„ეს თუ არ გამომივა, ის თუ არ გამომივა, მაშინ პიარ მენეჯერად ვიმუშავებ“ - ბახვა ბრეგვაძე ქართულ პიარზე
ბავშვობაში კამერებს გაურბოდა. ძალიანაც რომ მოინდომოთ, მას მეგობრების ქორწილების ვერცერთ ფოტოში აღმოაჩენთ. მაგრამ პროფესიამ კამერებთან მუშაობა ასწავლა და დღეს ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის მსახიობია. მომავალში ფილმებში სახასიათო როლების შესრულებასაც გეგმავს.
ხშირად ნახავთ სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა, ხმაურიან ივენთებზე მხოლოდ ახლობლების თხოვნით დადის. სხვა შემთხვევაში მეგობრებთან სახლში ვიზიტი და საინტერესო საუბრები ურჩევნია.
პროფესია, რომელმაც ბახვა ბრეგვაძეს კამერებთან მუშაობა დააწყებინა, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობაა. ამ სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მანძილზე ითანამშროლა კომპანიებთან: „უშბა“, „ M ჯგუფი” და ბოლო 7 წლის განმავლობაში „სარაჯიშვილის“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ.
ახლა რედაქცია #3 დამფუძნებელია და დროებით პიარის სფეროს შორიდან აფასებს.
ბახვასთან საქართველოს პიარის სუსტი და ძლიერი მხარეები განვიხილეთ და ქართული რეალობის საინტერესო მაგალითებიც გავიხსენეთ.
_ ბახვა, რას თვლი ყველაზე მნიშვნელოვნად პიარის სფეროში?
_ პიარის 2000-მდე განმარტება არსებობს, რომელიც ყველამ იცის, ამიტომ ამის განხივლას არ დავიწყებ. რამდენიმე საკითხზე ვისაუბრებ. ჩვენს პროფესიაში ტყუილი არ არის გამართლებული, მეტიც, კატეგორიულად მიუღებელია. რაც არ უნდა უსიამოვნო სათქმელი გქონდეს, კარგად უნდა შეფუთო, მაგრამ სიმართლე უნდა თქვა.
პიარ პროფესიონალს ადამიანები და მათთან ურთიერთობა უნდა უყვარდეს. ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანისგან შეგიძლია ისწავლო რამე ახალი და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ყველაზე ბევრი და მნიშვნელოვანი ადამიანებისგან ვისწავლე. ამიტომ, პიარ პროფესიონალს უნდა შეეძლოს ადამიანთან სიღრმისეული ურთიერთობის აწყობა, რომ ბევრი საინტერესო გაიგოს მისგან.
და კიდევ ერთი, ჩვენს პროფესიაში მთავარი სიმარტივეა. რაც უფრო მარტივი მესიჯი გვაქვს და მარტივად ვესაუბრებით აუდიტორიას, უფრო მარტივად ვაღწევთ ჩვენს მიზანს.
_ ხშირად გიწევს ამ სფეროში მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობა. შენი გამოცდილება, რომ გაგვიზიარო, რა ტიპის პროფესიონალები გვხვდებიან საქართველოში?
_ როგორც წესი დიპლომატი ვარ, მაგრამ ახლა კრიტიკული ვიქნები, რადგან ძალინ მიყვარს ეს სფერო და ვგულშემატკივრობ მის განვითარებას. არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ „ეს თუ არ გამომივა, ის თუ არ გამომივა, მაშინ პიარ მენეჯერად ვიმუშავებ“ ან „კი არაფერი მაქვს ნასწავლი, მაგრამ პიარ მენეჯერად ვიმუშავებდი“. მეგონა, ეს სტერეოტიპები იყო, მაგრამ რედაქციაში მუშაობის დროს დავრწმუნდი, რომ რეალობაა. ამ ფრაზის ავტორები, მართლა წავიდნენ პიარში სამუშაოდ და დღეს გვყავს კადრები, რომლებსაც საბაზისო ცოდნაც კი არ აქვთ ამ სფეროში.
