ის ხართ, რაც ხართ თუ გსურთ იმიჯის შეცვლა?
„ეს ვარ, რაც ვარ“...
თუ ამ მიდგომებით არ ხელმძღვანელობთ და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ აუდიტორიას საუკეთესოდ უნდა წარუდგინოთ თავი, მაშინ ეს სტატია დაგეხმარებათ.
რა როლს თამაშობს სწორი იმიჯი წარმატების მიღწევაში, როგორ შევირჩიოთ სასურველი იმიჯი და რისთვის არის მნიშვნელოვანი იმიჯის მართვა? თემის ირგვლივ ყველა მშივნელოვან დეტალზე საქართველოში ერთ-ერთ პირველ იმიჯმეიკერს ნინა პერტენავას ვესაუბრეთ.
_ ნინა, რომ განგვიმარტოთ რას ნიშნავს იმიჯი და იმიჯმეიკინგი?
_ იმიჯი არის ადამიანის მიმართ ემოციური დამოკიდებულება. იმიჯმეიკინგი კი - სასურველი ემოციური დამოკიდებულების შექმნა. ადამიანს ახასიათებს პირველადი აღქმის ერთობლიობა. ეს არის ყველაზე ეკონომიური საშუალება ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების. დროის და ინფორმაციის დეფიციტის ვითარებაში ჩვენ სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამიტომ ზედმეტი ანალიზის გარეშე, ემოციურად და ერთობლივად აღვიქვამთ იმ ინსტრუმენტებს, რითაც ადამიანი ჩვენთან ურთიერთობს: გამოხედვა, მიმიკა, ღიმილი, ჟესტები, სხეულის მოძრაობა (არავერბალური ქცევის ატრიბუტები), ინტონაცია, საუბრის ტემპი, შინაარსი (ვერბალური ქცევის ატრიბუტები), სამოსი და აქსესუარები. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ რთული და ღრმა პორტრეტის ნაცვლად, მის იმიჯს აღვიქვამთ.
_ ვის სჭირდება იმიჯის შექმნა და რისთვის არის საჭირო ?
_ საკუთარ იმიჯზე ზრუნვა სჭირდება ყველა პროფესიის წარმომადგენელს და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, ვისაც წარმტების მიღწევა სურს. რატომ გვჭირდება? პასუხი მარტივია - სასურველი შთაბეჭდილების მოსახდენად. უპირველეს ყოვლისა, ადამიანები აფასებენ გარეგნობას, ქალური თუ მამაკაცური თვისებების გამოხატულებას, ქცევის სიმკვეთრეს, თავდაჯერებულობის ხარისხს, ორატორულ ნიჭს და მხოლოდ ამ ყვალაფრის შემდეგ აფასებენ საუბრის ან გამოსვლის შინაარსს. ამას ხშირად არ ითვალისწინებენ ის ადამიანები, რომლებიც ფოკუსირდებიან მხოლოდ ტექსტის შინაარსზე, ცოდნასა და ლოგიკურ აზროვნებაზე.
_ როგორ მივხვდეთ როგორი იმიჯი იქნება ჩვენთვის შესაფერისი და როგორ შევქმნათ და ვმართოთ სასურველი იმიჯი?
_მეთოდი არის ერთი - იმიჯის დიაგნოსტირება. არის სამი სახის იმიჯი: ობიექტური, სუბიექტური და სასურველი. რაც უფრო ახლოს არის პირველი ორი მესამესთან, მით უფრო კარგად გრძნობს საკუთარ თავს პიროვნება. როდესაც იმიჯის შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ვსვამთ კითხვას: „რა მიზანს გვინდა მივაღწიოთ?" შემდეგ ვარკვევთ სად ვართ და როგორ უნდა მივიდეთ სასურველ შედეგამდე. თუ პიროვნებას უნდა იყოს გავლენიანი ბიზნესმენი, მას შესაბამისი საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი, საკუთარი თავის პრეზენტირება, გარკვეული ეტიკეტის ნორმების ცოდნა დასჭირდება. თუ ბუნებით მორიდებულ ადამიანს დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლის და მისი დარწმუნების უნარის შეძენა სურს, აქ ცოტა სხვა მიმართულებით არის სამუშაო. თუ ქალბატონს ან მამაკაცს საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია ურთულდება, განსხვავებული მიდგომას ვიყენებთ. ადამიანს გარკვეული იმიჯი სპონტანურად მაინც უყალიბდება, მაგრამ ეს არის ქაოტური და როგორც წესი, არასასურველი. როგორც ბევრი აგურის ერთობლიობა თავისით კედლად ვერ აშენდება, ასევე ქაოტური იმიჯი ვერ იქნება იდეალური. პროფესიონალის, იმიჯმეიკერის ჩარევა პროცესს სწორ მიმართულებას აძლევს და სასურველი შედეგის მიღწევის გარანტიაა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სურვილი და მონდომება. როგორც ფიზიკური ვარჯიშის გარეშე ვერ მიიღებ ჯანსაღ სხეულს, ასევე ვერ მიიღებ სასურველ იმიჯს საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე.
_ მიმართავენ თუ არა იმიჯიმეიკერებს საქართველოში?
_ საქართველოში ეს სფერო ჯერ ადგილს იმკვიდრებს. ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა გაიზრდება. ჯერ არ იცის ხალხმა რისთვის არის საჭირო ამ დარგის სპეციალისტის კონსულტაცია. პირველ რიგში, რთულია საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ ყველაფრის ნიჭი თანდაყოლილი ვერ გვექნება და დროის ეკონომიის მიზნით, გაცილებით მარტივია საკუთარ იმიჯზე ზრუნვა პროფესიონალს მივანდოთ. პიროვნებასთან მუშაობის შემდეგ, პირველ რიგში იცვლება მისი ხედვა და დამოკიდებულება, ეს აისახება გარეგნობასა და ქცევაზე და ამას მოაქვს შედეგი. და ეს ყოველთვის მუშაობს, გამონაკლისების გარეშე. ადამიანი იცვლება მხოლოდ შიგნიდან და ყველა ხედავს გარეგნულ ცვლილებას.
ავტორი: ანი ციცქიშვილი