„გახსოვდეთ, თქვენ საუკეთესო ხართ, თუ არ აგიყვანეს, ამით კომპანია დაკარგავს!"

გსურთ პიარ მენეჯერობა?

გაქვთ კარგი გარეგნობა, კარგად მეტყველებთ და კარგად წერთ?

ფლობთ რამდენიმე უცხო ენას და  კარგად მართავთ ემოციებს?

მაშინ, მოირგეთ ნახევრად კლასიკური ტანსაცმელი, შეარჩიეთ ფერი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ, მოიშორეთ ზემდეტი მაკიაჟი, აქსესუარები და სუნამო, შეიხსენით საყელოს ღილი, დაარწმუნეთ თქვენი თავი, რომ  საუკეთესო ხართ და  აი, თქვენც მზად ხართ გასაუბრებაზე წასასვლელად.

  • რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პიარ მენეჯერი?
  • რა არის  საქართველოში პიარ მენეჯერის საშუალო ანაზღაურება?
  • როგორი რეზიუმე შევადგინოთ პიარ მენეჯერის ვაკანსიისთვის?
  • როგორ  მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
  • რას მივაქციოთ ყურადღება  გასაუბრების დროს?

 გაინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხები?

საქართველოში ერთ-ერთი პირველი HR სპეციალისტი  ლილი ბიბილაშვილი თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო რჩევებზე საუბრობს:

საქართველოში პიარ მენეჯერის შერჩევა საკმაოდ რთული საქმეა.  ამის მთავარი მიზეზი პიარ პროფესიონალების ნაკლებობაა. ერთი მხრივ, ეს  საქართველოში არასათანადო სწავლების შედეგია და მეორე  მხრივ - ორგანიზაციების დამოკიდებულების, რომ თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა ნაკლებად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პიარ სპეციალისტების დიდი ნაწილი კვალიფიკაციას ვერ იმაღლებს. ამ დროს კი ეს სფერო  გასაოცარი სისწრაფით ვითარდება მთელს მსოფლიოში. აუცილებლად უნდა დავეწიოთ, მითუმეტეს, რომ ჩამორჩენილები ვართ.

ქალბატონო ლილი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი პიარ სპეციალისტი?

თავდაპირველად გეტყვით, რომ საქართველოში  მხოლოდ 10–15 პროცენტი აკმაყოფილებს სრულად პიარ მენეჯერის მოთხოვნებს.

თუ ვსაუბრობთ მაღალი დონის პიარ მენეჯრზე, მოთხოვნები შემდეგია:

  • ნაკითხი უნდა იყოს;
  • რამდენიმე ენას  უნდა ფლობდეს სრულყოფილად, რომ შეძლოს პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეეძლოს, მესიჯის სწორად გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია;
  • გამართულად უნდა მეტყველებდეს;
  • პრეზენტაბელური უნდა იყოს;
  • ჰარმონიაში უნდა იყოს მისი ჩაცმულობა, მაკიაჟი, სუნამო;
  • სხეულის ენას უნდა ფლობდეს, სანდო ჟესტიკულაცია და სასიამოვნო ხმის ტემბრი უნდა ქონდეს;
  • ამ სფეროში, ემოციური ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია,  ემოციების მართვა უნდა შეეძლოს;
  • რაც მთავარია, ნათელი უნდა ქონდეს თვალებში. პოზიტიურ ენერგეტიკას ატარებდეს  და სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს.

საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია..

გეთანხმებით, ამიტომაც აღვნიშნე, რომ მცირე რაოდენობა აკმაყოფილებს სრულად ამ მოთხოვნებს. მქონია შემთხვევა, როდესაც გასაუბრებაზე მოსული კანდიდატებიდან ერთი ძალიან კარგად მეტყველებდა და მეორე ძალიან კარგად წერდა. მათთმა სახელფასო ჯამმა მომცა საშუალება და ორივე ავიყვანეთ ამ პოზიციაზე. ასე დავაბალანსეთ  მდგომარეობა.

როგორია პიარ მენეჯერის საშუალო ჰონორარი საქართველოში?

საინტერესო რეალობა გვაქვს.  800 ლარიდან იწყება და იზრდება  კომპანიის განვითარების დონის, მათი ხედვისა და საჭიროების შესაბამისად. ხშირია 1500-2500 ლარის ფარგლებში.  

ზედა ზღვარი, რომ გაგვიმხილოთ. რამდენია საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პიარ მენეჯერის ხელფასი?