გვყავს მეორე კატეგორია - უფუნქციო პიარ მენეჯერები, რომლებიც ინფორმაციის გამცხრილავის და შუამავლის როლს ასრულებენ. რა თქმა უნდა, გვყავს კარგი პროფესიონალებიც, თუმცა ხშირად ხდება, რომ კომპანიის ხელმძღვანელს არ ესმის რა როლი და მნიშვნელობა აქვს პიარს კომპანიისთვის და ამ დროს პიარ სპეციალისტს არაფრის გაკეთება არ შეუძლია.
გვყავს პიარ სპეციალისტები, რომლებმაც საქმე იციან, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. „სარაჯიშვილში“ მუშაობის დროს მქონდა შემთხვევა, როდესაც ვგეგმავდით დიდ ღონისძიებას და 1 კვირით ადრე შეიკრიბა გუნდი და დაიწყო მსჯელობა გვჭირდებოდა თუ არა ამ აქტივობის ჩატარება. უმრავლესობა წინააღმდეგი აღმოჩნდა და დავრჩი მარტო მე, ვინც ამტკიცებდა, რომ ღონისძიება საჭირო იყო. დამეკისრა უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ უნდა ჩამეტარებინა და დამემტკიცებინა, რომ ღონისძიება საჭირო და შედეგიანი იქნებოდა. საბედნიეროდ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც დაგეგმილი იყო და შედეგიც საუკეთესო მივიღეთ. ამიტომ, ხანდახან საჭიროა რისკზე წასვლა და საკუთარი პოზიციების დაცვა.
_ ხუმრობით თუ სერიოზულად ბევრს საუბრობენ ქართველ პიარ მენეჯრებზე. შენ თუ გსმენია რამე?
_ ამ სფეროში მუშაობის დროს ხშირად მესმოდა საყვედურები და ძალიან მწყინდა. ახლა ვხდები, რომ საფუძვლიანი ბრალდებები იყო. მაგალითად, ყველა ამბობს, რომ პიარ მენეჯერები არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს და ეს კარგ ტონად ითვლება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. პირიქით, ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყო და მარტვად უნდა მოდიოდნენ შენამდე, რომ ხელიდან არ გაუშვა საინტერესო შემოთავაზება თუ იდეა. თუ იმ წუთას არ გცალია ან შეხვედრაზე ხარ, მოგვიანებით აუცილებლად გადარეკე შემოსულ ზარებზე. 2 ბოთლი კონიაკით გამიკეთებია ის, რაშიც სხვას ათასები გადაუხდია. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადვილად მპოულობენ და ადვილად მიკავშირდებიან, შესაბამისად ხელიდან არ ვუშვებ კარგ შემოთავაზებებს.
კიდევ არსებობენ „ჯიგარი პიარ მენეჯერები“ - ეს ის ხალხია, რომლებიც არასწორად ურთიერთობენ აუდიტორიასთან და თანახმანი არიან ყველგან ჩასვან რეკლამა, მიუხედავად იმისა, ერგება თუ არა კონკრეტული გაზეთი თუ ჟურნალი მათ აუდიტორიას.
_ ბახვა, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ შეაფასებ ქართულ პიარს ?
_ საქართველოში ცოტა განსხვავებული რეალობა გვაქვს და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ეს წიგნებშია გაწერილი ან როგორც განვითარებულ ქვეყანაში მუშაობს პიარის სფერო. ამიტომ ნიჭი უნდა გქონდეს, რომ არსებულ სიტუაციას მოერგო. ამას კი გამოცდილება სჭირდება, რომელიც თავისთავად გასწავლის როგორ ადაპტირდე. ახალგაზრდებს ვურჩევ, თუ კარგ პროფესიონალებად ჩამოყალიბება სურთ, რაც შეიძლება ადრე დაიწყონ გამოცდილების მიღება ამ სფეროში.
ზოგადი შეფასებით, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მარტივია პიარის კეთება. თუ მოიფიქრებ საინტერესო თემას, ჩართავ იმ დროისთვის აქტუალურ ადამიანებს და ამას კარგად შეფუთავ, კარგი პიარი გარანტირებული გაქვს.
ავტორი: ანი ციცქიშვილი