ტოვებს თუ არა ბაზარს ლუდი 34?

გახსოვთ 34 ლარად შეძენილი ლუდი, მომხმარებლის ძეგლები თბილისის ქუჩებში და „ბრინჯაოს ლომის„ მოპოვება?

1 წლის წინ საქართველოს  ბაზარზე  დიდი ხმაურით შემოსული ლუდი 34 დღეს მარკეტებში მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი.

რამ გამოიწვია ცვლილებები და ტოვებს თუ არა ბაზარს ლუდი 34, ამის გასარკვევად კომპანია ნატახტარის პიარ მენეჯერს ნინო სურმავას ვესაუბრეთ.

ნინო, სამომხმარებლო ბაზარზე ლუდი 34-ის ნაკლებობა შეინიშნება, წყვეტს თუ არა ლუდი რეალიზებას?

_ ლუდი არ გადის ბაზარიდან, უბრალოდ იმ რაოდენობით აღარ არის წარმოდგენილი, როგორც დასაწყისში. ამ ეტაპზე მხოლოდ 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლებში რეალიზდება, რადგან ლუდს სპეციფიური შემადგენლობა აქვს და შუშის ჭურჭელია აუცილებელი.

დასაწყისშივე იყო თუ არა დაგეგმილი ეს ცვლილება?

_ დაგეგმილი ნამდვილად არ იყო. თუმცა, ეს ცოცხალი პროცესია და ბაზრის განვითარებსთან და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად იცვლება მიდგომები და გეგმები.

_ ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ბრენდის წარსადგენად პიარ და მარკეტინგული კამპანიებისთვის დიდი ოდენობის თანხა დაიხარჯა. დღევანდელი პოზიციიდან როგორ აფასებთ, ღირდა თუ არა ამ რისკზე წასვლა და ამ ხარჯის გაწევა?

_ კამპანია მოიცავდა მარკეტინგულ, ინტერნეტ და პიარ კამპანიის მიდგომების ერთობლიობას და ჩვენი მთავარი ამოცანა ცნობადობის გაზრდა იყო.  მიზანი, რომ პროდუქტი გაგვეცნო საზოგადოებისთვის, გამოგვეწვია ინტერესი და ხალხს ამაზე ესაუბრა,  ნამდვილად შესრულებულია. ცნობადობის მაღალი მაჩვენებელი გქვონდა და გაყიდვები იყო შესანიშნავი. ჩვენ არ დაგვიგეგმავს 5 წლიანი კამპანია, რომელიც პასუხისმგებელი შეიძლება ყოფილიყო გრძელვადიან შედეგებზე.

 

კამპანია, რომელიც ქართული გამოცდილების მანძილზე პირველად „კანის ლომის" პრიზიორი გახდა, იმედია ბოლომდე გაამართლებს იმედებს და ლუდის 34-ის ბაზარზე ყოფნა მომხმარებლისთვისაც და კომპანიისთვისაც ორმხრივად სარგებლიანი იქნება. 

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი