ვასწვალიდით და ვსწავლობდით“ - ვანო ჭიაურელი
„პიარ სპეციალობის მისაღები გამოცდების შემდეგ გასაუბრებას ვატარებდით და ვარკვევით, რამდენად შეესაბამებოდა მომავალი სტუდენტების მოლოდინები ამ კონკრეტულ სპეციალობას. დამაჯერებელი ნაბიჯებით შემოვიდა ერთ-ერთი გოგონა, რომელიც დღეს ძალინ წარმატებული ქალბატონია. ვკითხე მომავალში რაში გამოიყენებდა ამ პროფესიას და მან კატეგორიულად განმიცხადა: კულტურის მინისტრი უნდა გამოვიდეო. "
20 წლის წინანდელ ამბავს პროფესორი ვანო ჭიაურელი იმის დასტურად იხსნებს, რომ სტუდენტებმა არც იცოდნენ რას ნიშნავდა ეს უცხო სიტყვა „პიარი“ .
დღეისთვის ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი პიარ სპეციალობის სწავლება პირველად, 20 წლის წინ, 1995 წელს, სწორედ ბატონო ვანოს ძალისხმევით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო.
უნივერსიტეტმა პირველ წელსვე 30 სტუდენტი მიიღო და დღეს ამ ადამიანების წარმატებით უნივესიტეტის კოლექტივი ამაყობს.
20 წლის შემდეგ,
მაშინდელ გამოწვევებზე, სწავლების განვითარებაზე საუბრობს და დღევანდელ რეალობას აფასებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჭიარული:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი გახსნილი იყო ინოვაციების მიმართ და იდეას, რომ ფაკულტეტზე პიარ სპეციალობა დაგვემატებინა, დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. საქართველოში პირველები ვიყავით, დიდი გამოწვევების წინაშეც დავდეგით, თუმცა ეს კარგად გვქონდა გაცნობიერებული. დავიწყეთ, მაგრამ არც მასალები გვქონდა და არც პროფესიონალები გყავდა. ვასწავლიდით და ვსწავლობდით. გაჭირვებით ვიძიებდით მასალებს, რაღაც წიგნები ჩამოვატანინეთ მეგობრებს, რაღაცეებს ვიწერდით, პირველ კურსზე შევაკოწიწეთ საგნები ჩვენივე კათედრის რესურსით. მოგვიანებით სანქტ-პეტერბურგიდან და გერმანიიდან ჩამოვიტანეთ სასწავლო პროგრამები. ასე ნელ-ნელა ვაშენდებდით და მოვიტანეთ დღემდე ეს სპეციალობა.
ბატონო ვანო, საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ არავინ იცოდა პიარის მნიშვნელობა. რატომ აბარებდნენ სტუდენტები ამ სპეციალობაზე?
ნამდვილად არ იცოდნენ სად მოდიოდნენ, მაგრამ რაღაც ახალი იყო მათთვის, განსხვავებული, უცხოურთან ასოცირდებოდა და ეს იყო მიზეზი მათი დაინტერესების. პირველ წელს მივიღეთ 30 ადამიანი და მას შემდეგ არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მათი რიცხვი. 2014 წელს 97 კურსდამთავრებული გვყავდა. ბაკალავრების პირველმა ნაკადმა 1999 წელს წელს დაამთავრა, ამავე კურსმა გააგრძელა მაგისტრის პროგრამა და 2001 წელს უკვე პირველი მაგისტრანტები გვყავდა. მათმა ნაწილმა დოქტორის ხარისხიც ჩვენთან მიიღო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ნამდვილად გამორჩეული სტუდენტები იყვნენ. დღეს მათი უმრავლესობა ძალიან წარმატებული ადამიანები არიან.
რა შეიცვალა 20 წლის განმავლობაში?
დღეს პიარ სპეციალობა, არაპრაგმატულ სპეციალობათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. 20 წლის წინ თუ მხოლოდ ჩვენ ვიყავით, დღეს სოკოებივით მომრავლდნენ ბრენდი უნივერსიტეტები, კურსები, კოლეჯები. ჩვენგან ბევრმა უნივერსიტეტმა რაღაცეები აიღო, რაღაცეები შეცვალა, რაღაცეები გააუმჯობესა. ბაზარი გაჯერდა და გადანაწილდა ეს ძალები. ამ სპეციალობით კი უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება.
და ამ კონკურენტულ გარემოში, როგორია იმ უნივერსიტეტში სწავლება, სადაც პირველად გაჩნდა ეს მიმართულება?
ყველანაირად ვცდილობთ ვიყოთ კონკურენტუნარიანები, მუდმივად ვაკეთებთ საგნების მოდიფიკაციას, შემოგვაქვს ახალი მასალები, ვხვეწავთ, ვაუმჯობესებთ, ეს მუდმივი პროცესია. ვცდილობთ ჩვენს სტუდენტებს გლობალური ხედვა ჩამოვუყალიბოთ და ვიწროდ არ იფიქრონ კონკრეულ დასაქმებასა თუ წარმატებაზე. საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან სიღრმისეული პროფესიაა. წელს, მნიშვნელოვანი წელი გვაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პიარ სპეციალობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ავტორი: ანი ციცქიშვილი