშვებენ ქართველი სპიკერები ყველაზე ხშირად?

- ვინაიდან კონკრეტულ მაგალითებს არ განვიხილავთ,  პროცენტულად მეტ შემთხვევაზე გავამახვილებ ყურადღებას. არის ძალიან სწორი გამოთქმა: “როდესაც ადამიანს არგუმენტები აკლია, ის გადადის აგრესიაზე”. ვფიქრობ,  ქართულ რეალობას ზუსტად ეს გამოთქმა ახასიათებს. ხშირია საჯარო გამოსვლებში (მეცნიერულ კონფერენციას არ ვგულისხმობ) გადაბრალების ან კრიტიკის ნოტები, რაც უკვე აგრესიის მატარებელია და აუცილებლად ტალღურ რეაქციას იწვევს. ლოგიკურ და თანმიმდევრულ ტაქტიკას, როგორც წესი ემოციას უპირისპირებენ.

- რამდენად ითვალისწინებენ საქართველოში საჯარო გამოსვლის ტექნიკებს?

- ალბათ ყველას მოსწონს კარგი მოსაუბრე, მაგრამ ყველა არ მუშაობს საკუთარ თავზე. როგორც კარგი ორატორი, მინდა მაგალითად მოვიყვანო გიორგი თარგამაძე, ის ძალიან კარგი ჟურნალისტი იყო და იდეალურად ფლობს ხმისა და ტემბრის, სუნთქვის, ინტონაციის, პაუზების, მიმიკისა და ჟესტიკულაციის სწორად გამოყენების ტექნიკას. ამას ემატება გასაგებ ენაზე გამოთქმული ლოგიკურად დაწყობილი აზრი. დიდი შრომის გარეშე მრავალი კომპონენტისგან შემდგარი ეს რთული პროცესი ვერ იქნება პროდუქტიული.

- ბევრ ადამიანს აწუხებს საჯაროდ გამოსვლის შიში, რითი არის ეს განპირობებული და რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა მის დასაძლევად?

- საჯარო გამოსვლების შიში, როგორც წესი თითქმის ყველა ადამიანს გააჩნია, სახელოვანი მსახიობებიც კი პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სცენაზე გასვლის წინ ღელავენ და მათ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. პირველი და მთავარი რჩევა არის - არ ებრძოლოთ შიშს, ეს უფრო გააღრმავებს სტრესულ სიტუაციას, უბრალოდ არსებობს სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები(YouTube-ზე), რაც ხმის და სხეულის ვიბრაციას (კანკალს) აწყნარებს. მეორე რჩევაა, სანამ დიდი და მნიშვნელოვანი აუდიტორიის წინაშე გამოხვალთ, თქვენთვის ნაცნობი და კეთილგანწყობილი ჯგუფის წინაშე გაიაროთ რეპეტიცია, გამოცდილება ამ საქმეში ძალიან შველის. მესამე რჩევაა, რაც შეიძლება ხშირად გამართოთ საინტერესო დისკუსიები, იქნება ეს კინოფილმების მოყვარულთა კლუბი თუ ინტელექტუალური კლუბი: რა? სად? როდის? ასევე შეგიძლიათ საჯარო ლექციების წაკითხვა. მერწმუნეთ, მე სწორედ ამ რჩევებით შევძელი მომეხსნა საჯარო გამოსვლების შიში და დღეს ნებისმიერი აუდიტორიის წინაშე მოუმზადებელი ტექსტიტაც კი შემიძლია გამოსვლა, არადა ნამდვილი ინტროვერტი ვარ.

 

 

თეგები