პერსონალური მონაცემები „ანიდან ჰოემდე“

რომელი პერსონალური მონაცემი გახსენდებათ, სახელის, გვარისა და პირადი ნომრის გარდა? დიდ უმრავლესობას ალბათ დამატებით სულ რამდენიმეს ჩამოთვლა შეგვიძლია და მათი დაცვისა და გასაჯაროების საფრთხეების შესახებ არც არაფერი გვსმენია.

პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ამ მიმართულებით Facebook  კამპანია  წამოიწყო და პერსონალურ მონაცემებს „ანიდან ჰოემდე“ ანბანში მოუყარა თავი. კამპანია საზოგადოებას სახალისო და მარტივი ფორმით აცნობს პერსონალური მონაცემებს და  მათ მნიშვნელობას.

კამპანიის იდეასა და მიმდინარეობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ქეთევან ბოჯგუას ვესაუბრეთ.

ქეთევან, რა არის კამპანიის მთავარი იდეა?

- პერსონალური მონაცემების ანბანი ვებ პორტალია, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს და შესაძლო საფრთხეებს. მისი მიზანია, მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი გზით აუხსნას პერსონალური მონაცემების არსი და დაეხმაროს მათ უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერებაში.  „რა არის პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი - ეს, ალბათ, პირველია რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ. მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია. ჩვენ კი გვინდა, რომ ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე, ალფადან ომეგამდე, A-დან Z-მდე ფლობდეთ“ - ეს არის პირველი გზავნილი, რასაც პორტალით დაინტერესებული ადამიანი საიტზე შესვლისას დაინახავს.

რა არის კამპანიის მიზანი და დანიშნულება?

- კამპანიის მთავარი მიზანია, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე და კიდევ უფრო კარგად ავუხსნათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მონაცემების დაცვა თითოეული მათგანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს თემა საკმაოდ ახალია, მაგალითად, ადამიანებს შესაძლოა ესმოდეთ ზოგადად პერსონალური მონაცემების დაცვის, როგორც ღირებულების მნიშვნელობა, მაგრამ არ იცოდნენ ის, რომ მათი ინტერნეტის ისტორიაც კი (history) პერსონალური მონაცემია და ხშირად გამოიყენება მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების შესასწავლად, რეკლამის სამიზნე აუდიტორიაზე მოსარგებად, სტატისტიკური ანალიზისთვის. პერსონალური მონაცემებია: არა მხოლოდ სახელი გვარი ან პირადი ნომერი, არამედ ელექტრონული ფოსტის მისამართი, დიაგნოზი, სესხის შესახებ ინფორმაცია, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას თითოეულ ჩვენგანს. ამიტომ ავირჩიეთ ხელმისაწვდომი, ინტერაქტიური და მარტივად გასაგები ხერხი. ჩვენს ანბანში თავმოყრილია არა მხოლოდ მონაცემების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, არამედ ახსნილია რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ამა თუ იმ მონაცემის არასწორად დამუშავება, უკანონო გამოყენება, მოცემულია რეკომენდაციებიც. მაქსიმალურად ვეცადეთ, ყოფილიყო მარტივი და გასაგები, ფორმის მხრივ - ხელმისაწვდომი, თანამედროვე და ინტერაქტიური. ჩვენ ვცდილობთ ვესაუბროთ ადამიანებს მათთვის საინტერესო ენაზე და მივიტანოთ ინფორმაცია იქ, სადაც ისინი არიან.

კამპანია აქტიურად მიმდინარეობს სოციალურ ქსელში, დამატებით თუ იგეგმება სხვა სახის  აქტივობები კამპანიის ფარგლებში?

- ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანბანის ფეისბუქ-კამპანია, რომელიც რამდენიმე ყველაზე აქტუალურ მონაცემზე პოსტერის შექმნას და გავრცელებას გულისხმობს. ფეისბუქი ერთგვარი ხიდია ვებ-პორტალსა და აუდიტორიას შორის და ფეისბუქ-მომხმარებლები უკვე ჩვენი ანბანის მომხმარებლები ხდებიან.  ფეისბუქ-კამპანიის კონცეფცია, ანბანის ვიზუალური მხარე, ილუსტრაციები, ვებპორტალი, შემუშავდა კომპანია „ლივინგსტონთან“ ერთად, ჩვენი პარტნიორების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

სამომავლოდ, ვგეგმავთ სხვა ღონისძიებებსაც. მათ შორის, პორტალს აქვს პოტენციალი გახდეს განახლებადი, რადგან პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი 33-ზე გაცილებით მეტია.

რა გამოხმაურებაა ამ ეტაპისთვის საზოგადოების მხრიდან?

- კამპანია ჯერ მხოლოდ 1 კვირაა დაიწყო და ანბანი ფეისბუქზე უკვე 200 000-მდე ადამიანმა ნახა, ვიღებთ საკმაოდ პოზიტიურ გამოხმაურებას, როგორც სოციალურ ქსელში, ასევე სხვა წყაროებითაც. თქვენი ვებგვერდის ინტერესიც, იმის მანიშნებელია, რომ პერსონალური მონაცემებით მოქალაქეების დაინტერესება და ამ საკითხზე დისკუსიისთვის ბიძგის მიცემა შევძელით. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი

 

 

თეგები