„ნეტარი“, „მეზღაპრე“, „გრენდაიზერი“, „ოპრიმუს პრაიმი“ - რუსუდან კბილაშვილი
სახელი, გვარი: რუსუდან კბილაშვილი.
პროფესია: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტი.
განათლება: ლონდონის PR სკოლის კურსდამთავრებული, ივ, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ბაკალავრი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
სამუშაო ადგილი: „ვისოლ ჯგუფი“.
თანამდებობა: „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის მენეჯერი, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე.
ცხოვრების მიღწევა: აქვს ზუსტად ისეთი თბილი ოჯახი, როგორიც წარმოედგინა და ყავს პატარა ვაჟკაცი ნიკოლოზი.
ჰობი: უყვარს ყველაფრის პოზიტიური მხრიდან შეხედვა და მიაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია. ამიტომაც ზედმეტ სახელებს შორის, რომელსაც მისი მისამართით იყენებენ ხშირად შეხვდებით: „ნეტარი“, „მეზღაპრე“, „გრენდაიზერი“, „ოპრიმუს პრაიმი“ და ასე შემდეგ.
უყვარს ცურვა. წყალი მისი სტიქიაა, 25 მეტრიანი საცურაო აუზი ერთი ამოსუნთქვით ბევრჯერ გაუცურავს, ეს მისი პირადი რეკორდია.
- „ვისოლში“ დასაქმებამდე 7 წლის მანძილზე არასამთავრობო სექტორისა და ორი ინგლისურენოვანი ყოველკვირეული გაზეთისთვის ვმუშაობდი. ჩემი ქვეყნის PR-ს ვეწეოდი. შესაბამისად, ჩემთვის PR, როგორც ძირითადი საქმიანობა, საინტერესო გახდა. ზუსტად იმ დროს, როცა სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე ამ მიმართულებით გამეგრძელებინა კარიერა, „ვისოლში“ PR სპეციალისტის ვაკანსია გამოცხადდა და ერთთვიანი შერჩევის პროცესის შემდეგ „ვისოლ ჯგუფის“ დიდი გუნდის წევრი გავხდი.
მეამაყება, რომ მუშაობა მაშინ დავიწყე, როდესაც „ვისოლი“ მხოლოდ ნავთობ პროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია იყო. დღეს „ვისოლი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ჯგუფია, რომელიც 9 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და სხვადასხვა სამომხმარებლო ბაზარზე ლიდერის პოზიციებს იკავებს. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია „ვისოლ ჯგუფში“ მუშაობა და მოხარული ვარ, რომ თითოეული ამ ბრენდის წარმოჩენის კუთხით ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი და ვარ მომსწრე იმ დინამიური განვითარებისა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“ აქვს ბოლო ამ წლების განმავლობაში.
- როგორია პიარის თქვენული განმარტება?
- ჩემთვის პიარი არის როგორც ფართო საზოგადოებასთან, ისე მის წევრ ნებისმიერი ასაკის, სქესის, რწმენის, გემოვნების, შეხედულების, ინტერესების და მისწრაფებების ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, რომელიც საბოლოო ჯამში ნდობის, ერთგულების, სიყვარულის ღირებულებებზე აგებულ გრძელვადიან ურთიერთობას აყალიბებს.
- რა არის ყველაზე რთული პიარ საქმიანობაში, ყველაზე დიდი გამოწვევა?
- ზემოთ აღვნიშნე თუ რა არის ჩემთვის პიარი, შესაბამისად, ამ პროცესის წარმატებით განხორციელება რთულია. როცა მხარდაჭერისთვის, სპონსორობისთვის, იდეის განხორციელებისთვის მოგვმართავენ და ჩვენ ობიექტური მიზეზების გამო უარის თქმა გვიწევს. თან ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ უარის ადრესატი შენი კომპანიის მიმართ პოზიტიურად განწყობილი დატოვო და წყენა, არშემდგარი თანამშრომლობის გამო, მოკლევადიანი და ნაკლებ მტკივნეული იყოს. თუ თანამშრომლობაზე უარის თქმა ისე არგუმენტირებული, გულწრფელი და დროული გამოგივიდა, რომ „მადლობაც“ კი გადაგიხადეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოწვევას წარმატებით გაართვი თავი.
- რუსუდან, აქვს თუ არა თქვენს კომპანიას გამორჩეული ხედვა, დამახასიათებელი სტილი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით?
- „ვისოლ ჯგუფის“ ყველა შვილობილ კომპანიას მძაფრ კონკურენტულ გარემოში უწევს ოპერირება, რაც ჩვენთვის სტიმულის მომცემია, რომ კიდევ მეტს მივაღწიოთ, შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია შესაბამის ბაზრებზე. ჩვენთვის ჯანსაღი კონკურენცია ჯანსაღი გარემოა განვითარებისთვის და საზოგადოებასთან ურთიერთობისას აქცენტს მხოლოდ ჩვენს სიახლეებზე, მიღწევებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხიმგებლობებზე და გამოწვევებზე ვაკეთებთ, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ურთიერთობის „ხარისხს, რომელსაც ენდობიან“.