ჩემს გამოცდილებაში ყველაზე მაღალი ხელფასი  6000 დოლარია.  როგორც მიხვდით, ქართულ კომპანიაზე არ ვსაუბრობ. 

მომხიბვლელი რიცხვია.. უშუაოლოდ შერჩევის პროცესზე ვისაუბროთ. როგორი უნდა იყოს კარგი რეზიუმე?

რეზიუმეს ღირებულება იმაშია, რომ დახედავ და ერთი შეხედვით ბევრ ინფორმაციას იღებ. ოპტიმალურია 2 გვერდი. დიზაინი ძალიან ინდივიდუალურია, მთავრია გამოყოთ წლები და სამუშაო ადგილი. აუცილებლად 2 წინადადებით აღწერეთ რას აკეთებდით აღნიშნულ პოზოციაზე.

მიუთითეთ პირადი მონაცემები და თუ მოთხოვნილია, დაურთეთ ფოტო სურათიც. პიარ მენეჯერის ვაკანსიის შემთხვევაში, ფოტო შეიძლება იყოს სახასიათოც.

დაწერეთ მხოლოდ და მხოლოდ ის მონაცემები, რომელიც კონკრეტულ პიარ ვაკანსიას შეესაბამება.

დაგვიბარეს გასაუბრებაზე. როგორ მოვემზადოთ და როგორ მოვიქცეთ გასაუბრების დროს?

პირველ რიგში ყურადღება ექცევა ვიზუალურ მხარეს. არ არის აუცილებელი ოფოციალური სამოსით წასვლა, მაგრამ ნურც დახეული ჯინსებით მიხვალთ. ჩაიცვით ნახევარად კლასიკურად.

ქალბატონებმა მოიშორეთ ზედმეტი მაკიაჟი, აქსესუარები და ზედმეტი სუნამო. დაიცავით ზომიერება ყველაფერში.

გასაუბრებაზე არასდროს შეიკრათ საყელოს ღილი, ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული ხართ.

რაც შეეხება ფერებს: შავი ფერი  ადამიანის იდუმალებაზე მიანიშნებს, ფირუზის ფერი - მჭერმეტყველებაზე,  წითელი - ენერგიულობაზე,   მწვანე კი სიმშვიდის ნიშანია.

მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტული ფერი არ გიყვართ, არ ჩაიცვათ! გასაუბრებაზე ჩაიცვით ის, რაც  გინდათ რომ გეცვათ. ტანსაცმელი თქვენს შინაგან მდგომარეობასთან უნდა იყოს ჰარმონიაში.

გასაუბრების დროს კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი თავდაჯერებულობა.

ნუ მოიტყუებით!  შეიძლება გგონიათ, რომ ტყუილის დამალვის ხერხებს ფლობთ, მაგრამ თვალის გუგებს ვერაფერს უზამთ, გამოცდილ ინტერვიუერს ეს არ გამოეპარება. ეცადეთ ნერვიულობა მოიხსნათ, თავად ინტერვიუერმა უნდა ეცადოს, რომ რესპოდენტი გახსნას და სასიამოვნო გარემო შეუქმნას. პირველ 4 წუთში ხდება გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ ინტერვიუერი უბრალოდ ადასტურებს პირველად შეფასებას.

რას ურჩევდით დამწყებ პიარ მენეჯერებს, რომლებიც ახლა ცდილობენ დასაქმებას ?

ნუ გააგზავნით მონაცემებს, თუ კი გაურკვეველია კომპანიის პირობები. თავი შეიკავეთ თუ  თქვენი მონაცემები არ შეესაბამება მოთხოვნებს. ნუ მიაკითხავთ იმ ორგანიზაციას, რომლის კულტურა და სტრატეგია თქვენთვის მიუღებელია.  ნუ გააგზავნით რეზიუმეს ყველა ვაკანსიაზე. შეარჩიეთ ის ვაკანსია, რომელიც თქვენთვის რთული და მიღწევადია. სხვა შემთხვევაში მალევე მოგბეზრდებათ და აუცილებლად დაიწყებთ სხვა სამსახურის ძებნას.

და ბოლოს გირჩევთ ყველას, გასაუბრებზე მიდით იმ განწყობით, რომ თქვენ ხართ საუკეთესო, თუ არ აგიყვანეს, ამით კომპანია დაკარგავს და არა თქვენ!

ავტორი: ანი ციცქიშვილი

თეგები