„უგზო-უკვლოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და ცხვირს ვყოფდი ყველგან, სადაც შემეძლო" - სოფი ჭიჭინაძე 18 წლიანი გამოცდილებით!
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ხართ და ამ სფეროში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობთ? პროფესიონალ მენეჯმენტთან ურთიერთსარგებლიანი ურთიორთობა გსურთ? საერთაშორისო ორგანიზაციები თქვენი ოცნების სამუშაო ადგილია?
ჩვენს რესპოდენტს ყველა პუნქტში გაუმართლა, იღბლიანი ადამიანი ვარო, თავადვე აღნიშნავს და ინტერვიუს კითხვისას, ამაში თქვენც დარწმუნდებით.
საზოგადოებათან ურთიერთობის სფეროში 18 წლიან გამოცდილება,
ძირითადი სამუშაო ადგილი საერთაშორისო ორგანიზაციები..
არა-ერთი წარმატებული პროექტი და კამპანია.
გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი - სოფი ჭიჭინაძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
- სოფი, დასაწყისისთვის თქვენი სამუშაო გამოცდილება მიმოვიხილოთ?
- უგზო-უკვლოდ ცნობისმოყვარე ვიყავი და ცხვირს ვყოფდი ყველგან, სადაც შემეძლო. ბევრ სფეროში ვცადე საკუთარი თავი და ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი. ვისწავლე ფსიქოლოგია თბილისის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკა ინგლისში. ვიმუშავე: სოციოლოგიაში, სარეკლამო ბიზნესში, ჟურნალისტიკაში. ცდის და შეცდომის მეთოდით ბევრი რამ ვისწავლე და უდიდესი გამოცდილება მივიღე.
- როგორ და როდის დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს?
- 3 წელი ვიყავი ჟურნალისტიკაში, ვმუშაობდი იბერვიზიასა და მწავნე ტალღაში, ვაკეთებდი თოქშოუებს და დილის გადაცემებს. რესპონდენტებს უყვარდა ჩემთან მოსვლა, რადგან ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება კარგად წარმომეჩინა. ბოლოს მივხვდი, რომ ამ საქმეს ჟურნალისტის თვალით არ ვუყურებდი და დრო იყო მიკროფნის მეორე მხარეს გადამენაცვლა. მას შემდეგ კომუნიკაციის სფეროში ვმუშაობ. ჩემი ძირითადი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებს უკავშირდება. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ყოველთვის ძალიან კარგ გუნდთან მიწევდა მუშაობა, თან ისეთ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობაც თანხვედრაში იყო ჩემს ღირებულებებთან. ამის გარეშე წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობა ნამდვილად რთულია.
- როგორია თქვენი სამუშაო პრინციპები, რა მეთოდებს, ინსრტუმენტებს, პლათფორმებს იყენებთ თქვენი საქმიანობის შესასრულებლად?
- ჩვენთან კომუნიკაცია და ურთიერთობა იწყება ორგანიზაციის შიგნით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მიმართულება იდეალურად გვაქვს აწყობილი. მუშაობის დროს ვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტსა და პლატფორმას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მუშაობს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ და საერთაშორისო მედიასთან, ვიყენებთ ვებს და სოციალური მედიას. შეიძლება ითქვას, რომ ათვისებული გვაქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყველა არხი და აქტიურად მივყვებით ახალ ტრენდებსაც.
- საინტერესოა საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარების თქვენეული შეფასება. ალბათ, ერთ-ერთი პირველი იყავით 18 წლის წინ, ვინც ამ სფეროში დაიწყო მუშაობა.
- საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარება სპონტანური და ქაოტურია, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან კარგია. ეს სფერო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადია. მასში პრაქტიკულად არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ დაკანონებული ფორმულები, რომელიც ყველა დროს ერგება. სამყარო იცვლება უფრო სწრაფად, ვიდრე საზოგადოებასთან ურთიერთობის თეორია. ამიტომ, ქაოტური განვითარება ხშირად მეტი წარმატებით ერგება ცვალებად გარემოს, 18 წლის მანძილზე ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა. დღეს კომპანიებმა და ორგანიზაციებმა გაცილებით უკეთ იციან, რატომ და რისთვის სჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა საშუალებები უნდა გამოიყენონ და რა შედეგს უნდა ელოდონ. მართალია, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები საქართველოში არც ისე ბევრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტები არ გვყავს.
- თუმცა, დღესაც საუბრობენ სფეროს განვითარების ნაკლოვანებებზე, ორგანიზაციებში ამ სფეროს მიმართ არასათანადო დამოკიდებულებზე...
- მეც მსმენია ასეთი შეფასებები. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები უჩივინ მენეჯერებს, რომ მათი არ ესმით, უჩივიან მედიას, რომ არასწორად აშუქებს, უჩივიან საზოგადოებას, რომ ვერ იგებს სათქმელს. უცნაურია, როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი უჩივის ყველას, ვისთანაც პროფესიული ურთიერთობა უწევს. იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს. ჩვენი საქმის წარმატება იწყება სწორი ურთიერთობის აწყობით საკუთარ კომპანიასთან ან ორგანიზაციასთან. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება პირდაპირ უკავშირდება მაღალი დონის მენეჯერთა რგოლს. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ერთმანეთის და ეს ურთიერობა უნდა იყოს ურთიერთსარგებლიანი. ეს უკუკავშირი თუ კარგადაა აწყობილი, ყველაფერი დანარჩენი გაცილებით მარტივი ხდება.
-თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს საზოგადოებასთნ ურთიერთობის კარგი სპეციალისტი და რა მახასიათებლით უნდა გამოირჩეოდეს?
- საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიონალი თავად უნდა იყოს საინტერესო ადამიანი. ამიტომ ზოგადი განათლება და მრავალფეროვანი გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია. უნდა იყო ცნობისმოყვარე და კეთილგანწყობილი სამყაროს მიმართ. გქონდეს ნაპერწკალი და შინაგანი დრაივი, რომელიც ყველაფერს გაგაკეთებინებს. ამის გარეშე ჩვენი პროფესია აზრს კარგავს. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ თუ ყველაფერი კარგადაა, ყველა ტაშს გიკრავს და გამოწვევა არ გაქვს, მაშინ ან არასწორ ადგილას ხარ ან არასწორად აფასებ მოვლენებს. შენი საქმიანობის შედეგად რაღაც უნდა იცვლებოდეს, ისეთი რამ უნდა „ირთვებოდეს“, რაც ადრე არ ყოფილა, ადამიანებმა ახლებურად უნდა შეხედონ იმას, რაზედაც აწვდი ინფორმაციას. ყველაზე დიდ პროფესიული კომპლიმენტი ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა: „რაც სოფო მოვიდა, მას შემდეგ მივხვდი, ჩვენ რას ვაკეთებთო“.
ავტორი: ანი ციცქიშვილი